საერთაშორისო ორგანიზაციებს აეკრძალებათ პოლიტიკური პარტიებისთვის ლექცია, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობა. ეს წესი ამოქმედდება მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას დაჩქარებული წესით დაამტკიცებს.
პარტიებისთვისა და საარჩევნო მიზნების მქონე პირებისთვის ღონისძიებებს ვერ ჩაატარებენ, არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ ადგილობრივი ორგანიზაციები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
ახალი კანონპროექტით ცვლილება შედის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს კანონში და შემოწირულობის მიღების უფლების შესახებ ჩანაწერი ასე დაფორმულირდება:
„პოლიტიკური პარტია და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირი ვეღარ შეძლებენ შემოწირულების სახით მიიღონ საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან ლექციის, სემინარის, ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობა“.
როგორია შემოწირულობის მიღების მოქმედი წესი?
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონით პარტიები და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირები შემოწირულობას ვერ მიიღებენ, თუ შემწირველი:
- საჯარო დაწესებულებაა;
- სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელია;
- ანონიმურია;
- საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირია;
- საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებაა.
მოქმედი წესით, აკრძალვის ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი და საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანება ლექციას, სემინარს ან სხვა, მსგავს საჯარო ღონისძიებას აწყობს უსასყიდლოდ;
„ქართული ოცნება“ განმარტებით ბარათში წერს, რომ ეს გამონაკლისი წესი „ტოვებს სივრცეს, რა დროსაც შესაძლებელია კანონის მოთხოვნის (არ მიიღონ შემოწირულება პოლიტიკურმა პარტიამ და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირმა) გვერდის ავლა, კერძოდ, საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირმა ლექციის, სემინარის ან სხვა, მსგავსი საჯარო ღონისძიების უსასყიდლოდ მოწყობის გზით განახორციელოს პოლიტიკური პარტიისთვის და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირისთვის შემოწირულება“.
საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორია „ქართული ოცნება“, მომხსენებელი კი ირაკლი კირხალია. ავტორები კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ.
„ქართულმა ოცნებამ“ სადავო პარლამენტში კიდევ ერთი კანონპროექტი დააინიციირა, რომლითაც ორგანიზაცია გრანტს ვერ მიიღებს, თუ მას არ ექნება „მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა“. დონორი ორგანიზაცია ვალდებული იქნება წარადგინოს ხელშეკრულების პროექტი.