სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ფონდების დაყადაღების შემდეგ სხვა გზები უნდა მოინახოს

4 months ago 26

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოების წინააღმდეგ გამოცხადებულ ომს უწოდებს „ქართული ოცნების“ იმ გადაწყვეტილებებს, რომლითაც ცდილობს დემონსტრაციები შეზღუდოს.

მან ბრიფინგზე ყურადღება გაამახვილა იმ საქველმოქმედო ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებაც, რომელთა საბანკო ანგარიშებიც პროკურატურის მოთხოვნით 17 მარტს დააყადაღეს.

„ეს მცდელობა საზოგადოების მხრიდან, რომ გამოაჩინოს თავისი სოლიდარობა, როცა ეს [„ქართული ოცნების“ მხირდან] არის აღქმული და წარდგენილი, როგორც მტრული საქმიანობა, ეს არის წარმოუდგენელი ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ მე მგონია, რომ ჩვენ ასე ვეღარ შევაფასებთ იმას, რაც ხდება ამ ქვეყანაში...

მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ საკითხს უნდა მივხედოთ, სხვანაირად მოვნახოთ გზები, რითაც ჩვენ შევძლებთ, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ, სამ თვეზე მეტია, რაც საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები. ხალხმრავალი აქციები გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ დღის წესრიგში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

აქციების დაწყების შემდეგ, დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ კანონები გაამკაცრა - შეკრებებზე აკრძალა ლაზერებისა გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ასევე 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც.

აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული ადამიანებისა და ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული ადამიანების დასახმარებლად რამდენიმე ფონდი გამოყოფდა თანხას. ამ ფონდების ანგარიშები პროკურატურის მოთხოვნით 17 მარტის შემდეგ დაყადაღებულია.

სრულად წაკითხვა