07.08.2026
საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ 2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წლის გასვლასთან დაკავშირებით.
ქვეყნები სრულ მხარდაჭერას ადასტურებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი:
„7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა. 2008 წლის ამ დღეს, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები წამოიწყო, რითაც კიდევ უფრო შელახა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მოახდინა საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია.
რუსული აგრესიიდან 18 წლის შემდეგ, კვლავ ვადასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.
4 ქვეყნის საგარეო მიესალმება ნურუს რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, გაიწვიოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც „ამ ერთეულებთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს“ მოუწოდებენ, მიყვნენ ამ მაგალითს.
„კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის სამხედრო ძალის ყოფნას ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ეს არღვევს საერთაშორისო სამართლისა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდინარე მილიტარიზაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას, ასევე რეგიონალურ და ევროპულ სტაბილურობას.
2025 წლის ოქტომბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ რეგიონებში ჩადენილი არაერთი დარღვევისთვის, მათ შორის ძალის გადამეტებისთვის, არასათანადო მოპყრობისთვის, უკანონო დაკავებებისთვის და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას შორის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე გადაადგილების უკანონო შეზღუდვისთვის. მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს ნაკისრი ვალდებულებები“, – წერია განცხადებაში.
4 ქვეყნის საგარეო უწყება შეშფოთებულია სამხრეთ ოსეთში ბოლოდროინდელი მოვლენებით, კერძოდ განცხადებაში ნათქვამია:
„2026 წლის 9 მაისს მოსკოვსა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის ხელმოწერილი „ალიანსისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმება“ კიდევ უფრო არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევას. ეს დოკუმენტი, ისევე როგორც რეგიონის სათავეში რუსეთის მოქალაქის დანიშვნა, აძლიერებს შეშფოთებას რეგიონის შესაძლო სრულმასშტაბიანი ანექსიის თაობაზე, რაც უპასუხოდ არ დარჩება.
ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას „ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების“ (GID) პლატფორმის მიმართ, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირი, ეუთო და გაერო. ეს არის ერთადერთი ფორმატი, რომელიც მხარეებს კონფლიქტის მოგვარებაზე მუშაობის შესაძლებლობას აძლევს. ვაფასებთ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქმიანობას და მომავალშიც გავაგრძელებთ მისიის როლის მხარდაჭერას“.
2008 წლის აგვისტოს ომი 7 აგვისტოს დაიწყო, როდესაც ცხინვალის რეგიონში საქართველოსა და რუსეთის ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები განვითარდა. 8 აგვისტოს რუსეთმა საქართველოში დამატებითი სამხედრო ძალები შემოიყვანა და კონფლიქტი ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა. 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოეწერა ხელი. ომის შედეგად დაიღუპა ასობით ადამიანი, ათიათასობით ადამიანი იძულებით გადაადგილდა, საქართველომ კი კონტროლი დაკარგა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მნიშვნელოვან ნაწილებზე. 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·