24 ივლისს დილით აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ კიროვში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინის მხრიდან სარაკეტო შეტევის შესახებ განაცხადა.
კიროვის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ სოკოლოვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობით, რაკეტით შეტევა იყო საწარმოზე, არიან დაშავებულები და ადგილზე ოპერატიული სამსახურები მუშაობენ. სოკოლვს არც დაშავებულთა რიცხვი დაუსახელებია და არც კონკრეტული საწარმო.
დამოუკიდებელი რუსული გამოცემა ASTRA თვითმხილველების მიერ კიროვში გადაღებული ფოტოებისა და ვიდეოკადრების ანალიზის საფუძველზე წერს, რომ შეტევა იყო ქარხანა „ავიტეკზე“, რომელიც რუსეთის არმიისთვის აწარმოებს საზენიტო რაკეტებს და სამხედრო დანიშნულების სხვა პროდუქციას.
კიროვში უკრაინის სამიზნე რომ ეს ქარხანა იყო, ამას წერენ მონიტორინგის უკრაინული ტელეგრამ-არხებიც.
„ავიტეკი“ სანქცირებულია აშშ-ის, უკრაინის და სხვა ქვეყნების მიერ.
24 ივლისს უკრაინული დრონებით შეტევა იყო ონლაინ-გაყიდვების უმსხვილესი რუსული კომპანიის, Wildberries-ის ლოგისტიკის ცენტრებზე პეტერბურგსა და ანექსირებული ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლში.
რუსეთის ტვერის ოლქის გუბერნატორ ვიტალი კოროლიოვის ინფორმაციით, ხანძარი იყო ქალაქ ტვერთან, დაბა ელევატორში მდებარე ლოგისტიკის ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაშიც. გუბერნატორს არ დაუკონკრეტებია, ვის ეკუთვნის ეს ცენტრი. რუსული ტელგრამ-არხები წერდნენ, რომ ტვერშიც დარტმა იყო Wildberries-ის საწყობზე.
თავად კომპანიის დამფუძნებელმა ტატიანა კიმმა მხოლოდ პეტერბურგის და სიმფეროპოლის ცენტრებზე შეტევა დაადასტურა.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა კომპანია Wildberries-ის საწყობებს უპილოტო საფრენი აპარატებით 18 და 20 ივლისსაც დაარტყეს მოსკოვის და ტამბოვის ოლქებში, ხოლო 22 ივლისს სტავროპოლის და კრასნოდარის მხარეებში.
- უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ 22 ივლისს განაცხადა, რომ სტავროპოლის და კრასნოდარის რეგიონებში დაარტყეს ლოგისტიკის ცენტრებს, რომლებიც ჩართული არიან რუსეთის არმიის უზრუნველყოფაში დრონების მაკომპლექტებლებითა და ნავიგაციის დანადგარებით.
Wildberries - 2004 წელს დაარსებული რუსეთის უდიდესი ონლაინ-მარკეტპლეისია. პლატფორმას ყოველთვიურად 79 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, მისი გამყიდველების წლიურმა ბრუნვამ 2,9 ტრილიონ რუბლს გადააჭარბა, ხოლო კომპანიის ქსელი 90 ათასზე მეტ გაცემის პუნქტს და დღეში 20 მილიონზე მეტ შეკვეთას მოიცავს. სწორედ ამ მასშტაბის გამო Wildberries რუსეთის შიდა ვაჭრობისა და ლოგისტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურად მიიჩნევა.
Wildberries-ის ლოგისტიკის ცენტრებზე დარტყმების გამო რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმეები „ტერორისტული აქტის“ მუხლით აღძრა.
- რუსეთის ხელისუფლება „ტერორისტულს“ უწოდებს უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა შეტევას სამრეწველო ობიექტებზე რუსეთის ტერიტორიასა და ანექსირებულ ყირიმში.
- უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს არის „სამართლიანი პასუხი“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც უნდა იგრძნონ და მას ომის დასრულება უნდა აიძულონ.

1 week ago
37







English (US) ·
Georgian (GE) ·