„სამშობლოში დავბრუნდი“ - ამ სიტყვების გამო ოკუპირებული აფხაზეთიდან გააძევეს რუსეთის მოქალაქე კობახიძე

2 months ago 10

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა გააძევა რუსეთის მოქალაქე ეთნიკურად ქართველი 63 წლის კაცი, რომელმაც სოხუმში ჩასვლისას ვიდეო გადაიღო და თქვა: „33 წლის შემდეგ სახლში დავბრუნდი“.

ინფორმაცია დღეს, 2 ივნისს გაავრცელა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა, რომლის ცნობითაც, გაძევება მოჰყვა „ფართო საზოგადოების აღშფოთებას“.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 63 წლის კაცი, სახელად ოთარ კობახიძე შვილთან ერთად ეწვია ქალაქ სოხუმს და ვიდეოჩანაწერში თქვა, რომ 33 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ განცხადებით, ვიდეოჩანაწერმა „ფართო საზოგადოებრივი აღშფოთება“ გამოიწვია, რის შემდეგაც დე ფაქტო უწყების თანამშრომლები ჩავიდნენ გაგრაში, სადაც კობახიძე იმყოფებოდა, ის დააკავეს, გააძევეს და სამომავლოდაც აუკრძალეს „ქვეყანაში შესვლა“.

ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქეების მოგზაურობას წარსულშიც მწვავე რეაქციები მოჰყვა.

როგორც „ეხო კავკაზა“ იუწყება, 2024 წელს ბიზნესმენი ერასტი ბუკია ეწვია სოფელ განთიადს, სადაც ის ომამდე ცხოვრობდა; მან თქვა, რომ იქ დაბრუნდებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ. ამის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთი მასაც იძულებით დაატოვებინეს.

სრულად წაკითხვა