რუსეთი „ღრმად აღაშფოთა“ საკონსულოსთან აფეთქების მომწყობი მეცნიერების მსუბუქმა სასჯელმა

2 months ago 16

მარსელის სასამართლომ 8-8 თვით პატიმრობა მიუსაჯა ორ მეცნიერს, რომლებმაც რუსეთის გენერალური საკონსულოს ტერიტორიაზე აფეთქება მოაწყვეს. აფეთქება, რომლის შედეგად არავინ დაშავებულა, 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყების მესამე წლისთავზე მოხდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულები სასჯელს შინაპატიმრობაში მოიხდიან, რვა თვის განმავლობაში ელექტრონული სამაჯურით იქნებიან და უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ეკრძალებათ რუსეთის საკონსულოსთან მიახლოება და იარაღის ტარება.

სააგენტო AFP-ს ცნობით, მარსელის სასამართლოში 27 თებერვალს გამართულ სხდომაზე რუსეთის გენერალურმა კონსულმა სტანისლავ ორანსკიმ განაცხადა, რომ მომხდარს „ტერორისტული აქტის ყველა ნიშანი აქვს“, რასაც პროკურორი არ დაეთანხმა და განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უცხო ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე თავდასხმა დაუშვებელია, ბრალდებულთა ქმედება საფრთხეს არ წარმოადგენდა.

მარსელის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, რუსეთის სახელმწიფო სააგენტოებმა გაავრცელეს საფრანგეთში რუსეთის საელჩოს განცხადება, რომ „ღრმად აღშფოთებულია“ საფრანგეთის სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებით და „რბილი განაჩენით“, რომელიც „არ შეესაბამება ჩადენილის სიმძიმეს - არსებითად, ტერაქტის მცდელობას“.

მარსელში, რუსეთის გენერალური საკონსულოს ტერიტორიაზე, აფეთქება 24 თებერვალს, დილით მოხდა. არავინ დაშავებულა.

პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი იმავე დღეს დააკავა მარსელში, უკრაინის მხარდამჭერთა დემონსტრაციაზე. ისინი რუსეთის საკონსულოს ვიდეოკამერების ჩანაწერის მიხედვით ამოიცნეს.

25 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ორი მამაკაცი, რომლებმაც აფეთქება მოაწყვეს, საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრის მეცნიერები არიან.

40 წლის ინჟინერმა და 50 წლის ქიმიკოსმა ბრალი აღიარეს და განმარტეს, რომ მათი მიზანი იყო უკრაინისთვის სოლიდარობის გამოცხადება. მეცნიერებმა რუსეთის საკონსულოს ტერიტორიაზე ისროლეს აზოტის და სხვა ქიმიური ნივთიერებების ნარევი სითხით სავსე სამი ბოთლი, რომელთაგან ორი აფეთქდა.

სრულად წაკითხვა