„ქართული ოცნების“ მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. ცვლილებები დიპლომატების თანამდებობებიდან ვადაზე ადრე გაწვევის სამართლებრივ საფუძველს შექმნის იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება ეთიკური სტანდარტების დარღვევას ან „ქართული ოცნების“ მთავრობის ოფიციალურად გაცხადებული საგარეო პოლიტიკის მიმართულებების საწინააღმდეგოდ მოქმედებას. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს სულ რამდენიმე დღით ადრე წინ უძღოდა ინფორმაცია სამინისტროში დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ, ასევე ოპოზიციის გაფრთხილება პროევროპული დიპლომატების პოლიტიკური მოტივით გათავისუფლების თაობაზე.
შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, კანონის მე-4 მუხლს, რომელიც დიპლომატიური სამსახურის პრინციპებს განსაზღვრავს, დაემატება ახალი ქვეპუნქტი შემდეგ რედაქ ციით: „ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განუხრელი დაცვა“.
ამასთან, ცვლილებები ითვალისწინებს დიპლომატიურ სამსახურში „ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების“ დადგენას. მათ სამინისტრო ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით დაამტკიცებს.
როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ცვლილებების თანახმად, დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლებს დაემატა ნორმა, რომლის თანამხად, მივლინებული პირის მიერ მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ისეთი დარღვევა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის ინტერესების ან/და იმიჯის შელახვა, ან ისეთი ქმედების ჩადენა რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრულ საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებსა და სამინისტროს ინტერესს, წარმოადგენს პირის ვადამდე გამოწვევის საფუძველს.
შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული დიპლომატიური თანამდებობის პირები და ადმინისტრაციული პერსონალი, სხვა საჯარო მოხელეთა მსგავსად შეფასებას დაექვემდებარებიან წელიწადში არანაკლებ ორჯერ (მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული წელიწადში ერთჯერ შეფასების ნაცვლად). ცვლილებები ასევე ითვალისწინებს დიპლომატიური თანამდებობის პირისა და ადმინისტრაციული პერსონალისათვის როტაციის ვადის გაგრძელების შესაძლებლობის გაზრდას 1 წლამდე ვადით, ნაცვლად 6 თვისა.
განმარტებითი ბარათის თანახმად, განვლილმა პრაქტიკამ ცხადყო და გამოავლინა კანონის ის ნორმები, რომლებიც ვერ პასუხობენ არსებულ გამოწვევებს, „შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა კანონით დადგენილი ნორმების დახვეწა და არსებულ რეალობასთან მორგების აუცილებლობა“.
1 მაისს, ცვლილებების წარდგენამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შესაძლო რეორგანიზაციის შესახებ. კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპული ინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გაუქმებას გეგმავს.
ოპოზიციური კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ რეორგანიზების მოტივით, სამინისტროს 250-მდე თანამშრომლის გათავისუფლება იგეგმება. გეგელიას თქმით, სამინისტროს იმ თანამშრომლების გათავისუფლება იგეგმება, რომლებმაც გასული წლის ბოლოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების თაობაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გააკრიტიკეს.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ რეფორმის შედეგად, შეიქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, იგი გააერთიანებს ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს. სამინისტრომ კომენტარი არ გააკეთა სამინისტროს თანამშრომლების სავარაუდო გათავისუფლების გეგმებზე. მისი თქმით, რეფორმის მიზანი ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების განმტკიცებაა.
ასევე წაიკითხეთ: