ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული 22 წლის აბრამოვი 8 თვე იყო ციხეში, წინასწარ პატიმრობაში. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა.
"მოსამართლე რას ამბობდა, არ მესმოდა, ხალხის ხმა რომ გავიგე, მერე მივხვდი, რომ გამათავისუფლეს. მადლობას გიხდით ყველას, ვინც იქ იდექით ჩემს გვერდით, ვისთან ერთადაც ვსაუბრობდით და ვმსჯელობდით, რა შეიძლება მომხდარიყო, როგორ შეიძლება შევცვალოთ ვითარება ამ ქვეყანაში, სასწრაფოდ არის გამოსასწორებელი [ვითარება].
ჩვენს გარდა, იქით, შიგნით არიან ათობით, ასობით და ათასობით დაკეტილი ადამიანები, რომლებიც მოსამართლეებს ყავთ უდანაშაულოდ გამოკეტილი. ჩვენ დაგიხსნით თქვენ.
აქ ვინც ხართ, დაიმახსოვრეთ, რომ ხართ ერთით მეტი, მეც თქვენთან ერთად ვარ", - თქვა მან სასამართლოს შენობიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან პირველ კომენტარში.
"პოლიციელების ჩვენებები არ არის პრეზუმფცია და არ შეიძლება მათი ჩვენებების ერთმნიშვნელოვნად გაზიარება”, - თქვა მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე. თედო აბრამოვის საქმეში, მისი ადვოკატის შეფასებით, არ არსებობდა არანაირი ნეიტრალური მტკიცებულება და ბრალდება სრულად პოლიციელების ჩვენებებს ეფუძნებოდა.
„ეს საქმე მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება სამართალდამცავი ორგანოები იქცნენ სამართალდამრღვევებად... ეს საქმე მაგალითია იმისა, როგორი მასშტაბური და აშკარაა სამართალდამცველი ორგანოების, პოლიციის და პროკურორის თვითნებობა უდანაშაულო ადამიანის დადანაშაულებაში", - თქვა დასკვნით სიტყვაში 14 აგვისტოს გამართულ სასამართლო სხდომაზე აბრამოვის ადვოკატმა ინგა ჯაბანაშვილმა.
„ისჯებოდე ქვეყანაში, რომელიც ასე ძალიან შეგაყვარეს ბავშვობაში მშობლებმა და ისჯებოდე იმის გამო, რომ ეს ქვეყანა გიყვარს, სირცხვილია. მჯერა, რომ ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდება...
მე რაღაც პერიოდი დაკავებული ვიყავი სპორტით, თავის ქებას არ დავიწყებ, შეხება არასდროს მქონია ნარკოტიკებთან, ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი. ის, რაც გააკეთეს ე.წ. სამართალდამცველმა იმ ღამით, ყველას ვუსურვებ, რომ არცერთს გამოგაცდევინოთ....
ვთვლი, რომ უდანაშაულო ვარ და მოვითხოვ სასამართლოსგან სწორ გადაწყვეტილებას", - ეს იყო თავად აბრამოვის დასკვნითი სიტყვის ფინალური ნაწილი. სასამართლოში საქმის განხილვისას, მან არაერთხელ თქვა, რომ დაკავების დროს „არაადამიანურად მოეპყრნენ" და „შეურაცხმყოფელი სიტყვებით“ მიმართეს.
თედო აბრამოვი ოჯახით საბერძნეთში ცხოვრობდა - საქართველოში ის პერიოდულად მოხუც ბებიასთან ჩამოდიოდა.