2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ფურცელია. ცხინვალის მიმდებარედ ცეცხლის ალში გახვეული ქართული სოფლებში რუსული პოლიტიკის, დეზინფორმაციისა და ძალადობრივი ქმედებების შედეგი იყო, რომელიც წლების განმავლობაში იგეგმებოდა. იმ დღეებში საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, რას ნიშნავს მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან გახსნილი სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია და ამისთვის როგორ აღვივებდა ეთნიკურ შუღლს კრემლი საკუთარი მიზნების მისაღწევად.
რუსეთი 2008 წლის აგვისტოს ომისთვის გაცილებით ადრე ემზადებოდა, ვიდრე ამას მაშინ საერთაშორისო საზოგადოება აღიარებდა.
2006 წლიდან რუსეთის ჯარები სისტემატურად ამაგრებდნენ პოზიციებს ცხინვალის რეგიონში. რუსეთის სამხედრო ნაწილები უკვე 2008 წლის ზაფხულამდე მრავალრიცხოვანი წვრთნებით, გზების გაფართოებითა და სარკინიგზო ხაზების აღდგენით ამზადებდნენ ფონს მობილიზაციისთვის. ერთ-ერთი ასეთი იყო სამხედრო წვრთნები “Кавказ-2008”:
აგვისტოს ომამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩატარდა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, რომელშიც 8 000-ზე მეტი რუსი სამხედრო მონაწილეობდა. ეს წვრთნები სრულად ემთხვეოდა შემდგომ განხორციელებული ინტერვენციის სცენარს.
ცხინვალში მოქმედმა სეპარატისტებმა, რუსეთის უშუალო მხარდაჭერით, ივლისიდან გაამძაფრეს შეტევები ქართულ სოფლებზე, იწვევდნენ ქართულ მხარეს რეაგირებისთვის. პარალელურად, რუსული მედია ავრცელებდა ყალბ ცნობებს “ქართველი სამხედროების მხრიდან ოსთა გენოციდზე”.
რა მოხდა აგვისტოს დღეებში?
- 7 აგვისტო, 2008 წელი: საქართველოს ხელისუფლება დილიდან ცდილობდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სეპარატისტებთან, მაგრამ საღამოს ისევ ინტენსიური სროლები განახლდა.
- 8 აგვისტო — რუსეთის ღია ინტერვენცია: დილის 5 საათზე რუსეთის არმიამ როკის გვირაბიდან გადმოიარა და საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე შემოიჭრა. დღის განმავლობაში განახორციელეს მასიური საჰაერო დარტყმები საქართველოს სხვა ქალაქებზეც. მათ შორის იყო – გორი, სენაკი, ფოთი.
- 10-12 აგვისტო — ქართველების ევაკუაცია და რუსეთის სამხედრო დომინაცია: ქართული სოფლები გადამწვარი და გაძარცვული აღმოჩნდა. მოსახლეობის მასობრივი გადაადგილება ხდებოდა. ისინი მტრის ტანკებს გაურბოდნენ და ფეხით ტოვებდნენ ტერიტორიას.
- 12 აგვისტო — ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება: საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამავლობით მიღწეულ იქნა ე.წ. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. მიუხედავად ამისა, რუსული ჯარები დარჩნენ ქვეყნის შუაგულში კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში და დაარბიეს არაერთი ქართული სოფელი.
ომის დასრულების შემდეგ, არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ შეისწავლა ომის გამომწვევი მიზეზები და მხარეთა ქმედებები.
ევროკავშირის მხარდაჭერით მომზადებულ 1000-გვერდიან დასკვნაში (Heidi Tagliavini Report) წერია, რომ რუსეთის მოქმედებები იყო არაპროპორციული და წინასწარ დაგეგმილი. ასევე – რუსეთი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს, განახორციელა შეიარაღებული ძალების გადმოყვანა და ეთნიკური წმენდის ნიშნებით მოქმედებდა ქართულ სოფლებში.
რუსეთმა გამოიყენა სამხედრო ძალა არა მხოლოდ “მშვიდობის დამყარების” მიზნით, არამედ შეიჭრა იმ ტერიტორიებზე, რომლებიც არ იყო კონფლიქტის ზონა — რაც უკვე ოკუპაციის ნიშნებია.
Amnesty-ის ანგარიში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ომის შემდეგ რუსულმა და ოსურმა ძალებმა გაანადგურეს ეთნიკურად ქართული სოფლები.
HRW აცხადებს, რომ ოსურმა ფორმირებებმა, რუსეთის მეთვალყურეობის ქვეშ, დაწვეს ქართული სოფლები, აწამეს მშვიდობიანი მოქალაქეები, შედეგად კი არავინ დასჯილა.
საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია დღემდე გრძელდება. გარდა ამისა, ომის შედეგები მოიცავს 300-ზე მეტ დაღუპულს და ათასობით დევნილს, რომლებსაც მშობლიურ მიწა-წყალზე დაბრუნების უფლება წართმეული აქვთ. ოკუპაციის ხაზზე მუდმივად ხორციელდება გატაცებები, ეკლესიების აჭედვის და კულტურული მემკვიდრეობის განადგურების ფაქტები “ერთმორწმუნის” მიერ.
რუსეთმა განახორციელა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ინფორმაციული ომიც. საქართველოში ომი 2008 წელს არ დაწყებულა და არ დასრულებულა. წლების განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებელი კურსის შეჩერების მცდელობით და იმპერიალისტური მენტალობით, რუსეთი მას დღემდე ავითარებს.
დღესაც, როცა სოფელ ერგნეთიდან რუსული საგუშაგო ჩანს, როცა ადამიანები ვერ მიდიან საკუთარი ნაკვეთის დასამუშავებლად და ახლობლების საფლავების მოსანახულებლად, ცხადია, ომი არ დასრულებულა. მითუმეტეს, რომ მავთულხლართებითა და ამკრძალავი აბრებით სისტემატურად გრძელდება ქართული მიწის ოკუპაცია.