საია მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმის გამოძიებას „არაეფექტურს“ უწოდებს

3 weeks ago 5

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) განაცხადა, რომ პოლიციის მხრიდან დაკავებული ჟურნალისტისა და „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორის, მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური და დამამაცირებელი მოპყრობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება „არაეფექტურია“. ორგანიზაცია აცხადებს, რომ არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსი არ მიენიჭა.

საქმე ეხება 12 იანვარს ბათუმის პოლიციის მიერ ამაღლობელის თავდაპირველ დაკავებას, რა დროსაც მას ბათუმის პოლიციის უდროსი ირაკლი დგებუაძე და სხვა პოლიციელები, სავარაუდოდ, არაადამიანურად და დამამცირებლად მოექცნენ. საია აცხადებს, რომ მისი ადვოკატის ყველა წერილობითი მიმართვა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უპასუხოდ დატოვა, რის შემდგომაც პროკურატურის უმოქმედობა გასაჩივრდა სასამართლოში. სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი და უარი განაცხადა მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე.

საია აღნიშნავს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ამ დრომდე მოწმის სახით მხოლოდ სამართალდამცავი პირები არიან გამოკითხულნი, რომლებიც ირაკლი დგებუაძესთან სამსახურებრივად არიან დაკავშირებულნი, „რის გამოც არიან სუბიექტურები და მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში გამოძიების შედეგით დაინტერესება იკვეთება“. ორგანიზაციის თქმით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დღემდე არ გამოუკითხავს სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც დაკავებიდან რამდენიმე წუთში შეხვდა მზია ამაღლობელს.

საია გამოძიების ხარვეზებზე ამახვილებს ყურადღებას და დასძენს, რომ „სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში წარმოებული გამოძიება არ არის ეფექტიანი და უგულებელყოფილია გამოძიების ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად წარმოების საკანონმდებლო სტანდარტი“.

ამაღლობელი იმავე ღამეს კვლავ დააკავეს მას შემდეგ, რაც ირაკლი დგებუაძეს სახეში გაარტყა, რაც, მისი თქმით, პოლიციის ძალადობის საპასუხოდ მოხდა. ახლა მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელზე თავდასხმისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა პროევროპული საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა წამებისა და არასათანადო მოპყრობის 242 შემთხვევა გამოავლინა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ 85 შემთხვევაში მიანიჭა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა