„საზოგადოებრივი მედია არ უნდა იტყუებოდეს, ბოდიში“ – უნგრეთის საზმაუმ დროებით მაუწყებლობა გათიშა

1 hour ago 2

უნგრეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი სამშაბათს ეთერიდან გაითიშა და შავ ეკრანზე გამოჩნდა ტექსტი: „საზოგადოებრივი მედია არ უნდა იტყუებოდეს. ბოდიშს გიხდით, რომ ამას მაინც ვაკეთებდით!“

მაუწყებლობა სამშაბათს ნაშუადღევს მას შემდეგ შეწყდა, რაც პეტერ მადიარის ახალმა მთავრობამ დროებითი მენეჯმენტი დანიშნა და პრო-ორბანულ მიკერძოებაში ბრალდებული პერსონალი გაათავისუფლა. ახალ სტრუქტურაზე გადასვლის პროცესის ზედამხედველობისთვის დროებითი მენეჯმენტის გუნდი ორშაბათს დაინიშნა, რამდენიმე მენეჯერი და ჟურნალისტი კი დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს.

მადიარმა ხელისუფლება აპრილში ჩაიბარა და შეცვალა ვიქტორ ორბანი, რომელიც უნგრეთ 16 წლის განმავლობაში მართავდა. საზოგადოებრივი მედიის რეფორმა მადიარის ერთ-ერთი დაპირება იყო.

MTVA-ს ტელეარხის შეტყობინებაში ნათქვამი იყო, რომ მაუწყებელი რეორგანიზაციას გაივლის, რათა მომავალში გახდეს დამოუკიდებელი და სანდო.

როგორც „ევრონიუსი“ წერს, MTVA ორბანის მთავრობის პირობებში წლების განმავლობაში აწყდებოდა კრიტიკას – ოპოზიციური პარტიები და საერთაშორისო ორგანიზაციები მას მიკერძოებულ გაშუქებაში ადანაშაულებდნენ, ხოლო მადიარი მას მიმდინარე წლის საარჩევნო კამპანიის დროს დეზინფორმაციის გავრცელებაში სდებდა ბრალს.

აპრილის არჩევნების შემდეგ, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) დაადგინა, რომ MTVA-ს გაშუქება სისტემატურად მიკერძოებული იყო, ხოლო საინფორმაციო პროგრამები „ღიად და არაპროპორციულად“ უჭერდნენ მხარს მმართველი პარტიების ნარატივს, მაშინ როცა ოპოზიციის ხმებს მარგინალიზაციას უკეთებდნენ ან ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენდნენ. ეუთო-მ განაცხადა, რომ მაუწყებელმა ვერ უზრუნველყო თანაბარი პირობები პოლიტიკური აქტორებისთვის კამპანიის განმავლობაში.

სრულად წაკითხვა