რუსეთმა და უკრაინამ გაცვალეს ტყვეები, ინიციატივის ფარგლებში ორივე მხრიდან გათავისუფლებულ იქნა 175 პირი. ამ ცნობას საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
ამ განცხადების თანახმად, უკრაინას "კეთილი ნების ჟესტის" ფორმით ასევე გადაეცა 22 მძიმედ დაჭრილი სამხედრო, რომლებსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ. მანამდე კრემლი აცხადებდა, რომ გეგმავდა 23 დაჭრილი სამხედროს გადაცემას.
ტყვეთა გაცვლის შესახებ ინფორმაცია კრემლმა გაავრცელა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის 18 მარტს გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ გაცვლის ოპერაციის შუამავალი იყო არაბთა გაერთიანებული საამიროები.
ტყვეთა გაცვლის ოპერაციის ჩატარება 19 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაადასტურა.