რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ამ არჩევნებს უკვე უწოდეს გარდამტეხი მომენტი ქვეყნის ისტორიაში.
ულტრამემარჯვენე, „რუმინელთა ერთობის ალიანსის“ ლიდერი, ჯორჯე სიმიონი, რომელიც ცნობილია თავისი ულტრანაციონალისტური შეხედულებებითა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ განსაკუთრებული სიმპატიებით, ამ არჩევნებში ოპონირებას უწევს ბუქარესტის მოქმედ მერს, ცენტრისტ ნიკუშორ დანის.
სიმიონი რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების მომხრეა, რისთვისაც მას აკრძალული აქვს მოლდოვაში შესვლა. უკრაინაში ის ასევე პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული. ულტრანაციონალისტი კანდიდატი ცნობილია თავისი ევროსკეპტიკური და ჰომოფობიური გამონათქვამებით.
არჩევნების პირველ ტურში 38 წლის ჯორჯე სიმიონმა ხმათა 41% დააგროვა. მან 47 საარჩევნო ოლქიდან 36-ში მოიპოვა გამარჯვება. ულტრამემარჯვენე ლიდერი ძირითადად დიდ ქალაქებში დამარცხდა. განსაკუთრებული მარცხი მან ბუქარესტში განიცადა.
სიმიონის მთავარი ოპონენტი, ბუქარესტის მერი, 55 წლის ნიკუშორ დანი, განათლებით მათემატიკოსი, ცნობილი გახდა ურბანული განვითარების სექტორში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით.
ჯერ კიდევ 2006 წელს მან დააარსა სამოქალაქო ასოციაცია „გადავარჩინოთ ბუქარესტი“, რომელიც სასამართლო დავებით ცდილობდა შეეჩერებინა უკანონო დეველოპერული პროექტები.
მოგვიანებით, მან დააფუძნა პარტია „რუმინეთის გადარჩენის კავშირი“. 2020 წელს კი ის არჩეულ იქნა დედაქალაქის მერად, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი.
ეს არის უკვე მეორე მცდელობა, რუმინეთმა აირჩიოს პრეზიდენტი.
2024 წლის ნოემბერში გამართული კენჭისყრის შედეგები საკონსტიტუციო სასამართლომ დეკემბერში გააუქმა, მეორე ტურის ჩატარებამდე ორი დღით ადრე; მიზეზად კი დასახელდა არჩევნებში რუსეთის ჩარევა, ულტრამემარჯვენე, პრორუსი პოლიტიკოსის - კალინ ჯორჯესკუს სასარგებლოდ. ერთ-ერთი ინფორმაციით, ჯორჯესკუს საარჩევნო კამპანიაში ჩართული იყო TikTok-ის ათობით ათასი ანგარიში. სპეცსამსახურები მიუთითებდნენ ასევე კიბერშეტევებზე, ინფორმაციის გაჟონვასა და დივერსიებზე.