საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და უფლებები საქართველომ ეუთოს ვენის მექანიზმს ალტერნატიული ანგარიში წარუდგინეს, რომელიც 2024 წლის ნოემბრიდან საქართველოში პროტესტის მონაწილეთა მიმართ წამებისა და არასათანადო მოპყრობის გამოძიებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს შეეხება. ისინი „ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მძიმე დარღვევებისა და დემოკრატიული უკუსვლის“ გამო მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებისკენ მოუწოდებენ. ანგარიშში ნათქვამია, რომ ასეთი არაეფექტური გამოძიება, მათ შორის მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტება, წამება და ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიზანმიმართული დევნა „სამოქალაქო თავისუფლებების ორგანიზებულ ჩახშობაზე“ მიუთითებს.
საიამ ვენის მექანიზმს ალტერნატიული ანგარიში 2025 წლის 21 იანვარსაც წარუდგინა მას შემდეგ, რაც ეუთოს 38-მა წევრმა სახელმწიფომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული შეშფოთების საპასუხოდ ვენის მექანიზმის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო.
მოუწოდებს რა ეუთოს წევრ ქვეყნებს, გააკონტროლონ საქართველოში ადამიანის უფლებების გაუარესების კუთხით არსებული სიტუაცია, ახალი ანგარიში დეტალურად აღწერს „მრავლობით ძალადობრივ და რეპრესიულ პრაქტიკას“, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მშვიდობიანი პროტესტისა და პოლიტიკური უთანხმოების ჩასახშობად იყენებს. ეს პრაქტიკა, ნათქვამია ანგარიშში, მოიცავს სისტემურ წამებას, საკანონმდებლო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას. ავტორებს მაგალითად მოყავთ 2 თებერვალს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ძალადობრივი დარბევა და აღნიშნავენ, რომ მონაწილეთა მიმართ არასათანადო მოპყრობა გრძელდება.
ანგარიშის მიხედვით, „დაკავებულთა გაშიშვლებისა და ჩხრეკის დამამცირებელი პრაქტიკა“ ჩვეული გახდა, რაც არღვევს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტებს. დემონსტრანტების წინააღმდეგ ბიომეტრიული თვალთვალის ინსტრუმენტების გამოყენება, რომლებიც, სავარაუდოდ, შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან, მუდმივ თვითნებურ დაკავებებთან და ადმინისტრაციულ ჯარიმებთან ერთად, ასევე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან ასოცირდება.
ორგანიზაციები ასევე აკრიტიკებენ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეტანილ ბოლო ცვლილებებს, რომლებიც ვენეციის კომისიამ და ოდირმა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმებთან შეუთავსებლად მიიჩნია. გარდა ამისა, ისინი აფრთხილებენ სამოქალაქო და მედია სივრცის შემცირების მცდელობებზე და 1 აპრილს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის მიღებაზე მიუთეთებენ, რომლის გადახედვისკენაც ოდირმა უკვე მოუწოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.
ძირითადი საკითხები
ანგარიშში ხაზგასმულია ინსტიტუციური გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახური დგას. ეს უკანასკნელი სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ის თავდაპირველად შეიქმნა როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მას ლონდა თოლორაია ხელმძღვანელობდა. ანგარიშის თანახმად, სამსახური პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ 2021 წელს მოექცა, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ „პოლიტიკური შეტევა“ დაიწყო, რასაც ნაჩქარევი რეფორმა მოყვა, რომლის შედეგადაც სააგენტოს ფუნქციები გაიყო, მას სახელი გადაერქვა და თოლორაიას უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. ანგარიშში მოყვანილია ოდირისა და ვენეციის კომისიის კრიტიკა იმ გაუმჭვირვალე რეფორმების პროცესის მიმართ, რომლის ფარგლებშიც სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეიქმნა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საგამოძიებო სამსახურის მიერ საპროტესტო აქციების დროს უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევების გამოძიება ზედაპირულია და ნათქვამია, რომ სახალხო დამცველმა საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა სავარაუდო წამებისა და არასათანადო მოპყრობის 242 შემთხვევა დააფიქსირა, თუმცა დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ 85 პირს მიენიჭა.
გამოძიების ნაკლოვანებები
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებების უმეტესობა გაერთიანებული იყო სისხლის სამართლის ერთ საქმეში, რამაც გამოიწვია შეშფოთება ცალკეული ინციდენტების მასშტაბისა და კომპლექსურობის პოტენციურად შენიღბვის თაობაზე. ანგარიში ასევე მიუთითებს სისხლის სამართლის დანაშაულის არაადეკვატურ კვალიფიკაციაზე, როდესაც გამოძიება უფრო ნაკლები ბრალდებებით დაიწყო, როგორიცაა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა, მიუხედავად დაზარალებულთა ჩვენებებისა, რომლებიც ნათლად მიუთითებდნენ, რომ ადგილი ჰქონდა „უფრო მძიმე დანაშაულებს, როგორიცაა წამება, წამების მუქარა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა“.
ანგარიშში ასევე საუბარია მტკიცებულებების შესაძლო განადგურებასა და დაზიანებაზე. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მოთხოვნის მიუხედავად, სახელმწიფო უწყებებიდან ძირითადი მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეოჩანაწერები და რადიო კომუნიკაციები, არასრული, ან მიუწვდომელი იყო „ტექნიკური პრობლემების“ გამო. ასევე განადგურდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, როდესაც დასუფთავების სამსახურებმა პროტესტის ტერიტორია გაწმინდეს.
კიდევ ერთი პრობლემაა საჯაროდ გამოვლენილი დამნაშავეების და მაღალი თანამდებობის პირების მიმართ უმოქმედობა. მკაფიო ვიდეო მტკიცებულებების მიუხედავად, ძალადობაში მხილებული მაღალჩინოსნების მიმართ არანაირი ქმედება არ განხორციელებულა. მაგალითად, 2025 წლის 2 თებერვალს, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის მიერ აქციის მონაწილის ცემის კადრები საჯაროდ გავრცელდა მედიის საშუალებით, თუმცა მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.
„ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმე, რომელიც „პოლიტიკურად მოტივირებული“ ბრალდებითაა დაკავებული, ანგარიშის ავტორების თქმით, დამატებით შეშფოთებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო დასკვნაში დადასტურდა მისი დაზიანებები, მას დაზარალებულის სტატუსი არ მიენიჭა და სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას მიერ მისი სახელით შეტანილი საჩივარი.
ანგარიშში მოყვანილია სახალხო დამცველის აპარატის ყოველწლიური ანგარიში, რომლის თანახმადაც საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოებული გამოძიება არაეფექტური და ფრაგმენტულია და არ შეიცავს წამების ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებებს, სანაცვლოდ კი ნაკლები სიმძიმის ბრალდებებს იყენებს, რაც „სათანადოდ არ ასახავს გავრცელებული არასათანადო მოპყრობის ინტენსივობასა და სიმძიმეს“.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არაეფექტური გამოძიებებისა და დაუსჯელობის პრაქტიკის გამო, ორგანიზაციები მოუწოდებენ ეუთოს წევრ სახელმწიფოებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და აამოქმედონ ადამიანური განზომილების მექანიზმი, რომელიც ასევე მოსკოვის მექანიზმის სახელითაა ცნობილი.
ასევე წაიკითხეთ:
- 23/12/2024 – ეუთოს 38-მა ქვეყანამ საქართველოსთან დაკავშირებით ვენის მექანიზმი აამოქმედა
- 19/12/2024 – ოპოზიცია ეუთო/ოდირს „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებისკენ მოუწოდებს
This post is also available in: English (ინგლისური)