11 მაისის ღამის 11 საათიდან მთელი ღამის განმავლობაში და 12 მაისს, გამთენიისას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა სოციალური ქსელებით ავრცელებდა ცნობებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის კიევის, სუმის, პოლტავის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, ოდესის, ხერსონის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ჩერკასის, ჟიტომირის და ვინიცის ოლქებში რუსული დრონებისა და საჰაერო განგაშის შესახებ.
12 მაისის დილის 7 საათამდე უკრაინის საჰაერო ძალების ტელეგრამ-არხზე რამდენჯერმე გამოქვეყნდა ცნობაც, რომ რუსეთის ტაქტიკურმა ავიაციამ დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქებისკენ გაუშვა მართვადი ავიაბომბები. შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
10 მაისს კიევში ჩავიდნენ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ლიდერები, რომლებმაც უკრაინის პრეზიდენტთან ერთად იმსჯელეს სამშვიდობო პროცესის დასაწყებად ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის გეგმაზე და ერთობლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდათ აშშ-ის პრეზიდენტთანაც.
ზავზე უარის შემთხვევაში, დასავლეთის სახელმწიფოები რუსეთს ახალი სანქციებით დაემუქრნენ.
ამ მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საერთო პოზიციაა 12 მაისიდან ცეცხლის დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით და რუსეთისგან პასუხს ელოდებიან.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ეს წინდადება უპასუხოდ დატოვა და განაცხადა, რომ მზად არიან 15 მაისს, სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების დასაწყებად.