საქართველოდან აპრილში უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე იქნა გაძევებული, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 მაისს. სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეთა ნაწილმა ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა ქვეყნიდან გაძევებული.
„გაძევებულ პირებს კანონის შესაბამისად ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ“, – ნათქვამია შსს-ს პრესრელიზში.
საქართველოდან გაძევებულ იქნა ჩინეთის, ბანგლადეშის, ინდოეთის, იორდანიის, რუსეთის, თურქეთის, ირანის, ისრაელის, ტაჯიკეთის, ნიგერიის, ნეპალის, პაკისტანის, თურქმენეთის, ეგვიპტის, კორეის, ფილიპინების, შრი-ლანკას, ლიბანის, საუდის არაბეთის, აზერბაიჯანის, სლოვაკეთის, ყაზახეთის მოქალაქეები.
იანვარში სამინისტრომ განაცხადა, რომ 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში ქვეყნიდან 91 უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნა გაძევებული. უწყების ინფორმაციით, გაძევებულთაგან 25 პირი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა. თუმცა, 6 მაისის განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული მონაწილეობდნენ თუ არა ახალი გაძევებულები აქციებში.
აპრილის ბოლოს „ქართული ოცნების“ მთავრობამ პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა, რომლის მიზანიც იმიგრაციის კონტროლის გამკაცრება და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისკენ მიმართული სხვა ზომების მიღებაა, ხოლო დაგეგმილი ცვლილებების მიზეზად არალეგალური მიგრაციისა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური აქტივობის ზრდა სახელდება. შემოთავაზებული ცვლილებებით იცვლება ქვეყნის მიდგომა უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევებასთან დაკავშირებით და ინერგება ბიომეტრიული მონაცემების შეგროვების ახალი ზომები და უფრო მკაცრი ჯარიმები ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის დანაშაულისთვის.
კანონში შესატანი ცვლილებებით, უცხოელის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში განისაზღვრება სასჯელის ახალი სახე − საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.
ისეთმა დანაშაულებმა, როგორიცაა წვრილმანი ხულიგნობა (მუხლი 166), სამართალდამცავი ორგანოების ბრძანებების დაუმორჩილებლობა (მუხლი 173), საზოგადოებრივ-პოლიტიკური პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან საზოგადოებრივი თავშეყრის ორგანიზებასთან ან მონაწილეობასთან დაკავშირებულმა დარღვევამ (მუხლი 174/1), შეიძლება გამოიწვიოს ეს ჯარიმები, მათ შორის შემოსვლის აკრძალვა სამ წლამდე ვადით. ეს მუხლები ყველაზე ხშირად გამოიყენება რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების დროს დაკავებულების წინააღმდეგ.
ახალი დებულებების თანახმად, მსუბუქ დანაშაულში დამნაშავე უცხოელებს შეიძლება აეკრძალოთ საქართველოში ხელახალი შემოსვლა ორიდან ათ წლამდე ვადით. მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, აკრძალვა შეიძლება ხუთიდან 20 წლამდე გაგრძელდეს.
ასევე წაიკითხეთ:
- 02/07/2024 – საქართველოდან ივნისში 26 უცხოელი გააძევეს
- 16/04/2021 – TDI: ინდოეთის მოქალაქეებისთვის შემოსვლის წესები „დისკრიმინაციულია“
This post is also available in: English