რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში პირდაპირ რეისებს იწყებს

1 week ago 6

1 მაისს რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში პირდაპირი, რეგულარული ფრენები დაიწყო, რაც თბილისმა საერთაშორისო ნორმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო დაგმო. რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, UVT Aero-მ „მაღალი მოთხოვნის გამო“ მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან სოხუმში პირველი რეისი დაგეგმილზე ორი დღით ადრე განახორციელა. ფრენა, რომლის განხორციელებაც თავდაპირველად 3 მაისს იგეგმებოდა, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის პირველი ოფიციალური ავიამომსახურებაა.  

როდესაც „ქართული ოცნების“ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს ბრიფინგზე რუსეთსა და ოკუპირებულ რეგიონს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებასა და ამ საკითხზე საქართველოს პოზიციის შესახებ დაუსვეს კითხვები, მან განაცხადა, რომ მთავრობის პოზიცია „ცალსახაა“ და ის „გმობს საერთაშორისო ნორმების დარღვევით აეროპორტის ოპერირებას… ამას მხარს უჭერს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია – ICAO“.

დავითაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ფრენები არღვევს როგორც საერთაშორისო ავიაციის სტანდარტებს, ასევე საქართველოს კანონს „ოკუპაციის შესახებ“.

„იმ შემთხვევაში, როდესაც საერთაშორისო ნორმების შესაბამისად ვერ ხდება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან უსაფრთხოების ნორმების შეფასება და შემოწმება ICAO-ს სტანდარტების შესაბამისად, ორგანიზაცია ცალსახად ამას არ აღიარებს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

რუსული მედიის ცნობით, დამატებითი რეისები მოსალოდნელია iFly Airlines-ისა და NordStar-ისგან, რომლებიც მოსკოვიდან და კრასნოიარსკიდან სოხუმში შეასრულებენ რეისებს. სამივე ავიაკომპანია – UVT Aero, iFly და NordStar – 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დასავლეთის მიერაა დასანქცირებული.

როდესაც ჰკითხეს, აპირებს თუ არა საქართველო საპასუხო ზომებს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ფრენების განმახორციელებელი რუსული ავიაკომპანიების წინააღმდეგ, დავითაშვილმა განაცხადა: „კომპანიები, რომლებიც არღვევენ ოკუპაციის შესახებ კანონს, რა თქმა უნდა, საქართველოში ვერ განახორციელებენ ოპერირებას. აქედან გამომდინარე, ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი არის გამოყენებული“.

1 მაისიდან ფრენების დაწყების შესახებ ინფორმაცია თებერვლის ბოლოს გავრცელდა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ, სერგეი კირიენკომ, ეს გადაწყვეტილება დააანონსა. სოხუმის აეროპორტში პირველი სატესტო ფრენა 7 თებერვალს განხორციელდა, როდესაც მოსკოვიდან იქ რუსული სამგზავრო თვითმფრინავი დაეშვა – ეს იყო პირველი თვითმფრინავი ბოლო 32 წლის განმავლობაში.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ არცერთ ავიაკომპანიას არ აქვს უფლება სოხუმში ან სოხუმიდან საერთაშორისო რეისები განახორციელოს საქართველოს სახელმწიფოს ნებართვის გარეშე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. მიუხედავად ამისა, რუსეთმა გააგრძელა რეგიონში თავისი პოზიციების განმტკიცების მცდელობები.

26 მარტს, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გააკრიტიკა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს პოზიცია, რომ სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირება უკანონოა და თბილისს „კონფრონტაციულ რიტორიკაზე“ უარის თქმისკენ მოუწოდა.

ავიაციის გარდა, რუსეთი რეგიონში სარკინიგზო მიმოსვლის საკითხზეც მუშაობს. 27 თებერვალს, გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ელექტრომატარებელმა „ლასტოჩკა“ სატესტო რეისი შეასრულა სოჭიდან სოხუმამდე. მანამდე, 2023 წლის ივნისიდან, მატარებელი მხოლოდ სოჭი-გაგრის მარშრუტზე მოძრაობდა. ამ მარშრუტის გაგრძელებას საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლის განმტკიცების მცდელობის კიდევ ერთ დასტურად მიიჩნევს.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადება

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნებისმიერი ავიაკომპანიის მიერ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელება ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ გახსნილი აეროპორტიდან წარმოადგენს როგორც საერთაშორისო ნორმების, ისე საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის დარღვევას.

სააგენტომ აღნიშნა, რომ სოხუმის აეროპორტი არ არის სერტიფიცირებული საქართველოს ხელისუფლების მიერ და ქართული მხარე მოკლებულია შესაძლებლობას უზრუნველყოს საავიაციო უსაფრთხოებაზე და უშიშროებაზე ზედამხედველობა. „შესაბამისად,  საჰაერო მიმოსვლის განხორციელება უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატის არმქონე აეროპორტიდან, გარდა იმისა, რომ წარმოადგენს კანონმდებლობის დარღვევას, საფრთხეს უქმნის საავიაციო და მგზავრთა უსაფრთხოებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

„როგორც საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის („ჩიკაგოს კონვენცია“) ხელმომწერი სახელმწიფო, სამოქალაქო ავიაციის სფეროში საქართველო ყოველთვის მოქმედებს ორგანიზაციის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, ასევე იცავს მოქმედი ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმების პრინციპებს“, – განაცხადა სააგენტომ და დასძინა, რომ საქართველო წლებია იყენებს ყველა საერთაშორისო ფორმატს, რათა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენების დაუშვებლობა მუდმივად იდგეს დღის წესრიგში.

სააგენტოს თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური ნოტით უკვე მიმართა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO), სადაც „კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დააფიქსირა ქვეყნის პოზიცია საქართველოს უფლებამოსილი უწყების ნებართვის გარეშე ოკუპირებული აფხაზეთიდან საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის დაუშვებლობის შესახებ“. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა