დღეს მოგიყვებით, როგორ გადაიქცა „საბუთობანა“ საქმედ, თამაში – პასუხისმგებლობად და ოცნება – წარმატებად.
მინდა, ორი და გაგაცნოთ, – ხატია და თამარ ჭონქაძეები, რომლებმაც ბავშვობის გატაცება ნამდვილ პროფესიად და საკუთარ ბიზნესად აქციეს.
ისინი დღეს წარმატებული საბუღალტრო კომპანიების დამფუძნებლები არიან და ხარისხიანი და თანამედროვე საბუღალტრო სერვისით არაერთ კომპანიას ეხმარებიან. ყველაფერი კი წლების წინათ, ჯერ კიდევ ბავშვობაში, „საბუთობანას“ თამაშით დაიწყო.

თამარი: ბავშვობაში, ჩემს უფროს დასთან ერთად, თავს ვუყრიდი სხვადასხვა რაოდენობის ფურცლებს, ჩანაწერებს, ჟურნალებს და ასე ვთამაშობდით „საბუთობანას“. მაშინ ეს უბრალო თამაში იყო, თუმცა დღეს ვხვდები, რომ სწორედ იმ პერიოდიდან იღებს სათავეს ჩემი პროფესიული გზა.
სკოლის დამთავრების შემდეგ, რადგან 15 წლის ვიყავი, პროფესიის არჩევაში დედის რჩევა გავითვალისწინე, თავად ინჟინერ-მათემატიკოსია და მირჩია, ტექნიკური მიმართულებით წავსულიყავი. ასე აღმოვჩნდი ბაკალავრის საფეხურზე მომავალ მათემატიკოს სტუდენტთა რიგებში.
ხატია: ბავშვობაში ყველაზე მეტად მათემატიკა და ციფრები მიყვარდა, ამიტომაც დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მაქვს მათემატიკის ბაკალავრის ხარისხი. ჩემი ბუღალტრული ცხოვრებაც სწორედ ციფრების სიყვარულით დაიწყო. 2011 წელს მივიღე განათლება ბუღალტერიის მიმართულებით და ერთ-ერთ საბუღალტრო კომპანიაში გავიარე სტაჟირება, რაც გახდა კიდეც ჩემი პროფესიული ზრდის პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი.
– როგორი იყო გზა პროფესიონალად ჩამოყალიბებამდე?

თამარი: 19 წლის ასაკში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარჩინებით დავამთავრე. ამის შემდგომ გავიარე საბუღალტრო კურსები და მუშაობა დავიწყე კერძო კომპანიაში, სადაც შეხება მქონდა საბაჟო დეკლარაციებთან, იმპორტის, ექსპორტისა და რეექსპორტის რეჟიმებთან. ეს კი დამწყებისთვის მარტივი ნამდვილად არ იყო. ზოგიერთი საკითხი საერთოდ არ მესმოდა. მახსოვს, მაშინ ამან სულაც არ შემაშინა, პირიქით, კიდევ უფრო მეტი სტიმული მომცა. ეს იყო შესაძლებლობა, დამენახა ზუსტად ის, რაზედაც მუშაობა მჭირდებოდა.
მიზნად დავისახე, პროფესიონალი ბუღალტერი გავმხდარიყავი. ვფიქრობდი, მესწავლა და ისეთი განათლება და ხარისხი მიმეღო, რომელიც სამომავლოდ ჩემი კარიერისთვის გადამწყვეტი იქნებოდა.
პარალელურად გავიარე მთავარი ბუღალტრის კურსები, აგრეთვე, ათეულობით კურსი და ტრენინგი ფინანსური თუ საგადასახადო მიმართულებით.
ჩემი ცხოვრების მთავარი მიზნიდან ზუსტად 4 წელში დავამთავრე ბრიტანეთის ნაფიც სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციის ქართული სექტორი, ჩავაბარე 14 წიგნი და მივიღე პროფესიული აღიარება, სერტიფიცირება.
ზუსტად ამ პერიოდს დაემთხვა 2016 წელს მიღებული კანონი ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ, რის შემდეგაც მთელი რიგი ცვლილებები შევიდა საბუღალტრო თუ აუდიტორულ სფეროში, შეიქმნა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური და ასევე სერტიფიცირებულ ბუღალტერ პირთა რეესტრი, სადაც მეც ვარ დარეგისტრირებული – №605 თამარ ჭონქაძე.
ამასთანავე, გახლავართ საქართველოს ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის ნამდვილი წევრი. მოგვიანებით ქართულიდან ინგლისურ სექტორზე გადავედი, ბრიტანეთის ACCA Global-ში, და დღეს უკვე გლაზგოს ინსტიტუტის სტუდენტი ვარ, სადაც დამამთავრებელი ეტაპის ბოლო წიგნებს გავდივარ.
ცხოვრებაში მთავარია ხარისხი – ეს ჩემი აქსიომაა!
– რა იყო ყველაზე დიდი მოტივატორი, რამაც საკუთარი კომპანიების დაარსება გადაგაწყვეტინათ?

ხატია: წლების განმავლობაში ვმუშაობდი საბუღალტრო და აუდიტორულ კომპანიებში, სადაც პასუხისმგებელი ვიყავი თითოეულ დამკვეთთან.
სამსახურში მკაცრად იყო გაწერილი ჩემი სამუშაო პროტოკოლი. მე კი ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ბიზნესში ბუღალტერიაა ყველაზე ცოცხალი და საინტერესო პროცესი, ხოლო ბუღალტერი – ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსი. სწორედ ეს გახდა მთავარი მესიჯი, რომ შემექმნა რაღაც ჩემი, რაღაც განსხვავებული – ასე დავაფუძნე ლუკა პაჩიოლის საბუღალტრო ცენტრი.
თამარი: გულწრფელად რომ ვთქვა, არასდროს მქონია ამბიცია მენეჯერობის ან/და კომპანიის მართვის, თუმცა სხვადასხვა კომპანიებში მუდმივად ზრდადი ზეგანაკვეთური შრომის რეჟიმმა გამოიწვია საბუღალტრო მომსახურების მომხმარებელთა მოთხოვნა. ამან კი დამაფიქრა, რომ საწყის ეტაპზე მჭირდებოდა სამუშაო სივრცე, ადგილი, სადაც პოტენციურ დამკვეთებთან შეხვედრების ორგანიზებასა და სამუშაო პროცესის წარმართვას შევძლებდი. 01.02.2023 წელს შევქმენი თუდეი ექაუნთი და დღეს ვართ კომპანია, რომელმაც წარმატებით გაიარა სასტარტო წელი, თანაც, ფაქტობრივად, ურეკლამოდ.
– რამდენად რთული აღმოჩნდა ბიზნესის წამოწყება ონლაინსივრცეში? რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა?
თამარი: მანამ სანამ თუდეი ექაუნთის საჯაროობაზე მივიღებდი გადაწყვეტილებას, მქონდა არჩევანი – ან ერთ კონკრეტულ კომპანიაში დასაქმებით დავკმაყოფილებულიყავი, – და ალბათ ეს იქნებოდა ყველაზე მარტივი და იოლი გზა, სადაც არანაირი ზედმეტი ფიქრი და იმ ეტაპების გავლა არ მომიწევდა, რაც „თუდეი ექაუნთმა“ ამ ორი წლის განმავლობაში გაიარა, – ან საკუთარი საქმე დამეწყო. მე მეორე გზა ავირჩიე და ახლა მეამაყება, რომ დღეს თუდეი ექაუნთი ბიზნესს სთავაზობს სრულ საბუღალტრო და საგადასახადო მომსახურებას, შიდა აუდიტს, საგადასახადო კონსულტაციებს, გასული პერიოდის სრულ მონიტორინგს, რისკების გამოვლენა/შეფასებას, მათ მინიმუმამდე დაყვანას, სრულ საბაჟო საბროკერო მომსახურებას, სრულ საინვენტარიზაციო ჯგუფის მომსახურებას… და რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი კეთდება პროფესიონალიზმითა და სრული პასუხისმგებლობით. როდესაც ბიზნესს წარმოადგენ, იცი, რომ პასუხისმგებლობა იწყება შენით, შენი პროფესიონალიზმი და რეპუტაცია არის საფუძველი კომპანიის, რომელსაც ქმნი.
ხატია: 2019 წელს ვარშავაში დავამთავრე მაგისტრატურა და მივიღე ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. ამის შემდეგ დიდი შრომა ჩავდე ჩემს კომპანიაში, თუმცა ძალიან მალე გაჩნდა ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემს ბიზნესსაქმიანობაშიც და ცხოვრებაშიც – პანდემია.
ვარშავაში გამოცდებზე ყოფნის პერიოდში ონლაინმუშაობა ჩვეულებრივი ამბავი იყო ჩემთვის და ჩემი კურსელებისათვის. სწორედ მაშინ გამიჩნდა იდეა, გამეკეთებინა ჯგუფი: „ონლაინ ბუღალტერი“ და შემექმნა ფრილანსერი ბუღალტრებისთვის მხარდასაჭერი პლატფორმა. სწორედ ეს ჯგუფი დამეხმარა, პანდემიის პერიოდში გამეძლო ყველა სირთულისთვის, და არამარტო მე, სხვებსაც…
შევქმენი კარანტინის ვიდეოდღიურები და ლოკდაუნის პერიოდში ამ ჯგუფში მთელი საქართველოს მასშტაბით გავაერთიანე ბუღალტრები.

– საქმიანობიდან გამომდინარე, რა არის თქვენთვის დღეს ყველაზე დიდი ემოციური სარგებელი?
თამარი: ალბათ ბანალური პასუხი იქნებოდა კმაყოფილი მომხმარებელი, იგივე დამკვეთი, თუმცა ჩემთვის ყველაზე დიდი ემოციური სარგებელი სწორად მართული ფინანსური მართვით ჩვენ თვალწინ განვითარებული ბიზნესია. სხვანაირად რომ ვთქვათ, სწორი ფინანსური ხერხემლის მქონე კომპანია.
ჩვენ არ გვაქვს სტანდარტული სამუშაო საათები – 24/7-ზე ხაზზე ვართ, ჩვენი საკონტაქტო მეილი და ტელეფონი მუდმივად ხელმისაწვდომია.
ხატია: მიმაჩნია, რომ განათლების მიზანია, ადამიანების ცხოვრება უკეთესი გახადოს. წლების განმავლობაში ჩემ მიერ გადამზადებული არაერთი ადამიანი ავიდა მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე და სწორედ მადლიერი ადამიანია ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო.
– ხატია, რას ითვალისწინებს და როგორია თქვენი ონლაინმუშაობის მოდელი?
– ჩემი კომპანიის საქმიანობა საბუღალტრო და სატრენინგო ონლაინმომსახურებაა პრაქტიკული ბუღალტერიის მიმართულებით. ასევე „ონლაინ ბუღალტრის“ ჯგუფი, სადაც სრულიად უფასოდ ქვეყნდება ბუღალტრებისთვის საგანმანათლებლო რესურსები და სიახლეები. და ეს ყველაფერი, ფაქტობრივად, 24/7-ზე რეჟიმშია.

– როგორია თქვენი კომპანიის ძირითადი ღირებულებები და მისია?
თამარი: თუდეი ექაუნთ – ეს არის სიზუსტე, ხარისხი და სანდოობა!
ამ ყველაფერში კი უდიდესი შრომაა ჩადებული, რაც გარედან არ ჩანს. მთავარი, რაც უნდა გამოვყო, ეს არის შრომისმოყვარეობა. ვერსად იქნები წარმატებული, თუკი შრომისმოყვარე არ ხარ. ჩემს ცხოვრებაში ხშირად ყოფილა, რომ კონკრეტული პროექტის ვადაში შესრულებისთვის ღამეები მითენებია, დღე კი ჩვეულებრივ წავსულვარ სამსახურში.
ხატია: ლუკა პაჩიოლის საბუღალტრო ცენტრის მისიაა, ბიზნესს დაეხმაროს და ხარისხიანი საბუღალტრო მომსახურება შესთავაზოს, მათ შორის გადაამზადოს მათი ბუღალტრები. არ არსებობს კარგი და ცუდი ბუღალტერი, არსებობს მხოლოდ განსხვავებული გარემოებები.
– რა გამოარჩევს თქვენს კომპანიას ანალოგიური კომპანიებისგან?
თამარი: კარგი კითხვაა, აუცილებლად უნდა გამოვყო კორპორაციული კულტურა და მიზნები. თანამშრომლებისთვის, – იქნება ეს სტაჟიორი, დროებითი თუ მუდმივი კადრი, – ჩვენთან თითოეული საათი არის ანაზღაურებადი. მიმაჩნია, რომ თანამშრომელი, რომელიც კომპანიის განვითარებაში არსებით როლს ასრულებს, პირველ რიგში, კმაყოფილი, მოტივირებული უნდა იყოს.
