მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სამოქალაქო აქტივისტი, დათა ქაშიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4 დღით პატიმრობაში გაუშვა.
შსს აქტივისტს 7 თებერვალს, შაბათის მარშის დღეს გზის გადაკეტვას ედავებოდა. ბრალდების თქმით, დათა ქაშიაშვილი 25 წუთამდე დროის შუალედში იდგა გზის სავალ ნაწილზე მარშის დასრულების შემდეგ, როცა ტროტუარზე ხალხის დატევა თავისუფლად შეიძლებოდა.
ამასთან, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ დღეს სტუდენტისა და სამოქალაქო აქტივისტის, ლუკა ხიზაძის საქმეც განიხილა. მას შსს პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა სინდისის პატიმრის, მათე დევიძის დაკავების წლისთავზე, 2025 წლის 19 ნოემბრის აქციაზე.
მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო ლუკა ხიზაძის წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყდა.
დამაკავეს, დაახლოებით, 19 ნოემბერს, მათე დევიძის სახელობის მარში გვქონდა და ამ მარშზე დაუმორჩილებლობის ბრალდებით დამაკავეს, რომ თითქოს პოლიციას არ ვემორჩილებოდი და გზიდან არ გადავდიოდი. ჩვენ გვქონდა კადრი რის გამოც საბოლოო ჯამში გამამართლა მოსამართლემ, სადაც ჩანს, რომ ვდგავარ ტროტუარზე და ამ ტროტუარზე დგომის პროცესში მოვუწოდებ ადამიანებს, რომ გადავიდნენ ასევე გზიდან და სრულიად ვემორჩილები პოლიციის მოწოდებას. ამიტომ გამამართლა მოსამართლე კობა ჩაგუნავამ.
რაც შეეხება ჩემი მეგობრის, დათა ქაშიაშვილის პროცესს, გზის გადაკეტვას ედავებოდნენ ერთ-ერთი შაბათის მარშის დროს. წარმოადგინა შსს-ს მხარემ რამდენიმე ვიდეო-მტკიცებულება, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები, რაზეც დათამ თვითონ ისაუბრა. საკუთარი თავის დამცველი იყო. საბოლოო ჯამში აქ ვხედავთ იმას, რომ ეს გზის გადაკეტვის ამბავი ძალიან აწუხებთ ხოლმე ამ ხალხს და ამიტომ იყო სწორედ, რომ გამოიყენა მოსამართლემ პატიმრობა. მე მგონია, რომ დათა როგორი მხნეობითაც, გამარჯვების სურვილით შევიდა, ისევე გამოვა და უფრო მეტი მოტივაციით იქნება, რომ ეს ბრძოლა ბლომდე მიიყვანოს,” – განაცხადა ლუკა ხიზაძემ.
ცნობისთვის, სასამართლოში დათა ქაშიაშვილი საკუთარ თავს და ლუკა ხიზაძეს იცავდა.

2 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·