წაკითხვა: 139
Multimedia.ge წარმოგიდგენთ გარე ბლოგერის, ლაშა ჭეიშვილის წერილს:
“დღეს მინდა ვისაუბრო იმ ადამიანებზე, ვინც წლების განმავლობაში “ქართული ოცნების” ე.წ “კარმუშკაზე” იჯდა.
თუ რას ნიშნავს ეს, აგიხსნით – ესენი არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტული ანაზღაურების სანაცვლოდ რაღაცას აკეთებს მმართველი პარტიისთვის, იქნება ეს ფეისბუქ პოსტების წერა, რომელშიც ყველაფერს ამართლებს და ამბობს, თუ რა კარგია მმართველი ძალა, რომ მის გარდა ალტერნატივა არ არსებობს, მადლობას უხდიან “ქართულ ოცნებას” მშვიდობისთვის, რომ ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის და ამ რეგიონალური დაძაბულობების ფონზე, ჩვენი საქართველო სამშვიდობო გზაზე დგას და ეს ყველაფერი “ქართული ოცნების” დამსახურებაა.
თუმცა, გამოხდა ხანი და “კარმუშკის” ქალები და კაცები მმართველი პარტიიდან დაფინანსების გარეშე დარჩნენ, ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზების გამო და ჰოი – მეორე დღიდანვე აღმოჩნდა, რომ “ქართული ოცნება” ცუდია, რომ ის არაფერს აკეთებს ქვეყნისთვის, რომ სათავეში არიან ბანდიტები, კორუფციონერები და გამყიდველები.
ახლა მინდა ამ ადამიანებს მოგმართოთ – გვიანია მორალის კითხვა, თქვენგან განსაკუთრებით.
მესმის, გაბრაზებული ხარ, წერ, ბრაზს იღებ, ოღონდ, მორალს მაინც ნუ უკითხავ იმ ხალხს, ვინც “ოცნების” მხარდამჭერია და ნუ ამუნათებ, შენ, ამის უფლება ნამდვილად არ გაქვს, რადგან სწორედ შენ იყავი ის ტაშისმკვრელი, პირველი რომ ამართლებდი ყველაფერს, არჩევნების დღეს პოსტს პოსტზე რომ დებდი, წადით და ხმა მიეცით “ქართულ ოცნებასო”.
შეირგე, რაც თავის დროზე მიიღე, ოღონდ, პირობითად, მე, ნუ დამიწყებ გაკიცხვას, თითის ქნევას და ლექციების კითხვას იმისთვის, რომ “ქართულ ოცნებას” ვუჭერ მხარს.
თქვენ არასანდო ხალხი ხართ, ნებისმიერ რამეს გაამართლებთ კონკრეტული სარგებლის სანაცვლოდ, ამიტომ, გირჩევთ – მორალი და მუნათი თქვენთვის შეინახეთ!,
არცთუ პატივისცემით, ლაშა ჭეიშვილი.
რუბრიკა “გარე ბლოგერი” საშუალებას გაძლევთ, თქვენი წერილები გამოქვეყნდეს Multimedia.ge-ს პორტალზე.
ამისთვის მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე Multimedia.ge
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს