რუსული კიბერუსაფრთხოების სამიტი თბილისში, სასტუმრო პულმანში 5-8 აგვისტოს გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი რუსეთის IT ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია 11 000-ზე მეტი დასაქმებულით და მილიარნახევარზე მეტი წლიური ბრუნვით, Softline-ია, რომლის 2018 წლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფლობს ФСБ-ს (რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახური) ლიცენზიას, რაც საშუალებას აძლევს მომსახურება გაუწიოს სახელმწიფო და ძალოვანი სტრუქტურებს, მათ შორის ФСБ-სა და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს (SVR).
რუსულ სპეცსამსახურებთან მჭიდრო კავშირი და ФСБ-ისა და ФСТЭК-ის ლიცენზიები აქვს თბილისში გამართული სამიტის კიდევ ერთ მონაწილეს, ftline ჯგუფის შვილობილ კომპანია Infosecurity-ს (Инфосекьюрити)-ს. ეს კომპანია ოფიციალურად თანამშრომლობს რუსეთის „კომპიუტერული ინციდენტების ეროვნულ საკოორდინაციო ცენტრთან“ (НКЦКИ), რომელიც სახელმწიფო კიბერუსაფრთხოების სისტემის ნაწილია და უშუალოდ FSB-ის დირექტორის ბრძანებით შეიქმნა.
ФСТЭК - რუსეთის ტექნიკური და ექსპორტის კონტროლის ფედერალური სამსახური. ის ასრულებს სპეციალურ და საზედამხედველო ფუნქციებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორისაა - რუსეთის კრიტიკული საინფორმაციო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სახელმწიფო საიდუმლოებების შემცველი ინფორმაციის დაცვა.
სამიტის მონაწილეებს შორისაა აშშ-ის მიერ სანქცირებული კომპანია Positive Technologies, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც რუსეთის სპეცსამსახურებისთვის ჰაკერების რეკრუტირებაში ჩართული ორგანიზაცია. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ 2021 წელს მიღებულ სანქცირების გადაწყვეტილებაში კომპანიასთან დაკავშირებით პირდაპირ არის მითითებული „Linked To: Federal Security Service“, ანუ კავშირი ФСБ-სთან.
შეერთებული შტატების შემდეგ ამ კომპანიას, როგორც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო და ტექნოლოგიური სექტორის მხარდამჭერს, სანქციები დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმაც დაუწესეს.
თბილისის სამიტის სპიკერებს შორის არიან :
- Positive Technologies-ის ბიზნესკონსულტანტი ალექსეი ლუკაცკი, რომელიც წლების განვლობაში Cisco-ს რუსეთის ოფისში მუშაობდა და რუსეთის ინფორმაციული უსაფრთხოების პროფესიულ გაერთიანება BISA-სთანაც თანამშრომლობდა.
- რუსული სატელეკომუნიკაციო გიგანტი Beeline (Вымпелком), ხოლო ერთ-ერთი მთავარი სპიკერია Beeline-ის ინფორმაციული უსაფრთხოების ვიცე-პრეზიდენტი ალექსეი ვოლკოვი.
ღონისძიების ოფიციალური პროგრამის მიხედვით, სამიტის მიზანი კიბერშეტევების შემდეგ ორგანიზაციების მდგრადობის, ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოების ახალი ტექნოლოგიებისა და ე.წ. „ტექნოლოგიური სუვერენიტეტის“ საკითხების განხილვაა.
ღონისძიების აღწერაში ერთ-ერთ მთავარ საკითხად დასმულია კითხვა, შეიძლება თუ არა რუსული კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებები იმ ტექნოლოგიურ საფუძვლად იქცეს, რომელზეც ბიზნესის უსაფრთხოდ აშენებაა შესაძლებელი.
„ტექნოლოგიური სუვერენიტეტი“ რუსული სანქცირებული IT სექტორის მთავარი ნარატივია, რაც დასავლური ტექნოლოგიების ჩანაცვლებსა (Импортозамещение) და რუსული პროგრამული უზრუნველყოფის ექსპორტს/გაფართოებას გულისხმობს.
ღონისძიების სარეგისტრაციო საიტზე მითითებულია, რომ ორდღიანი ბიზნეს პროგრამის განმავლობაში, 30-ზე მეტი წამყვანი ექსპერტი რეალურ შემთხვევებს გააანალიზებს და მათ შორის უპასუხებს კითხვას ქმნის თუ არა რუსული გადაწყვეტილებები საიმედო საფუძველს ინდუსტრიაში?
ღონისძიებას, რომელიც თბილისის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაიმართა გასართობი ნაწილიც აქვს - „ქალაქის 1500-წლიან ისტორიაში კულტურული ჩაღრმავება, გასტრონოიული დელიკატესები და სახელგანთქმული ქართული ღვინოების დაგემოვნება“.

2 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·