რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 24 მარტს განაცხადა, რომ ღამის ორი საათისთვის „კიევის რეჟიმმა“ კრასნოდარის მხარეში უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია ნავთობის ტრანსპორტირების საერთაშორისო კომპანიის, „კასპიის მილსადენების კონსორციუმის” ნავთობის საქაჩ სადგურ „კროპოტკინსკაიას”.
თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ უკრაინული დრონი „გზად დაიჭირა“ სადგურიდან შვიდ კილომეტრში და მისი ფრაგმენტები ჩამოცვივდა რკინიგზის სადგურ „კავკაზკაიასთან“.
უკრაინას ნავთობის საქაჩ სადგურზე დღევანდელი შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის მხრიდან დრონებით შეტევის თაობაზე გავრცელებულ ცნობებში, როგორც წესი, კონკრეტულ ობიექტებს არასდროს არ ასახელებს.
დღევანდელ ოფიციალურ შეტყობინებაში ენერგოობიექტის დაკონკრეტება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დასჭირდა იმის სათქმელად, რომ უკრაინა განაგრძობს ენერგოობიექტებზე დარტყმას, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს სხვა ინფორმაციას აწვდის.
კრასნოდარის მხარეში მდებარე ნავთობის საქაჩ სადგურ „კროპოტკინსკაიაზე” დრონებით შეტევა იყო 17 თებერვალსაც. უკრაინის სპეცსამსახურებში დაადასტურეს, რომ ეს მათი ოპერაცია იყო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ, 19 მარტსაც განაცხადა, რომ უკრაინამ დრონებით შეუტია კრასნოდარის მხარეში მდებარე კიდევ ერთ ენერგოობიექტს, სტანიცა კავკაზსკაიაში მდებარე ნავთობის საცავს.
20 მარტს რუსული წყაროები იუწყებოდნენ, რომ უკრაინის ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქის სუჯის რაიონში დაარტყეს გაზის გამზომ სადგურს. უკრაინის გენშტაბმა ამ ინფორმაციას ფეიკი უწოდა.