გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, პროფესორი მადონა ჯუღელი გადაცემაში “შუადღე” საუბრობს, რა იწვევს ქოლესტერინის მომატებასა და წონაში მატებას 40 წლის შემდეგ:
– ესტროგენის დეფიციტი ისეთ მეტაბოლურ დარღვევას იწვევს, როგორიც ინსულინრეზისტენტობაა. ქალის ორგანიზმი 40 წლის შემდეგ ნივთიერებათა ცვლას ადუნებს. შესაბამისად, ამ პროცესში ქოლესტერინი აქტიურად აღარ არის ჩართული. ქოლესტერინი არის ნივთიერება, რომლითაც ჩვენი ჰორმონების სინთეზი ხდება. ამიტომ, მისი დაგროვება იწყება. კვების რაციონის ბალანსი მნიშვნელოვანია. ორგანიზმში ომეგა 3-ის შეტანა ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ ცუდი ქოლესტერინი შემცირდეს. ღვიძლში ესტროგენდეფიციტი სასქესო ჰორმონის შემბოჭველი პროტეინის დაქვეითებას, ანდროგენების მატებასა და ცუდი ქოლესტერინის მატებას იწვევს.
როდესაც ესტროგენი დეფიციტშია, ძვლის სტრუქტურა და მისი მინერალიზაცია ქვეითდება. შესაბამისად, და კალციუმის დეფიციტიც გვაქვს. აქაც სპორტსა და კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
40 წლის ასაკის შემდეგ მეტაბოლიზმი, ანუ ნივთიერებათა ცვლა ნელა მიმდინარეობს, რაც წონაში მატებას იწვევს. როდესაც საკვერცხე აღარ ოვულირებს, მას აღარ სჭირდება იმდენი ენერგია, რამდენიც იქამდე სჭირდებოდა. ხშირად ვამბობ ხოლმე, იმისათვის, რომ ოვულაცია შედგეს, იმდენი ენერგია უნდა გამოყოს ორგანიზმმა, როგორც, პირობითად, აქედან ბათუმში რომ ფეხით ჩავიდეთ. წარმოიდგინეთ, ორგანიზმი ამას ვეღარ აკეთებს. შესაძლოა, იმდენი რაოდენობის საკვებს ვიღებთ, რამდენსაც 40 წლამდე, მაგრამ გახარჯვა აღარ ხდება და ყოველწლიურად წონაში 3-5%-ით ვიმატებთ. ამის გაჩერება შეგვიძლია. პირველ რიგში, კვების რაციონის სწორად შედგენით, ვიტამინებითა და მინერალებით შევსებით, სპორტითა და სრულფასოვანი ძილით. 11 საათზე გვიან არ უნდა დავიძინოთ.