რამდენად დიდი შეცდომა დაუშვა ბაიერნმა რაიან გრავენბერხის გაშვებით?

6 days ago 9

თავის დროზე, ბაიერნმა რაიან გრავენბერხის სანაცვლოდ ამსტერდამის აიაქსს 18.5 მილიონი ევრო გადაუხადა, ერთი სეზონის შემდეგ კი კლუბმა ნიდერლანდელი ნახევარმცველი ლივერპულში 40 მილიონად გაუშვა.

ერთი მხრივ, თუ ფინანსური თვალსაზრისით შევაფასებთ, შეიძლება ითქვას, რომ ბაიერნმა 20 მილიონ ევროზე მეტი ძალიან იოლად გამოიმუშავა, თუმცა ღირდა თუ არა ამ ფეხბურთელის ასე მალე გაშვება, ეს ნამდვილად აჩენს კითხვის ნიშნებს.

გრავენბერხის მხარემ გარკვეული ხნის წინ მედიასთან ისაუბრა და ითქვა, რომ ფეხბურთელი ბაიერნში თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, რადგან შანსი ნაგელსმანისგან რაიანს პრაქტიკულად არ ეძლეოდა. ახალგაზრდა ნახევარმცველმა 2022/23 წლების სეზონის ბუნდესლიგაში 24-ჯერ ითამაშა და საგოლე მოქმედება საერთოდ არ ჰქონია, ამ სეზონის პრემიერ ლიგაში კი გრავენბერხს უკვე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი. მეტიც, ინგლისურ მედიაში წერენ, რომ რაიანი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, რომელიც თავისუფლად უწევს კონკურენციას კაისედოს, რაისს, როდრის და მსგავსი კალიბრის 6-იანზე მოთამაშე ფეხბურთელებს.

ჰოდა, ახლა ისმის კითხვა თუ რამდენად ღირდა გრავენბერხის ასე ნაადრევად გაშვება გუნდიდან, მაშინ როცა 23 წლის ნახევარმცველი ყველაზე პრესტიჟულ ლიგაში ბრწყინავს და სეზონს უმაღლეს დონეზე იწყებს. ალბათ, ამაზე პასუხი დროის სვლასთან ერთად უფრო უკეთ გვეცოდინება, თუმცა, ფაქტია, რომ ამ ფორმაში მყოფი გრავენბერხი ბაიერნსაც ძალიან გამოადგებოდა, ხოლო ის, თუ რატომ ვერ ათამაშდა გერმანიაში ეს მოთამაშე, ამაზე ყველაზე კარგად საუბარი სწორედ იულიან ნაგელსმანს შეუძლია, რომლის გერმანიაც ახლა არც ისე დამაჯერებლად გამოიყურება და სამუშაოს შესანარჩუნებლად ახალგაზრდა სპეციალისტს სცენარის სათავისოდ შემოტრიალება მოუწევს.

სრულად წაკითხვა