ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ლივერპული“ სტამბოლში „გალათასარაისთან“ 0:1 დამარცხდა. მარცხს მერსისაიდელებისთვის დამატებით პრობლემაც დაერთო – შეხვედრის დროს ტრავმები მიიღეს ალისონ ბეკერმა და უგო ეკიტიკემ.
ბრაზილიელი მეკარის ნაცვლად მოედანზე გიორგი მამარდაშვილი გამოვიდა და სადებიუტო მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე. მთავარი მწვრთნელის, არნე სლოტის განცხადებით, 99.9%-ით ალისონი მომდევნო ტურში „ჩელსისთან“ ვერ ითამაშებს.
Sky Sports-ის ცნობით, ალისონი პრემიერლიგის შეხვედრას „ჩელსისთან“ და სანაკრებო პაუზას გამოტოვებს. ამის შემდეგ იგი დამატებით გამოკვლევებს ჩაიტარებს, რის საფუძველზეც სამედიცინო შტაბი მისი დაბრუნების ვადებზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
ამ გარემოებამ ქართველ მეკარეს გზა გაუხსნა: შაბათს მამარდაშვილს პრემიერლიგაში ექნება დებიუტი . მისი კალენდარი საკმაოდ რთულია – ჯერ „ჩელსისთან“ გამართავს შეხვედრას, შემდეგ კი სანაკრებო მატჩებში საქართველოსთან ერთად თურქეთსა და ესპანეთს დაუპირისპირდება, ორივეჯერ სტუმრად.
თუ ალისონის ტრავმა მოლოდინზე უფრო სერიოზული აღმოჩნდა, დიდი შანსია, რომ გიორგი 19 ოქტომბერს „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედთანაც“ მთავარი კარის დარაჯი იყოს.