საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა დავით კაჭარავამ აღმასრულებელ დირექტორად თორნიკე გოგებაშვილი დაამტკიცა, რაგბის განვითარების დირექტორის მოვალეობას კი ჯაბა მალაღურაძე შეასრულებს.
თორნიკე გოგებაშვილი ქართულ რაგბიში არსებული რთული კრიზისის ფონზე რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად 2020 წლის აგვისტოში დაინიშნა. 2021 წელს, რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძის არჩევის შემდეგ ის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი გახდა, 2022 წლიდან კი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებს. 2020 წლამდე თორნიკე გოგებაშვილი 8 წლის განმავლობაში სპორტის სამინისტროში სხვადასხვა მაღალ თანამდებობას იკავებდა.
ქართული რაგბისთვის ყოველმხრივ წარმატებული 4-წლიანი ციკლის შემდეგ, 2025 წლის 26 აპრილს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩეულმა დავით კაჭარავამ 36 წლის თორნიკე გოგებაშვილი აღმასრულებელ დირექტორად დაამტკიცა და ერთად შეეცდებიან ქართული რაგბის წარმატებული სვლის გაგრძელებას.
41 წლის ჯაბა მალაღურაძე თამაშობდა საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში, მერე კი უკრაინის ეროვნული და 7-კაცა ნაკრების წევრი იყო. 2013 წლიდან ის საქართველოს 7-ქალა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და გუნდი ჯერ რაგბი ევროპის ალაფაზე დააწინაურა, შარშან კი ისტორიაში პირველად, ჩვენს 7-ქალას რაგბი ევროპის ჩემპიონატის საგზური მოაპოვებინა, სადაც ამა წლის ივნისში ითამაშებს. მისი თავკაცობით ამა წლის აპრილში პირველი თამაშები ჩაატარა საქართველოს 15-ქალა ნაკრებმა.
ჯაბა მალაღურაძე რჩება ქალთა გუნდების მთავარ მწვრთნელად და პარალელურად, რაგბის განვითარების დირექტორის მოვალეობას შეასრულებს. მანამდე აღნიშნულ თანამდებობას რამა ჩანდი იკავებდა.
RUGBY.GE