რუბიო: ანკორიჯში შეთანხმება არ ყოფილა, იყო მხოლოდ წინადადება

3 hours ago 3

შარშან, აგვისტოში, ალიასკაში გამართულ სამიტზე აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმება არ იყო მიღწეული - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჟურნალისტებთან საუბარში, ახლო აღმოსავლეთში მისი ტურნეს დასრულების შემდეგ.

რუბიოს თქმით, ანკორიჯში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრისას განიხილებოდა "წინადადება" ომის დასრულების შესახებ, თუმცა არანაირი შეთანხმება არ ყოფილა. რუბიოს არ დაუკონკრეტებია რაში მდგომარეობდა ეს წინადადება.

ბოლო პერიოდში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აშშ-ის ხელმძღვანელობას ადანაშაულებენ იმაში, რომ მათ თითქოს ვერ შესძლეს ანკორიჯში მიღწეული შეთანხმებების განხორციელება. ამაზე ილაპარაკეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.

ეს რა შეთანხმებებია - ამას მოსკოვი არ აკონკრეტებს, თუმცა რუსეთის წარმომადგენლები მიანიშნებენ, რომ მათი ნაწილი იყო უკრაინის დონეცკის ოლქიდან უკრაინის სამხედროების გაყვანა. კიევს ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ ამას არ ეთანხმება, ხოლო აშშ-ს არ დაუდასტურებია, რომ ამის შესახებ შეთანხმება არსებობდა რუსეთთან.

ტურნეს ფარგლებში რუბიო ჩავიდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქუვეითსა და ბაჰრეინში. ის აცხადებს, რომ მომავალ კვირაში შვეიცარიაში განახლდება ირანთან კონსულტაციები, მანამდე ხელმოწერილი, კონფლიქტის დასრულების მემორანდუმის პირობების განხორციელების თაობაზე.

სრულად წაკითხვა