საქართველო ევროპარლამენტში გაფართოებაზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის შეხვედრას არ დაესწრება

3 hours ago 3

24 ივნისს ბრიუსელში გაიმართება გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის შეხვედრა, რომელშიც საქართველო არ მონაწილეობს.

გაფართოების საკითხზე პარლამენტთაშორის კომიტეტის შეხვედრას (ICM) ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი (AFET) მართავს ეროვნულ პარლამენტებთან ურთიერთობების დირექტორატის (DG PART) ინსტიტუციური თანამშრომლობის განყოფილებასთან თანამშრომლობით. ევროპარლამენტის პრესრელიზის თანახმად, ეროვნული პარლამენტების წევრები, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლები, AFET-ის წევრებთან მოსაზრებებს გაცვლიან ორ თემაზე:

  • ევროკავშირის გაფართოება — იმპულსის გამოყენება
  • პარლამენტების როლი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში

შეხვედრას გახსნის AFET-ის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულმა ომმა და მიმდინარე მნიშვნელოვანმა გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა გაფართოების პროცესში ახალი დინამიზმი გააჩინა. უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ამჟამად ათი ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ადგას. ევროკავშირის პერსპექტივიდან გაფართოება არის გეოსტრატეგიული ინვესტიცია მშვიდობაში, უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და კეთილდღეობაში. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული კანდიდატი ქვეყნების მოლოდინები და პროგრესი განსხვავებულია, ისინი ყველა შეფასებულია სამართლიანი და მკაცრი პირობითობის, საკუთარი დამსახურების პრინციპისა და შექცევადობის საფუძველზე“, — ნათქვამია ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის მოსაწვევში.

შესაბამის სესიებზე მთავარი მომხსენებლები იქნებიან ევროკომისიის გაფართოების კოორდინაციის, სტრატეგიისა და ინვესტიციების დირექტორი მატიე ბუსკე და გლობალური მმართველობის ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარე და ლეიდენის უნივერსიტეტის უსაფრთხოების კვლევების პროფესორი, იოახიმ კუპსი.

შეხვედრის მონაწილეთა სიაში საქართველოს პარლამენტის წევრები არ არიან. კანდიდატი ქვეყნებიდან პარლამენტთაშორის კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ დეპუტატები უკრაინიდან, მოლდოვიდან, მონტენეგროდან და სერბეთიდან.

შეხვედრის მონაწილეებს შორის არ არიან ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი.

სრულად წაკითხვა