რატომ ვერ დაინახა ვერავინ ბავშვის წაქცევა – განმარტებები საზმაუს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე

2 hours ago 3

დღეს, 15 ივნისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე განიხილეს საკითხი, რატომ არ ჰქონდათ მყისიერი რეაგირება პირდაპირ ეთერში ბავშვის გონების დაკარგვასა და წაქცევაზე.

საუბარია 9 ივნისს, პირველი არხის დღის გადაცემაში მომხდარ შემთხვევაზე, როცა მუსიკალური ნომრის დროს 10 წლის ბავშვი დაეცა. მუსიკალურ ნომერს ასრულებდა 4 ზრდასრული მომღერალი 60-მდე ბავშვთან ერთად. სიმღერის დაწყებიდან მალევე უკანა რიგში მდგომი ბავშვი მოწყვეტით ეცემა. ამის შემდეგ, მუსიკალური ნომერი კიდევ 2 წუთს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში ბავშვის დაცემაზე რეაგირება არავის ჰქონია.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია მეორე დღეს ბავშვის ბებიამ, ნინო კუხალეიშვილმა გაავრცელა. მან გამოაქვეყნა ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც სტუდიაში, გადაცემის მიმდინარეობისას, ერთ-ერთი ბავშვის მშობლის მიერაა გადაღებული. ჩანაწერში ჩანს ბავშვის წაქცევა. ჩანს, რომ რამდენიმე მოზარდმა ეს შენიშნა, თუმცა მათ გააგრძელეს სიმღერა. ნინო კუხალეიშვილი წერდა, რომ ბავშვებს უფროსებმა ანიშნეს, გაეგრძელებინათ სიმღერა.

“სამი წუთის განმავლობაში ბავშვი უყურადღებოდ იწვა იატაკზე. ამ სამი წუთის განმავლობაში არავინ იცოდა, ჰქონდა თუ არა თავის ტრავმა, სჭირდებოდა თუ არა სასწრაფო დახმარება ან საერთოდ რა მდგომარეობაში იყო, მაგრამ ბავშვის უსაფრთხოება მაინც ყურადღების მიღმა დარჩა”, – წერდა ნინო კუხალეიშვილი.

მომხდარს საზოგადოების მწვავე რეაქცია და კრიტიკა მოჰყვა. ამის შემდეგ, განცხადებები გაავრცელეს, როგორც სიმღერის აკადემიამ, ისე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. ისინი ირწმუნებიან, რომ ბავშვის წაქცევა არ დაუნახავთ და არც ხმა გაუგიათ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე პროდიუსერებმა, რეჟისორებმა, წამყვანებმა, ადმინისტრატორებმა და სხვა პასუხისმგებელმა პირებმა განმარტეს, რა ხდებოდა გადაცემის განმავლობაში და რატომ და როგორ ვერ დაინახეს ბავშვის წაქცევა.

სხდომას არ ესწრებოდა ტელევიზიის დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი. როგორც სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ განმარტა, რომ თავად უნდოდა, რომ სხდომა დირექტორის გარეშე ჩატარებულიყო, რათა თანამშრომლებს თავისუფლად ესაუბრათ.

თავდაპირველად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის დირექტორმა, რუსუდან მანჯგალაძემ განმარტა გადაცემაში ბავშვების მიწვევის წინაპირობები. მისი თქმით, მუსიკალური აკადემიის ხელმძღვანელი პირები არიან ანსამბლების – “შვიდკაცასა” და “თეატრალურის კვარტეტის” წევრები. ბავშვებს რამდენიმე დღით ადრე კონცერტი ჰქონდათ ქუთაისში, რის შესახებაც სასაუბროდ მიიწვიეს გადაცემაში. სტუდიაში სულ 59 ბავშვი იყო. მანჯგალაძის ინფორმაციით, 30-მდე მათგანს თან ახლდა მშობელი, თუმცა ადმინისტრატორებმა მათ სთხოვეს სტუდია დაეტოვებინათ, რათა ხმაურს გადაცემის მიმდინარეობისთვის ხელი არ შეეშალა. ამის მიუხედავად 5-6 მშობელი მაინც დარჩა სტუდიაში, რომლებიც საკუთარი მობილური ტელეფონებით იღებდნენ ვიდეოებს. სწორედ ერთ-ერთი მშობლის ვიდეოში ჩანს ბავშვის წაქცევა. რუსუდან მანჯგალაძე აცხადებს, რომ ბავშვის წაქცევა არ გადაუღია ტელევიზიის არცერთ კამერას და არ დაუნახავს ტელევიზიის არცერთ თანამშრომელს. ის ირწმუნება, რომ ბავშვის წაქცევის კადრები მათაც, ისევე როგორც დანარჩენმა საზოგადოებამ, ნახეს სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი მშობლის მიერ გადაღებულ ვიდეოში.

“ეთერში ეს დავარდნის კადრი, სამწუხაროდ ვერ მოხვდა. ეს რომ მოხვედრილიყო და პროდიუსერებს, რეჟისორებს ეს დაენახათ, რა თქმა უნდა, მყისიერი რეაქცია ექნებოდათ – ან ეთერს გაიყვანდი [შეწყვეტდი] საერთოდ, ან ამ ბავშვს გამოიყვნდი და ა.შ. რაზეა საუბარი?!” – განაცხადა რუსუდან მანჯგალაძემ.

განხილვისას ითქვა, რომ სტუდია ძალიან დიდია და ისეა მოწყობილი, რომ მომღერლები და წამყვანები ერთმანეთისგან შორის არიან და პირდაპირ ვერ ხედავ ერთმანეთს. გარდა ამისა, მუსიკალური ნომერი ფონოგრამაზე შესრულდა, ამიტომ სტუდიაში ყველა მიკროფონი გათიშული იყო. როგორც ტექნიკური პერსონალური ამტკიცებს, ეს ნიშნავს, რომ საეთეროში მყოფი პროდიუსერი და რეჟისორი დავარდნის ხმას ვერ გაუგებდნენ.

რაც შეეხება კადრებს, როგორც გადაცემის პროდიუსერმა, სალომე მანჯგალაძემ განმარტა გადაცემაზე სულ 6 კამერა მუშაობდა. მათგან 5-ს ვიწრო, ან საშუალო ზომის კადრებს იღებდა რეჟისორის მითითებით, ფართო ხედის კადრებს კი მხოლოდ ერთი კამერა, ე.წ. კრანი აფიქსირებდა. გოგინაშვილის განმარტებით, ეს კამერა ბავშვის დავარდნის დროს იღებდა მხოლოდ პირველ რიგში მდგომთა პანორამულ ხედს, ამიტომაც ვერ დააფიქსირა უკანა რიგში მყოფი ბავშვის წაქცევა.

“ძალიან ცუდია, რომ ვერ დავინახეთ, მაგრამ არ მიკვირს, რომ ვერ დავინახეთ”, – განაცხადა პირველი არხის წარმოების სამსახურის უფროსმა, ალექსანდრე ჩადუნელმა განმარტა.

მან განმარტა, როგორ მუშაობენ ოპერატორები სტუდიაში და ახსნა, რატომ შეიძლება ვერ დაენახათ ბავშვის წაქცევა.

“სტუდიის ოპერატოს მართავს სტუდიის რეჟისორი ყურსასმენების მეშვეობით, რომელიც ყურზე უკეთიათ და შესაბამისად, უკუკავშირი აქვთ ამ ოპერატორებს სტუდიასთან. აქედან გამომდინარე, რეჟისორი რა დავალებასაც აძლევს [იმას აკეთებენ]. თან, მით უმეტეს, არის მუსიკალური სეგმენტი და არა საუბრის, ინტერვიუს წყნარი სიტუაცია. გასათვალისწინებელია, რომ 60 ბავშვი იდგა რამდენიმე რიგში. ეს ვარდნა ძალიან ბევრჯერ გადავახვიე, ყველამ ვინერვიულეთ – “რამე ხომ არ გავოგვრჩა?” ყველა კადრი ვიცი ზეპირად.

ბავშვი ძალიან მალე ქრება კადრიდან. ეს არის დაახლოებით 1,5-2 წამი და დაცემის შემდეგ აღარ ჩანს. უბრალოდ, არცერთ კადრში აღარ ჩანს, რომ ბავშვი იქ არის. ეს რომ მომხდარიყო ან პირველ რიგში, ან მეორე რიგში და დავარდნილი ბავშვი დაენახა ვინმეს … ვერავინ ვერ დაინახა.

ოპერატორებს აქვთ როგორი დავალება, იცით? რეჟისორისგან ესმის ყურში, რომელოც ფანგი აიღოს და ა.შ. ის ოროენტირებულია იმ ვიწყო, რამდეიმე-კაციან კადრზე, ან საშუალო კადრზე, რომ კომპოზიცია არ დაერღვას, ფოკუსი სწორად აკონტროლოს და ა.შ. ძალიან ბევრი ინფორმაციის გადამუშავება უწევთ ოპერატორებს, რადგან თვითონ არ იღებენ გადაწყვეტილებებს და უსმენენ რეჟისორს”, – თქვა განხილვისას ჩადუნელმა.

სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა გადაცემის წამყვანმა, ლიზა ბაგრატიონმაც. მან ბოდიში მოუხადა როგორც დაზარალებულ ბავშვს და მის ოჯახს, ისე იქ მყოფ ყველა ბავშვს და მათ ოჯახებს.

“სტუდია დიდია. ვიყავით ბევრი ადამიანი. არ მოხდა ამის დაფიქსირება. ეს არის მართლაც საზარელი სანახავი და მე ძალიან კარგად მესმის არა მხოლოდ ამ ბავშვის ოჯახის, არამედ ყველას შეშფოთება იმის გამო, რაც მათ დაინახეს […] მე მინდა გულწრფელად ბოდიში მოვუხადო არა მხოლოდ იმ საოცარ გოგონას, თავისი ოჯახით, არამედ ყველა იმ ბავშვს და მათ ოჯახებს ვინც იქ იდგა. იმიტომ, რომ ჩვენ, დიდებმა მოვახერხეთ და საოცარი სტრესი მივგვარეთ ამ დღეების განმავლობაში.

ასევე, ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა ჩემს თანამშრომელს, ყველა ჩემს კოლეგას, ჩემს საყვარელს არხს და ყველას, ვინც იყო იქ თუ არ იყო, იმიტომ, რომ პირველი არხს, რომელიც მე და ძალიან ბევრს საზოგადოებაში ძალიან უყვარს, ამ დღეების განმავლობაში ძალიან სერიოზული დარტყმა მიანიჭა ამ ფაქტმა და რა თქმა უნდა, თითოეულ ადამიანს, ვინც ეს გულთან მიიტანა, ვინც წარმოიდგინა თავისი თავი, თავისი შვილი და ეჭვი შეეპარა ადამიანის ჰუმანურობაზე, ყველას გულწრფელი ბოდიში მოვუხადო. ეს არის ერთადერთი, რაც მე შემიძლია, რაც მე შემიძლია”, – განაცხადა ლიზა ბაგრატიონმა.

სრულად წაკითხვა