წაკითხვა: 2
ჟურნალისტი ნანა ფაჟავა სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება.
ბევრი თქვენგანი პირველად გაიგებს, ბევრსაც შევახსენებ, მაგრამ რასაც ახლა გიამბობთ, საკუთარი თვალით ნანახი და განცდილი მაქვს და მის უტყუარობაში ახლაც ვერავინ გადამარწმუნებს!
2008 წლის აგვისტოს ომის პროვოცირება სააკაშვილმა და მისმა ,,სიკვდილის ესკადრონებმა” ფაქტობრივად 2007 წლის 3 თებერვალს, მაშინ დაიწყეს, როცა აფხაზეთში, გალის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელი, დავით სიგუა საკუთარი სახლიდან გაიტაცეს.
აფხაზურმა მხარემ მაშინვე ქართული სპეცსამსახურები დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სიგუა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიარაღებულმა პირებმა გადაიყვანეს. ეს ხდება ზუსტად დეფაქტო მთავრობის საპარლამენტო არჩევნების წინ. აშკარა იყო, რომ ამ დროს კონფლიქტის ზონაში ვითარების დაძაბვა სააკაშვილისთვის ყველაზე ხელსაყრელი იყო, მაგრამ სეპარატისტულ ხელისუფლებას მეტი გონიერება ეყო და დავით სიგუას გათავისუფლების მოთხოვნას ნაბიჯ-ნაბიჯ შეუდგა.
შეატყობინა და რეაგირებისკენ მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს. ნახა რა სააკაშვილმა მის მიერ დაგეგმილ პროვოკაციაზე სეპარატისტების სრული იგნორი, გაცილებით უარესი დაგეგმა-ადმინისტრაციულ საზღვართან ქართველი ბიჭების სიცოცხლით ითამაშა. სააკაშვილის რეჟიმის ოფიციალური ვერსია ასეთი იყო-2007 წლის 1 მარტს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი სტუდენტები, რომლებიც თითქოს რამდენიმე დღეში, აფხაზეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს აპროტესტებდნენ, გადაწყვიტეს ენგურის ნაპირებით ადმინისტრაციული საზღვრის გადმოლახვა, რა დროსაც რუსმა ჯარისკაცებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს და შემდეგ დააკავეს.
საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 19 წლის ლევან ყორშიას, 20 წლის ლევან ღაჭავას და 21 წლის კობა რიგვავას 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა გალის იზოლატორიდან 2 თვის შემდეგ, 3 მაისს გაათავისუფლეს. მეორე დღეს სააკაშვილმა მათ ღირსების მედლები თბილისში დაკიდა. რა მოხდა რეალურად-ცხადია, დაგეგმილი ოპერაციის შესახებ მე არავინ შემატყობინებდა და შესაბამისად, ვერც ეპიცენტრში მოვხვდებოდი სხვა ჟურნალისტებივით. არც ვიცოდი რიგიანად, თუ რა ხდებოდა ენგურთან, მაგრამ ზუგდიდიდან ტაქსით მაინც წავედი. რუსთავი-2 დან ემა გოგოხია და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან-ქეთი ბერაია და ნატო ბერულავა სპეცოპერაციის დაწყებამდეც იქ იყვნენ. რომ ჩავედი, მიახლოვება ვცადე და ასეთი სურათი დამხვდა-ეს ჩვენი ჟურნალისტები და სპეცსამსახურის ბიჭები მიწაზე არიან გართხმული და ეს უკანასკნელები ავტომატური იარაღებიდან ისვრიან, ხოლო ჟურნალისტები ვითომ თავდაცვის რეჟიმში არიან და ხოხვით გადაადგილდებიან.
დრამა! ლამის ტაში დავუკარი და ფეხზე მდგარი ზევიდან ვუყურებდი ამ საცოდაობას… მოკლედ, ყორშია, ღაჭავა და რიგვავა ზუგდიდელები იყვნენ და არა გალელები. მათთან ერთად იქ სხვა ახალგაზრდებიც იყვნენ. ერთ-ერთი გიორგი სამუშია იყო, რომელიც ამ ისტორიის შემდეგ გახდა პოლიციელი. უფრო სწორად, გახადეს.
(ზუგდიდის პოლიციის უფროსის, კობა ნარსიას კაბინეტში თენგიზ გუნავამ ,,წარმატებული ოპერაციის’’ სანაცვლოდ 2000 ლარი გადასცა საჩუქრად და პოლიციის რიგებში გაამწესა.) ეს ბიჭები ზუგდიდიდან მიიყვენეს ენგურის ნაპირებთან და გააკეთებინეს იმიტაცია თითქოს გალიდან შემოდიოდნენ. აქ, ნაძირალა სააკაშვილს და მერაბიშვილს დაგეგმილი ქონდა ამ ბიჭების ჩახოცვა.(რატომღაც სახეზე შავი ნიღბები ჰქონიათ) რადგან ისინი უკვე სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე იყვნენ, ცხადია მკვლელობა რუსულ არმიას დაბრალდებოდა, რომელიც იქვე ახლოს იყო დისლოცირებული.
ამ დროს, მოულოდნელად, მას შემდეგ შეიცვალა ვითარება, რაც ზუგდიდის უშიშროების მხცოვანმა თანამშრომელმა, ჩაჩიბაიამ აფხაზურ მხარეს შეატყობინა მოსალოდნელი მკვლელობების შესახებ და ბიჭების სიცოცხლის გადარჩენა სთხოვა. ეს იყო გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რუსლან ქიშმარია, რომელმაც სააკაშვილ-მერაბიშვილსა და რუს ჯარისკაცებს შუა ენგურში ბიჭები ,,აახია’’და გალის იზოლატორში გადაიყვანა.
მალევე დავურეკე რუსლან ქიშმარიას. მან დამიდასტურა მომხდარი და ძალიან შეშფოთებული იყო. მან მიამბო ერთ-ერთი ბიჭის შესახებ ( დავინდობ, არ დავასახელებ) რომელმაც დაკავების დროს შიშისგან ჩაიქაქა და რომ გამოგვეცვალა მისთვის, დიდი ზომის შარვალი ძლივს ვიშოვეო-მითხრა ქიშმარიამ. რუსლან ქიშმარიას გალის ოთხმხრივი შეხვედრებიდან ვიცნობდი და ჩემთან დაკავშირებით, და არა მარტო ჩემთან, მისი ყველა საქციელი ღირსეული იყო.
არასდროს მითქვამს ღიად, მაგრამ ამ ბიჭების, იქ დაკავებული ქართველი ჟურნალისტების თუ სამოქალაქო პირების გათავისუფლებაში ლომის წვლილი მაქვს, რადგან აფხაზები ჩემს გულწრფელობას, სიმართლისთვის ბრძოლას და ჩემი ქვეყნისადმი სიყვარულს ყოველთვის აფასებდნენ ,,ჩემებისგან” განსხვავებით, რომლებიც ქვეყნის მტერს მეძახდნენ. ამაზე სხვა დროს…საბოლოოდ, სააკაშვილმა და მერაბიშვილმა ,,გადააგდო” აფხაზური მხარე-დაპირების მიუხედავად, სტუდენტებში არ გაცვალეს დავით სიგუა. უფრო სწორად, ვერ გაცვალეს, რადგან ის უკვე მოკლული ყავდათ…მძიმე არის ეს ისტორია, მაგრამ ამ დღის ბოლო იყო ჩემთვის სახალისო-მთელი დღის ბოღმა სააკაშვილის რეჟიმის მიმართ იმ ტაქსისტზე გადავანთხიე, ვინც ენგურისკენ წამიყვანა. ფული არ მქონდა და შევპირდი მას, უკან რომ დავბრუნდებოდით, როგორმე დავუბრუნებდი. იმ ვირთხა კაცმა მგზავრობის ფულის სანაცვლოდ სხვა რამ მომთხოვა. გავაჩერე, გადმოვათრიე მანქანიდან, წიხლებით შევადექი და უმოწყალოდ ვურტყი”- წერს ნანა ფაჟავა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს