29 აპრილს, დილით ადრე, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა და, ზოგიერთ შემთხვევაში, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდამჭერი საზოგადოებრივი ფონდების ხელმძღვანელთა სახლები გაჩხრიკეს.
ჟურნალისტი და „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელი ნანუკა ჟორჟოლიანი პირველი იყო, ვინც მის სახლში დილის 8:40 საათზე პოლიციელების მისვლის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ჩხრეკა ასევე ჩატარდა მისი ქალიშვილის, მარიამ გეგუჩაძის ბინაში. დაახლოებით ამავე დროს დაიწყო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლის ჩხრეკა. ასევე გაჩხრიკეს ფონდების სხვა მენეჯერების სახლებიც. ჟორჟოლიანს და ბაჯელიძეს ჩხრეკის გადაღების უფლება არ მიეცათ. მათი სახლების ჩხრეკა არასრულწლოვნების თანდასწრებით დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელებს სასამართლოს ორდერი ჰქონდათ. პოლიციელებმა ასევე გაჩხრიკეს ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის სახლი.
მოგვიანებით პროკურატურამ განაცხადა, რომ ჩხრეკები მარტში დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში განხორციელდა. მაშინ, ხუთ საზოგადოებრივ ფონდს, რომლებიც საპროტესტო აქციებს უჭერდნენ მხარს, ძირითადად გზების გადაკეტისთვის დაწესებული ჯარიმების გადახდით, ანგარიშები დაუყადაღეს. პროკურატურამ იმ დროს განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება „საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში, საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე“. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე (საბოტაჟი) და 319-ე (უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება) მუხლებით დაიწყო, რომლებიც სასჯელის სახით, შესაბამისად, 5-დან 10 წლამდე, და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ფონდები სამოქალაქო არეულობისა და უკანონო საქმიანობების ხელშეწყობაში დაადანაშაულა. პროკურატურამ განაცხადა, რომ ჩხრეკები ჩატარდა ნანუკა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიასა და მარიამ ბაჯელიძის სახლებში.
ორსული მარიამ ბაჯელიძის სახლის ჩხრეკა შუადღისას დასრულდა. მან განაცხადა, რომ პოლიციელებმა მისი მობილური ტელეფონი და ოჯახის წევრების ლეპტოპები წაიღო. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩხრეკა ისე დაიწყო, რომ მისი მოთხოვნა ადვოკატის გამოძახებაზე არ დაკმაყოფილდა.
ნანუკა ჟორჟოლიანის სახლთან ჟურნალისტები, რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და აქტივისტი შეიკრიბა. იქვე დიდი რაოდენობით პოლიციელები არიან მობილიზებულნი, ხოლო საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელები სრულად ბლოკირებულია.
შენიშვნა: მასალა განახლდა 29 აპრილს, 13:15 საათზე და მას პროკურატურის განცხადება დაემატა.
ასევე წაიკითხეთ:
- 17/03/2025 – აქციის მონაწილეთა მხარდამჭერი სამი ფონდი დააყადაღეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)