26-27 ივნისის ღამეს რუსეთის ჯარებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს უკრაინის რამდენიმე ოლქში. სუმის ოლქის ახტირკის რაიონზე დრონებით მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. „ქალაქსა და მიმდებარე დასახლებებში დარტყმები მოხვდა კერძო სახლებს, ასევე ბენზინგასამართი სადგურების ტერიტორიებს“, განაცხადა ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ ჰრიჰოროვმა.
თავდასხმის შედეგად მძიმედ დაშავდა 53 წლის ქალი, რომელიც საავადმყოფოში მოათავსეს. სამედიცინო დახმარება მოითხოვა კიდევ ცხრა ადამიანმა.
დილით თავდასხმა განხორციელდა სუმიზე, რის შედეგადაც დაშავდა ცხრა ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. ჰრიჰოროვის თქმით, დარტყმის სამიზნე იყო ქალაქის საცხოვრებელი უბანი.
ზაპოროჟიეში ღამით მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავდა ცხრა ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მნიშვნელოვნად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ნაწილობრივ დაინგრა მრავალსართულიანი შენობა. ასევე დაზიანდა საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორია, დაზიანდა მეზობლად მდებარე სახლები და მანქანები.
ხარკოვის ოლქში დრონებით თავდასხმა განხორციელდა ორ ბენზინგასამართ სადგურზე. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, არავინ დაშავებულა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით უკრაინას თავს დაესხა რუსეთის 129 დრონი, რომელთაგან 113 განეიტრალდა. „დაფიქსირდა 13 მოიერიშე დრონის მოხვედრა შვიდ ადგილზე, ასევე ჩამოგდებული დრონების მოხვედრა სამ ადგილზე“, ნათქვამია განცხადებაში.

1 hour ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·