„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 15 აპრილს ხელი მოაწერა ბრძანებას სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს ჩამოყალიბების შესახებ. სააგენტოს, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული გრანტების გაცემა ევალება.
22 აპრილს, ირაკლი კობახიძემ ახლადშექმნილი სააგენტოს თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა დანიშნა. ბრძანების მიხედვით, სააგენტოს ზედამხედველობას უშუალოდ მთავრობა გაუწევს, ხოლო პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს და გაათავისუფლოს მისი თავმჯდომარე. ახალ დანიშვნამდე ზოდელავა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) რეგიონური პროექტების მენეჯერი იყო. იგი ასევე იყო ევროპის საბჭოს პროექტის მრჩეველი და აღმოსავლეთ პარტნიორობის საჯარო მმართველობის რეფორმის რეგიონული ფონდის პროექტის მენეჯერი. 2007 წლიდან 2015 წლამდე პარლამენტის ამჟამინდელი თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ასევე მუშაობდა GIZ-ში ჯგუფის ლიდერად.
გრანტების გარშემო არსებული ახალი ვითარება
მთავრობის ეს გადაწყვეტილება მისი ბოლო ნაბიჯების კონტექსტში უნდა იქნას განხილული, რომლითაც დასავლელი დონორებისგან გრანტების მიღება იზღუდება და მათი ჩანაცვლება სახელმწიფო გრანტებით ხდება. სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს შექმნას წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ ცვლილებების მიღება „გრანტების შესახებ“ ქვეყნის კანონში, რომლებიც უცხოელ დონორებს ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის თანხების გაცემამდე მთავრობისგან თანხმობის მიღებას ავალდებულებს. კანონი მიღებისთანავე შევიდა ძალაში.
ცვლილებების თანახმად, გრანტის მიმღებისთვის გრანტის გაცემა საჭიროებს საქართველოს მთავრობის ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობას. აღნიშნული თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება დაუშვებელია. დარღვევა არასანქცირებული გრანტის ორმაგი ოდენობის ჯარიმით ისჯება.
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები თვლიან, რომ ცვლილებები მმართველი პარტიის მიერ განსხვავებული აზრის ჩახშობის ნაწილია. მათ ცვლილებები „ქართველი ხალხის დევნის აქტად“ შეაფასეს, რომელიც მიზნად ისახავს „მოქალაქეების მმართველი პარტიის სადამსჯელო სისტემის პირისპირ დატოვებას და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მათი თანადგომის აკრძალვას“.
ცოტა ხნის წინ, სახელისუფლებო ტელეარხებმა, მათ შორის „იმედმა“ და POSTV-მ, საფრანგეთის საელჩოს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს, რომელმაც 15 აპრილს, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას“ (სოვლაბს) გრანტი მიანიჭა.
„სოვლაბი“ არაერთხელ გამხდარა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თავდასხმების სამიზნე.
„ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში საფრანგეთის საელჩომ განაცხადა, რომ ორგანიზაცია საელჩოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების პროექტების მხარდასაჭერად გამოცხადებული 2025 წლის კონკურსის გამარჯვებულია. ორგანიზაციის პროექტი შექმნის ახალ ტურისტულ მარშრუტებს გორსა და ქუთაისში, რომელიც შეისწავლის საქართველოს საბჭოთა წარსულს, წარმოაჩენს რა საბჭოთა ტოტალიტარულ რეჟიმისადმი წინააღმდეგობასთან და ოკუპაციამდე არსებულ დემოკრატიულ გამოცდილებასთან დაკავშირებულ ძირითად სამახსოვრო ადგილებს.
გრანტს „ქართული ოცნების“ დეპუტატების კრიტიკა მოჰყვა, რომლებმაც ორგანიზაციის წევრების სავარაუდო პოლიტიკურ კავშირებზე მიუთითეს და აღნიშნეს, რომ ზოგიერთ მათგანს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ აქვს კავშირი. დეპუტატების თქმით, ასეთი გრანტები პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება.
ასევე წაიკითხეთ:
- 17/04/2025 – „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების მიღებას საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა
- 15/04/2025 – „საერთაშორისო გამჭვირვალობა“: გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები სამოქალაქო საზოგადოებას საფრთხეს უქმნის
- 07/04/2025 – პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს საარჩევნო გრანტს პოლიტიკურ ჩარევად აფასებს
- 20/02/2025 – „ქართული ოცნების“ პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო
- 19/10/2024 – სოვლაბის ინიციატივით, საქართველოს ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დაარსების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
This post is also available in: English (ინგლისური)