კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი 69 წლის ამერიკელი კარდინალი რობერტ პრევოსტი გახდა. მას ლეო XIV ეწოდა. იგი პირველი ამერიკელი პაპია ისტორიაში.
2015-2023 წლებში რობერტ პრევოსტი პერუში ერთ-ერთი ეპარქიის ეპისკოპოსად მსახურობდა. ის კარდინალად პაპმა ფრანცისკემ 2023 წელს აკუთხა. მიმდინარე წლის თებერვალში რომის პაპმა იგი კარდინალ ეპისკოპოსად დააწინაურა და რომის პროვინციაში, ალბანოს ეპარქიაში განაწესა.
სიქსტეს კაპელის სახურავიდან თეთრი კვამლი 8 მაისს საღამოს ამოვიდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ კარდინალებმა რომის პაპი აირჩიეს.
კვამლის ამოსვლიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კარდინალთა კოლეგიის კარდინალ-პროტოდიაკონმა დომინიკ მამბერტიმ მსოფლიოს ამცნო:
„ძვირფასო დებო და ძმებო, გაუწყებთ დიდ სიხარულს: HABEMUS APAM ჩვენ გვყავს მამა!
მაღალყოვლადუსამღვდელოესი და უღირსეულესი მეუფე – რობერტი.
რომის წმინდა ეკლესიის კარდინალი პრევოსტი, რომელმაც აიღო სახელი ლეო XIV“.
გამოცხადების შემდეგ ახალი პონტიფიკოსი წმიდა პეტრეს ტაძრის ცენტრალურ აივანზე წარდგა მოედანზე შეკრებილი ათასობით ადამიანის წინაშე.
„მშვიდობა თქვენ ყველას!“ – ასე მიმართა ახლად არჩეულმა რომის პაპმა ლეო XIV-მ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს.
პაპმა ლეო XIV-მ პატივი მიაგო გარდაცვლილ პაპ ფრანცისკეს და მოუწოდა მრევლს, მუდამ ახსოვდეთ ის.
„დავიმახსოვროთ პაპ ფრანცისკეს სუსტი ხმა, რომლითაც აღდგომის დილას რომს ლოცავდა, პაპი, რომელმაც რომი დალოცა, მთელი მსოფლიო დალოცა აღდგომის დილას. ნება მომეცით, გავაგრძელო ეს კურთხევა. ღმერთს ვუყვარვართ. ღმერთს უყვარს ყველა. ბოროტება ვერ გაიმარჯვებს“, – განაცხადა პაპმა ლეო XIV-მ იტალიურად.
პაპმა იტალიურ და ესპანურ ენებზე მადლობა გადაუხადა კარდინალებს, რომლებმაც ის ორდღიანი კონკლავის დროს აირჩიეს.
„ასევე, მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს ძმებს, კარდინალებს, რომლებმაც ამირჩიეს მემკვიდრედ. ყოველთვის ვეძებოთ მშვიდობა და სამართლიანობა“, – განაცხადა პაპმა ლეო XIV-მ.
კარდინალებმა პონტიფიკოსი კენჭისყრის ოთხი რაუნდის შედეგად აირჩიეს. კონკლავში 133 კარდინალი მონაწილეობდა 70 ქვეყნიდან (მათ შორის, 10 – ამერიკის შეერთებული შტატებიდან), რომელთა ასაკი 80 წელს არ აღემატება. მათგან 100-ზე მეტი კარდინალად ფრანცსიკემ აკურთხა.
რომის პაპის არჩევის პროცედურა გასაიდუმლოებულია. კონკლავის დაწყებიდან ახალი პაპის არჩევამდე კარდინალებს აკრძალული ჰქონდათ გარე სამყაროსთან ყველა სახის კომუნიკაცია. მათ არ მიუწვდებოდათ ხელი ინტერნეტზე, ტელეფონებსა და მედიაზე.
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში 21 აპრილს გარდაიცვალა. მისივე ანდერძის თანახმად, პონტიფიკოსი რომის სანტა მარია მაჯორეს ტაძარში დაკრძალეს.
მანანა ბანძელაძე
პ. ს. რომის ახალი პაპი ჩიკაგოშია დაბადებული და არსებული ინფორმაციით, მას იტალიური, ესპანური და ფრანგული ფესვები აქვს.
საინტერესოა, რომ პროტოდიაკონი დომინიკ მამბერტი, რომელმაც მსოფლიოს ამცნო ახალი პაპის სახელი, თბილისში არის ნამყოფი დაახლოებით 10 წლის წინ. ამის შესახებ ცნობილი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი რედაქტორი და მკვლევარი პაატა ნაცვლიშვილი წერს სოციალურ ქსელ ფეისბუქში.
„კარდინალი მამბერტი 2014 წლის 13 სექტემბერს თბილისში ბრძანდებოდა და მრავალ სხვა საქმესთან ერთად, სულხან-საბას ევროპაში მოგზაურობის ამბები დიდი ყურადღების მოისმინა ჩემგან. იმ დღის სამახსოვროდ მე მას ჩვენი მოგზაურობის მემორიალური მოქრული მედალი გადავეცი“, – წერს პაატა ნაცვლიშვილი.