ხატია: არ გვაქვს შაბლონები და თითოეულ დამკვეთთან ინდივიდუალური პირობებით, მათი ინტერესების გათვალისწინებით ვმუშაობთ. აქტიურად ვუჭერთ მხარს ჩვენს მომხმარებლებს და მუდმივად ვთავაზობთ უფასო მასტერკლასებს. აგრეთვე, წელიწადში ერთხელ ადგილზე იმართება ბუღალტრების შეხვედრა, სადაც ყველა მომხმარებელს ვიწვევთ სემინარზე.
– რა ტიპის საავტორო კურსებს სთავაზობთ მომხმარებელს და ვისთვის არის ეს კურსები განკუთვნილი?

– ლუკა პაჩიოლის საბუღალტრო ცენტრის ტრენინგები განკუთვნილია მოქმედი პრაქტიკოსი ბუღალტრებისათვის. თუმცა ამჟამად დავაანონსეთ ექსკლუზიური საავტორო კურსი „ბიუთი სფეროს ბუღალტერია“, რომელიც მორგებულია სილამაზის ინდუსტრიას და მოიცავს: სილამაზის სალონებს, ესთეტიკურ ცენტრებს, კლინიკებსა და ა.შ. კურსი განკუთვნილია როგორც ბუღალტრებისათვის, ასევე მენეჯერებისთვის.
შედეგად მათ შეუძლიათ კარიერის უკეთესი დაგეგმვა და მაღალი პოზიციების დაკავება. ამასთანავე, ტრენინგკურსის მონაწილეები ექსკლუზიურად იღებენ ერთწლიან უფასო მხარდაჭერას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი განვითარებისათვის. ბევრი მათგანი დღეს უკვე ჩემი მეგობარია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მყავს ბუღალტერთა არმია.
ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქალების გაძლიერება და მხარდაჭერა, ამიტომ 2025 წელს მომხმარებლებს შევთავაზე ახალი საავტორო მასტერკლასი – „ქალები ბიზნესში“. მასტერკლასის მიზანია ქალების გაძლიერება ლიდერობის, ფინანსებისა და მარკეტინგის მიმართულებით. მარტში გვქონდა კურსის მოკლე პრეზენტაცია, მოგვიანებით კი უფრო დიდი ღონისძიება იგეგმება.
– ყველაზე მეტად რა გეამაყებათ თქვენი პროფესიული ცხოვრებიდან?
თამარი: ჩემთვის ყველაზე ღირებული ცხოვრებაში არის განათლება და ხარისხი,
შემდგომ კი განათლების რეალიზება პროფესიულ ცხოვრებაში. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ბავშვობის ოცნებები ავიხდინე და უკვე 15 წელზე მეტია, ვარ სფეროში, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. მიყვარს თითოეული საქმე, ისინი ჩემთვის თანაბრად მნიშვნელოვანი და საყურადღებოა.
ხატია: ცხოვრებაში რაც ყველაზე ძალიან მიყვარს, არის თავისუფლება. ჩემი თავისუფლება არის ჩემი გადაწყვეტილებები, საკუთარი საქმის კეთება. მიმაჩნია, რომ ბუღალტერიამ სიძლიერე მომიტანა.
– რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა იწყებს საბუღალტრო ბიზნესს?
თამარი: რაღაც ახლის დაწყებას ყოველთვის ახლავს ფიქრი, – ღირს? დავიწყო თუ არა? – ახალბედას ვურჩევდი, თუკი ზუსტად აქვს გადაწყვეტილი ამ სფეროში თავის დამკვიდრება, არ შეუშინდეს კონკურენტუნარიან ბაზარს და დაიწყოს იმ რესურსით, რაც სტარტაპს აქვს. პირადად მე კოლეგებს ან კოლეგების კომპანიებს კონკურენტად არ აღვიქვამ, პირიქით, ესენი ერთი მიზნის მქონე მეგობარი კომპანიებია.
ხატია: ოპტიმისტების კონკურსი რომ გაიმართოს, მე ალბათ გრანპრის ავიღებდი, რადგან ყოველთვის მჯერა, რომ „საღამო ღამე არ არის“ და ბოლო წუთის იმედი სულ უნდა გქონდეს. დამწყებებს ვურჩევდი, დაიჯერონ საკუთარი თავის და არ შეეშინდეთ უარყოფის, არ შეწყვიტონ წინსვლა. არ არსებობს უარყოფა, რომელსაც სიძლიერედ ვერ გადააქცევ.
დეა თავბერიძე