სადავო პარლამენტის „ფასების კომისიამ“ მუშაობა დაასრულა

3 days ago 2

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ 1 მაისს სამთვიანი მუშაობა დაასრულა.

14 წევრისგან შემდგარი კომისია თებერვალში შეიქმნა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დეკემბრის ბოლოს მაღალი სამომხმარებლო ფასების საკითხი წამოჭრა. მან მიანიშნა, რომ ეს შესაძლოა ბიზნესებს შორის კარტელური კოორდინაციის შედეგი იყოს და ანტიმონოპოლიური ზომების შესახებ გააფრთხილა.

მილიონერმა ბიზნესმენმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შოთა ბერეკაშვილმა, რომელიც კომისიის თავმჯდომარე იყო, 1 მაისის შემაჯამებელ სხდომაზე განაცხადა, რომ მაღალი სამომხმარებლო ფასების პრობლემა არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებშია და არა ჭარბ მოგებაში.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვში გროვდება დამატებითი ხარჯი, რომელიც საბოლოო ჯამში აწვება პროდუქციის თვითღირებულებას“, – განაცხადა მან. „აქ არის მნიშვნელოვანი რესურსი, რომ მოხდეს ამ სტრუქტურის სწორად გადაწყობა, საოპერაციო ეფექტურობის გაუმჯობესება, რაც საბოლოო ჯაჭვს ერთიანობაში გახდის უფრო ეფექტურს და საბოლოო ჯამში მომხმარებელი მიიღებს მნიშვნელოვნად უკეთეს ფასს, ვიდრე დღეს არის ეს ბაზარზე“.

იგი ასევე შეეხო კომისიის მიერ გამოვლენილი პრობლემების განხილვას, მათ შორის მომწოდებლებსა და საცალო ქსელებს შორის კომერციული ურთიერთობების, კომერციული და მარკეტინგული საფასურების და მიწოდების ჯაჭვების მოცულობასთან დაკავშირებულ საკითხებს.  

ბერეკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ სამართლიანი სავაჭრო ურთიერთობების შესაქმნელად შემოღებულ უნდა იქნას რეგულაციები და კანონები. მან აღნიშნა, რომ ეს ასევე ასახულია ევროკავშირის დირექტივაში არაკეთილსინდისიერი სავაჭრო პრაქტიკის შესახებ.

„ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული ჩარევა და ფასების ადმინისტრირება, რადგან ეს შექმნის უფრო მეტ პრობლემას, ვიდრე სიკეთეებს“,- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა