საქართველო ვარშავაში ევროკავშირის არაფორმალურ შეხვედრაზე არ მიიწვიეს

9 hours ago 1

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ, ე.წ. გიმნიხის შეხვედრაში, რომელიც ვარშავაში 7-8 მაისს გაიმართა, საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია. მაღალი დონის შეხვედრას, რომელსაც პოლონეთი მასპინძლობდა, „ევროპის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის წინაშე არსებული გამოწვევები“ უნდა განეხილა და ევროპის დღე აღენიშნა, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მონაწილეობით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ 2023 წელს კანდიდატის სტატუსი მიიღო, მოწვევა მონაწილეობაზე ქვეყანას არ მიუღია.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარტა კოსმა X-ზე დაწერა, რომ „ევროპის დღის ჩვენს კანდიდატ ქვეყნებთან ერთად აღნიშვნაზე უკეთესი გზა არ არსებობს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ევროპის გაერთიანებაზე. საქმე ეხება მშვიდობას, უსაფრთხოებას, თავისუფლებასა და კეთილდღეობას“.

ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა საქართველოს მიუწვევლობა ქვეყნის ბოლოდროინდელ პოლიტიკურ ტრაექტორიას დაუკავშირეს და მიზეზად დემოკრატიული უკუსვლა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულების შესუსტება დაასახელეს.

ელჩები: საქართველო უკან მიდის

საქართველოს არყოფნის შესახებ კითხვების საპასუხოდ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ვერ შეძლო პროგრესის ან პოლიტიკური ნების დემონსტრირება.

„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წუთიდან, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე პროგრესს, ღიაობას, სურვილს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამხდარიყვნენ ერთ-ერთი ჩვენგანი, არამედ – პირიქით. ამას მე ყოველთვის ვამბობდი და ბევრ თქვენგანს ახსოვს ეს, რომ ქმედებები, გადაწყვეტილებები, კანონმდებლობა, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო ბოლო წელში, იმის მაგივრად, რომ დაეახლოებინა საქართველო ევროკავშირში წევრობასთან, აშორებს საქართველოს ევროკავშირს და თქვენ გაქვთ შედეგი“, – განაცხადა ელჩმა ჰერჩინსკიმ.

„როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩიისთვის, ეს ძალიან გულდასაწყვეტია ჩემთვის, როდესაც ვხედავ, რომ გუშინ იყო კანდიდატ ქვეყნებთან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოს მონაწილეობის გარეშე“, – დასძინა მან.

კითხვაზე, თუ რატომ არ მიიწვიეს საქართველო ვარშავაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე, გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა უპასუხა: „გასული წლის ივნისში ევროკავშირმა გადაწყვიტა, შეეჩერებინა საქართველოს მთავრობასთან მაღალი დონის კონტაქტები, სანამ ის არსებულ კრიზისს არ მოაგვარებს“. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო „სწორ გზას დაუბრუნდება“.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მიუწვევლობას „უსამართლოს“ და „ორმაგ სტანდარტს“ უწოდებენ

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა ბრალდება იმის შესახებ, რომ ევროკავშირის ოფიციალური პირები საქართველოს უსამართლოდ მოექცნენ. ევროკავშირის ქმედებებს მან „უსამართლობა“ უწოდა და განაცხადა: „ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ მიგვეღო თავის დროზე კანდიდატის სტატუსი. ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მხრიდან რაც არის საჭირო“.

კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ ევროპელი ოფიციალური პირები „დიფ სთეითის“ დავალებით მოქმედებენ.

„მათ „დიფ სთეითისგან აქვთ მიღებული დავალება, რომ მაქსიმალურად სცადონ დაუპირისპირდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რაც არის ძალიან სამწუხარო“, – განაცხადა მან. „როგორ შეიძლება ჩვენი ბრალი იყოს, მაგალითად, 2022 წელს კანდიდატის სტატუსი არმიღება. „დიფ სთეითის“ ბრალია ის უსამართლობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის მიმართ“.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, გადაწყვეტილება პოლონეთის მთავრობის მიერ „არამეგობრულ ნაბიჯად“ შეაფასა და პოლონელი ოფიციალური პირები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სიმპათიების გამოხატვაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პოლონეთი მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი „მოდერნიზატორია“.

„პოლონეთის მთავრობა თავად უნდა ჩამოყალიბდეს, რა სურს – ქართველ ხალხთან სურს ურთიერთობა, თუ მას სურს კორუმპირებული, წამების სისტემის შემქმნელი სააკაშვილის რეჟიმის და ამ იდეოლოგიის მხარდაჭერა. გამოდის, რომ პოლონეთის ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილთან მეგობრობას უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე წესებს, პროცედურებსა და ქართველი ხალხის ინტერესებს“.

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, მიუწვევლობა „ორმაგ სტანდარტად“ შეაფასა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ მიიწვიეს საქართველო, მან განაცხადა: „პოლონეთს ჰკითხეთ“. „საქართველოში არ არის არავისზე ნაკლები დემოკრატია, არანაირი დემოკრატიული უკუსვლა… რას ვიზამთ ახლა….მთელ ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს“, – განაცხადა მან.

„რაც არის დასაშვები საფრანგეთში, რაც არის დასაშვები გერმანიაში, საქართველოში შფოთდებიან ამ ყველაფერზე, ეს არის ორმაგი სტანდარტი“, – აღნიშნა მან.

როდესაც ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია საზოგადოების არჩევანია, „ქართველი ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა: „საზოგადოების არჩევანი არის ეს ხელისუფლება და ეცით პატივი ყველამ, თქვენც და მათაც“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა