რატომ იყენებს „ოცნება“ ტერმინ „რუსოფობიას“ აგვისტოს ომის კვირეულში

1 hour ago 4

2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავის მოახლოებასთან ერთად „ქართულმა ოცნებამ“ რუსულ პროპაგანდისტულ სტილში გააქტიურა კამპანია საქართველოში „რუსოფობიის“ შესახებ და მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, რომლებიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას და რუსეთის უკრაინაში შეჭრასაც აპროტესტებენ, „რუსოფობებად“ მოიხსენიებს.

„რუსოფობიის“ შესახებ განცხადება დღეს, 4 აგვისტოს, დილით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაავრცელა. ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში, რომელიც შეთქმულების თეორიითაა გაჯერებული, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში, ტრადიციულად, საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება დაადანაშაულა.

კობახიძე კვლავ იმეორებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგად, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია განახორციელა“.

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და „ქართული ოცნებისადმი“ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეებისთვის, რომელთაც ის „უსამშობლოებად“ და „უცხოურ აგენტურად“ მოიხსენიებს, რუსეთი საქართველოს ნამდვილ ოკუპანტად არა საქართველოს, არამედ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ იქცა.

კობახიძე ირწმუნება, რომ „ქართული ოცნების“ ოპონენტების „დღევანდელი რუსოფობია ყალბია“ და მმართველი პარტიის კრიტიკოსები „გარე ძალების დავალებების“ შესაბამისად მოქმედებენ, ვინაიდან „მათი სამშობლო არა საქართველო, არამედ „დიპ სტეიტია“.

„უცხოურმა აგენტურამ რუსეთი დაუძინებელ მტრად მხოლოდ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ის უკრაინაში მეორედ შეიჭრა. უკრაინის მოქალაქეებზე რომ ვსაუბრობდეთ, რა თქმა უნდა, ეს სრულიად გასაგები იქნებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე „უსამშობლოებს“ საქართველოზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული, რადგან ასეთი დირექტივა აქვთ მიღებული. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ მათი გაგებით, რუსეთი საქართველოს ნამდვილ ოკუპანტად არა საქართველოს, არამედ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ იქცა.

ბუნებრივია, მათი ეს ემოციებიც სრულიად ყალბია, რადგან უცხოური აგენტურა ყოველგვარი ღირებულებებისგან არის დაცლილი, რაც დღემდე არაერთხელ დაამტკიცეს. თუმცა, ჩნდება ლოგიკური კითხვა – რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ, როდესაც საქმე საქართველოს ეხებოდა. საქართველოს სამშობლოდ ფორმალურადაც არ ცნობენ და უკრაინაა მათი სამშობლო? ლოგიკურია, რომ თუ ვინმეს რადიკალური ანტირუსული განწყობა უნდა ჩამოყალიბებოდა, ეს არა 2022 წლის, არამედ 2008 წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო“, – აცხადებს კობახიძე.

ირაკლი კობახიძის მსგავსად მესიჯბოქსი გარე ძალების მიერ დაკვეთილი რუსოფობიის შესახებ „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებმაც გაიმეორეს. მაგალითად, „ქართული ოცნების“ წევრი, ნინო წილოსანიც ამბობს, რომ მმართველი პარტიის კრიტიკოსები რუსულ ოკუპაციას „გარე პატრონების“ დაკვეთით აპროტესტებენ.

„საკუთარ ქვეყანაში ომისა და ოკუპაციის დროს დუმხარ, რუსულ კაპიტალს ტაშს უკრავ და 2022 წლიდან უცებ „მთავარი რუსოფობი“ ხდები – აი, ეს არის რადიკალური ჯგუფების და ოპოზიციის სახე!

დღეს პრემიერმა სრულიად ლეგიტიმური კითხვა დასვა: “ რატომ არ ჰქონდათ მათ დავალებული რუსოფობობა მაშინ, როდესაც ამის ყველაზე მძაფრი მიზეზი არსებობდა, ანუ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ რუსოფობობა ახლა, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი არა მათი ფორმალური სამშობლო, არამედ სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყანა გახდა?”

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ წლობით ვხედავდით ტურიზმისა და რუსული კაპიტალის წახალისებას, რასაც პროტესტის ნაცვლად, ტაშით ხვდებოდნენ დღევანდელი რადიკალები.

2022 წლიდან მათ უცებ „გაიღვიძეს“ და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ თავგამოდებულ “რუსოფობებად” მოგვევლინენ. =ყველა ფაქტი ერთ სამწუხარო რეალობაზე მიგვითითებს – საკუთარი ქვეყნის ტრაგედია მათთვის არაფერს ნიშნავს – მათი „პატრიოტიზმიც“,„სოლიდარობაც“ და ემოციებიც მხოლოდ გარე პატრონების ბრძანებით ირთვება.

საკუთარი ხალხის ტკივილზე დუმილი და უცხოურ ინსტრუქციებზე ყვირილი არც პატრიოტიზმია, არც გულწრფელი სოლიდარობა – ეს უბრალოდ სხვების ინტერესების უპირობო მსახურებაა“, – წერს წილოსანი ფეისბუქზე.

შეთქმულების თეორიას მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემაც და ის ადამიანები, რომლებიც რუსულ ოკუპაციას აპროტესტებენ, „დიფ სთეითის“ მსახურებად მოიხსენია.

„სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ახორციელებდა მოღალატეობრივ პოლიტიკას და ქვეყანამ ამის შედეგები იწვნია. ვისი დავალებით და მითითებით ხდებოდა ეს ყველაფერი, გაირკვევა.

სამწუხარო რეალობაა ის, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, თავიანთი ქმედებებით რუსებს ყველანაირად მიესალმებოდნენ, ხელს უწყობდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ხედავთ რა განცხადებები კეთდება. რა გამოდის, რომ როცა ჩვენ ომი გვქონდა, მაშინ კარგები იყვნენ რუსები და მერე გახდნენ ცუდები? ეს არის ფარისევლობა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანები არიან აგენტები, რომლებიც ემსახურებიან „დიფ სთეითს“ და კითხვის დასმის უფლებაც არ აქვთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მესიჯბოქსი გაიმეორა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა წევრმა, ლევან მაჭავარიანმა. ისიც ირწმუნება, რომ რუსეთი „ქართული ოცნების“ ოპონენტებისთვის ოკუპანტი უკრაინაში შეჭრის შემდეგ გახდა.

„რუსოფობები გახდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. თურმე რუსეთი ოკუპანტი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ჩვენთვის რუსეთი ოკუპანტი იყო 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული და მნიშვნელობა არ აქვს დამატებით რა გააკეთა სხვა ქვეყანაში რუსეთმა“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

რუსული ოკუპაციის გაპროტესტების „რუსოფობიად“ წარმოჩენის შესახებ „ქართული ოცნების“ ნარატივი მმართველი პარტიის სატელიტი „ხალხის ძალის“ წევრებმაც განავრცეს. „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უფრო შორსაც წავიდა და რუსეთის შეჭრის გამო საქართველოში უკრაინისადმი გამოხატულ სოლიდარობას „ოფიციალური კიევის დე-ფაქტო ანექსია“ უწოდა.

„დიდი ხანია არ მტოვებს ასოციაცია, რომ ყირიმის ანექსიის გამო, კიევის რეზიდენტურიდან მიღებული დავალების თანახმად, ჩვენი უსამშობლოთა რაზმი რუსეთზე ორიგინალურად იძიებს შურს და მათთვის უცხო ქვეყანას, საქართველოს, მისი ტოტალური უკრაინიზაციის გზით, ოფიციალური კიევის დე-ფაქტო “ანექსიის” ქვეშ აქცევს. აქ უკვე წლებია აფრიალებენ უკრაინის დროშებს, წლებია ბელადად – უკრაინის მოქალაქე ჰყავთ და საქართველოს სოფლებსა თუ ქალაქებში გაღვივებული რუსოფობიის რეციდივსაც – უკრაინული “აქცენტით” ახორციელებენ. იმ რუსოფობიის – რომლის გამოვლინებას 2008 წლის აგვისტოდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე – ადგილი არა თუ არ ჰქონია, არამედ ამ პერიოდმა უკრაინის მომავალი მოქალაქის, სააკაშვილის თაოსნობით – არნახული რუსოფილიის ნიშნით ჩაიარა. სწორედ ამის შესახებ გვახსენებს დღეს პრემიერ-მინისტრი თავისი წერილით და ძალიანაც რომ მოინდომოს ოპონენტმა – ძნელია მის შინაარსს არ დაეთანხმო.

განსაკუთრებით 2022 წლიდან, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში აშკარად გამოიკვეთა ერთი საინტერესო მეტამორფოზა, რომლის უგულებელყოფაც შეუძლებელია. სწორედ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დღეს საკუთარ იდენტობას უკომპრომისო ანტირუსულ რიტორიკაზე აგებენ, მსგავსი შეურიგებლობით არც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოირჩეოდნენ“, – წერს დავით ქართველიშვილი.

რეალურად კი, საქართველოში რუსეთის ოკუპანტად გამოცხადება უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებული არაა. ამას მოწმობს 2008 წლის სექტემბერში საქართველოს მიერ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა, გარდა ამისა, 2008 წლიდან საქართველოში მოქმედებს კანონი „საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, საერთაშორისო სასამართლოებში ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს წამოწყებული დავები რუსეთის წინააღმდეგ და საერთაშორისო ტრიბუნის გამოყენება რუსული ოკუპაციაზე სასაუბროდ, მათ შორის, გაეროს რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, რომელსაც საქართველო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლის მაისიდან წარადგენს.

რა თქვეს 1 დღით ადრე მოსკოვში

თბილისის გარდა, 2008 წლის აგვისტოს ომის კვირაში საქართველოში არსებულ „რუსოფობიაზე“ ისაუბრეს მოსკოვშიც. ირაკლი კობახიძის მიერ განცხადების გავრცელებამდე ერთი დღით ადრე, გუშინ, 3 აგვისტოს, კრემლის პროპაგანდისტის ვლადიმირ სოლოვიოვის მედიაპლატფორმაზე „რუსოფობიიის“ შესახებ ისაუბრა რუსეთში მყოფმა ქართველმა ბიზნესმენმა მამუკა ფიფიამ. ის პრორუსული პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერია.

„ქართული ოცნების“ მსგავსად, მამუკა ფიფიამაც განაცხადა, რომ საქართველოში „რუსოფობია“ ქვეყნის გარედან ორკესტრირებულია, უფრო ზუსტად კი – დასავლეთიდან.

მამუკა ფიფიას განცხადებით, დასავლეთი მრავალი წელია ოცნებობს და ვერანაირად ვერ მიაღწია, რომ ქართველები და რუსები დააპირისპირონ.

„რაც შეეხება საქართველოში რუსოფობიას, რა თქმა უნდა, არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შექმნას მითი იმის შესახებ, თითქოს საქართველოში რუსოფობიაა და ქართველები არასტუმართმოყვარეები არიან. რა თქმა უნდა, არის კიდევ ადამიანების გარკვეული ნაწილი, რომელიც ამას აღვივებს. ზოგიერთ შემთხვევას სინამდვილეშიც აქვს ადგილი, მაგრამ ბევრი შემთხვევა ორკესტრირებულია დასავლეთიდან“, – განაცხადა მამუკა ფიფიამ.

რა მიზანი აქვს „ოცნებას“

ირაკლი კობახიძის 4 აგვისტოს განცხადება კრემლისთვის სასარგებლოდ შეაფასა საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრმა და უშიშროების საბჭოს ყოფილმა მრჩეველმა თეონა აქუბარდიამ.

თეონა აქუბარდიას თქმით, აგვისტოს ომის კვირეულში, როდესაც ქვეყანა რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებს, კობახიძის განცხადება ემსახურება არა ოკუპანტის მხილებას, ერის გამთლიანებას ოკუპაციის საპირწონედ, არამედ კრემლის სასარგებლოდ ისტორიის გადაწერას, მისი ტერმინოლოგიის გამოყენებას რუსოფობიის ჭრილში, დასავლეთის და საკუთარი საზოგადოების წინააღმდეგ მორიგ პროპაგანდისტულ იერიშს.

„რა მიზანს ემსახურება 2008 წლის აგვისტოს ომის კვირაში ირაკლი კობახიძის განცხადება, რომლის მოკლე შინაარსი შემდეგია:

საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყების გადაბრალება: 2008 წლის აგვისტოს ომი და ტერიტორიების ოკუპაცია საქართველოს („ნაციონალური მოძრაობის“) დანაშაულის შედეგია და არა რუსეთის აგრესიის.

  •  ანტირუსული პროტესტის უარყოფა: 2022 წლამდე საქართველოში არანაირი ანტირუსული განწყობა ან პროტესტი არ არსებობდა.
  • „გარე დირექტივა“: 2022 წლის შემდეგ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ანტირუსული და ანტიოკუპაციური პოზიცია („რუსოფობია“) მთლიანად დასავლეთის, „დიპ სტეიტისა“ და „გლობალური ომის პარტიის“ მიერ არის მართული.
  • უკრაინის ბმა: ქართულმა „აგენტურამ“ რუსეთი მტრად მხოლოდ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ის უკრაინაში შეიჭრა, რადგან მათ საქართველოზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული.

მოდით გავაანალიზოთ განცხადების ხაზები:

  1. ომის დაწყების საქართველოსთვის გადაბრალება
    განცხადებაში 2008 წლის ოკუპაცია ქართულ მხარეს ბრალდება, რაც პირდაპირ იმეორებს კრემლის ნარატივს. ეს მაშინ, როცა ჰააგისა და სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოებმა ოფიციალურად დაადგინეს რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დანაშაულებსა და ეთნიკურ წმენდაზე.
  2.   „გავრილოვის ღამის“ მიჩქმალვის მცდელობა მისი მასპინძლის მხრიდან
    ის ყალბად ამტკიცებს, რომ ანტირუსული განწყობები 2022 წელს „გარე დირექტივით“ შეიქმნა. თუმცა განზრახ ივიწყებს 2019 წლის 20 ივნისი — „გავრილოვის ღამეს“, როდესაც რუსი დეპუტატის პარლამენტის სპიკერის სავარძელში დასმას ქართველი ხალხის ორგანული, მასშტაბური პროტესტი მოჰყვა, ხოლო თავად კობახიძეს თანამდებობის დატოვება მოუწია. მაშინ კრემლმა ეს პროტესტი სწორედ „რუსოფობიად“ შეაფასა და დასჯის მიზნით ფრენები შეაჩერა.
  3.   კრემლის ტერმინოლოგია: „რუსოფობია“
    „რუსოფობია“ არ არის საერთაშორისო ტერმინი — ეს რუსული პროპაგანდის იარაღია, რომლითაც მოსკოვი ნებისმიერ ანტიოკუპაციურ პროტესტს ეთნიკურ სიძულვილად აცხადებს (და სისხლის სამართლის დანაშაულადაც კი აქცია). როდესაც საქართველოს პრემიერი ამ სიტყვას იყენებს, ის ზუსტად იმეორებს კრემლის ლოგიკას და მოქალაქეთა ჯანსაღ პატრიოტიზმს „დანაშაულად“ წარმოაჩენს.
  4. კონსტიტუციის დარღვევა: ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“
    საქართველოს კანონმდებლობითა და კონსტიტუციით „სამხრეთ ოსეთი“ არ არსებობს — არსებობს ცხინვალის რეგიონი. თავად დღევანდელმა ხელისუფლებამ გააუქმა „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაცია“ იმ არგუმენტით, რომ ის არ არსებობს. პრემიერის მიერ ამ სიტყვის გამოყენება რუსული საოკუპაციო ნარატივის პირდაპირი ლეგიტიმაციაა.
  5.  ყალბი თანაგრძნობა
    ტექსტში ის ვრცლად საუბრობს ოკუპირებულ სოფლებსა და დევნილებზე, თუმცა მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის მანძილზე მას არც ერთხელ არ გაუვლია საოკუპაციო ხაზთან, რომ ადგილობრივების მდგომარეობით პირადად დაინტერესებულიყო.
  6. კონსპირაციები და უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის თემა
    „გლობალური ომის პარტიისა“ და „დიპ სტეიტის“ მსგავსი აბსტრაქტული თეორიებით ხელისუფლება ცდილობს რუსეთის აგრესია დასავლეთს გადააბრალოს, ხოლო ქართველი ხალხის ბუნებრივი სოლიდარობა უკრაინის მიმართ „გარედან მართულ აგენტურად“ გამოაცხადოს“, – წერს თეონა აქუბარდია.
სრულად წაკითხვა