სიტყვის ხუთი კონგრესმენი გამოვიდა - სამი რესპუბლიკელი და ორი დემოკრატი.
- ბრაიან მასტი - რესპუბლიკელი, ფლორიდა
- ჯონი ოშესკი - დემოკრატი, მერილენდი
- ჯო უილსონი - რესპუბლიკელი, სამხრეთ კაროლინა
- სტივ კოენი - დემოკრატი, ტენესი
- უორენ დევიდსონი - რესპუბლიკელი, ოჰაიო
ოთხი მათგანი მხარს უჭერდა „მეგობარი აქტის“ მიღებას, ერთი კი - რესპუბლიკელი უორენ დევიდსონი - ეწინააღმდეგებოდა.
აი, რა თქვეს მათ დღევანდელ განხილვაზე:
ბრაიან მასტი: პარტნიორობა, გავლენის ბალანსი
„საქართველო ოდესღაც ნატოს მთავარი კანდიდატი და შეერთებული შტატების მოკავშირე იყო, განსაკუთრებით 2008 წელს რუსეთის შემოჭრის შემდეგ. შეერთებული შტატები სარგებელს იღებდა მასთან სამხედრო და სადაზვერვო თანამშრომლობით, ქართველი ხალხი ცნობილია პროამერიკული განწყობით.
სამწუხაროდ, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა საქართველოსთან შეირყა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ნაბიჯების გამო, რომლებიც იმეორებენ რუსეთის ავტორიტარულ ტაქტიკას და აჩვენებს ჩინეთთან და ირანთან მათ დაახლოებას.
აშკარაა ის სარგებელი, რასაც პროდასავლური დემოკრატიული საქართველოს შეუძლია შემოგვთავაზოს. შავ ზღვაზე საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა მას ცენტრალურ აზიაში შუა დერეფნის გავლით ვაჭრობისთვის მნიშვნელოვან ქვეყნად აქცევს და შეიძლება დააბალანსოს რეგიონში ირანისა და რუსეთის გავლენა.
მე მხარს ვუჭერ ბატონი [ჯო] უილსონის მიერ წარმოდგენილ ამ ორპარტიულ კანონპროექტს, რადგან ის საქართველოს რესპუბლიკის მიმართ იყენებს მიდგომას, „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“.
ეს კანონპროექტი სანქციებს დაუწესებს რეჟიმის წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და პროდასავლური ტრაექტორიის შელახვის გამო, ასევე, გადახედავს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, მათ შორის დახმარების პროგრამებს და მოითხოვს ანგარიშის მომზადებას, რომელიც შეიწავლის რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ქმედებებს საქართველოში.
თუმცა, ეს კანონპროექტი ასევე აძლევს საქართველოს ალტერნატივას. როგორც კი პრეზიდენტი [დონალდ ტრამპი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ] დარწმუნდება, რომ საქართველო დაუბრუნდა პროდასავლურ ტრაექტორიას, [კანონპროექტი] გვპირდება ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებას, სამხედრო თანამშრომლობას და ხელს უწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას“.
ჯონი ოშესკი: აგენტების კანონი, არჩევნები
მე მხარს ვუჭერ ამ ორპარტიულ კანონპროექტს, რომელიც შექმნილია იმის უზრუნველსაყოფად, რომ აშშ ერთგული დარჩეს საქართველოს ევროატლანტიკური და დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ.
კომუნიზმის დაცემის შემდეგ, განსაკუთრებით 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობა წლების განმავლობაში მუშაობდა დემოკრატიისა და ეკონომიკის წარმატებით ასაშენებლად. ამავდროულად, ისწრაფვოდა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ…
საქართველოს ისტორია წარმატების ისტორიაა. შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მდებარე საქართველო უფრო დიდი გეოპოლიტიკური ძალებისთვის უცხო არ არის. ~ რუსეთი 2008 წელს პეკინის ოლიმპიადის დროს საქართველოში შეიჭრა და მისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა. რუსეთის მხრიდან მუდმივი საფრთხის მიუხედავად, ქართველები აგრძელებენ დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას და, როგორც ამ კანონმდებლობაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ერაყისა და ავღანეთის ომებშიც კი.
თუმცა, ევროპის სხვა ნაწილებსა და საკუთარ ქვეყანაში არსებული გამოცდილებიდან ძალიან კარგად ვიცით, რომ დემოკრატიული პროგრესი მყიფეა და მუდმივ ყურადღებას საჭიროებს.
2023 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტი, რომელიც, მათი თქმით, გამჭვირვალობისკენ იყო მიმართული. თუმცა, კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიას მძიმე შეზღუდვებს უწესებდა და მათს სტიგმატიზაციას ეწეოდა, როგორც „უცხოეთის აგენტებისა“.
აშშ-სა და ევროპაში პარტნიორების გაფრთხილებებისა და საპროტესტო აქციების ტალღის შემდეგ, მთავრობამ კანონპროექტი უკან გაიწვია, თუმცა 2024 წლის აპრილში ხელახლა წარადგინა. ამ დროისთვის, მასშტაბური პროტესტის, პრეზიდენტის ვეტოს, აშშ-ის კონგრესის, ბაიდენის ადმინისტრაციისა და ევროკავშირის დამატებითი შენიშვნების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა ეს კანონპროექტი დაამტკიცა.
მოგვიანებით, დემოკრატიული უკუსვლის კიდევ ერთი მაგალითი გახდა 2024 წლის შემოდგომაზე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც არც თავისუფალი ყოფილა და არც სამართლიანი და ჩატარდა მრავალი და სერიოზული დადასტურებული საარჩევნო დარღვევით.
ეს კანონი [„მეგობარი აქტი“] საქართველოში დემოკრატიული მდგომარეობის გაუარესებაზე რეაგირებას წარმოადგენს. ის ქართველ ხალხს აცნობებს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ დემოკრატიის, პატივს ვცემთ მათს უფლებებს და მხარს ვუჭერთ მათს ევროატლანტიკურ საზოგადოებაში უფრო ღრმა ინტეგრაციის სურვილს.
ჯო უილსონი
155 დღეზე მეტია, რაც თავისუფლების მოყვარული საქართველოს ხალხი მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში თავისი ერის მომავლისა და სულის დასაცავად.
ისინი შეერთებული შტატების დროშებში არიან გამოწყობილები და ჩვენი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პლაკატებს დაატარებენ, რაც თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი მათი სიყვარულისა და თანაგრძნობის გამოხატულებაა.
მათი ნება ნათელია. ისინი არ დაუშვებენ, რომ კორუმპირებული ბიზნესმენის უკანონო რეჟიმმა მათი ქვეყანა დაანგრიოს…
2020 წელს მქონდა ბედნიერება, მაშინ კომიტეტის თავმჯდომარის, ამჟამად კი [წარმომადგენელთა პალატის] სპიკერის, მაიკ ჯონსონის ხელმძღვანელობით, „რესპუბლიკური კვლევის კომიტეტის“ (RSC) ანგარიშში უსაფრთხოების შესახებ წარმედგინა, სადაც გამოვედი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოწოდებით. რესპუბლიკელები ჯერ კიდევ მაშინ ხედავდნენ საფრთხეს, რომელსაც მაშინ ეს ავაზაკი და მისი მეგობრები ქმნიდნენ.
„ქართულმა ოცნებამ“ სწრაფად დაიწყო ამერიკასთან ასოცირების კრიმინალიზაცია 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. მან უარყო ამერიკული კომპანიების შეთავაზება სტრატეგიული ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ მიერ ჩინეთის კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ. აშშ-ს მიერ 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ყველა მსხვილი სამშენებლო კონტრაქტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ან მასთან აფილირებულ კომპანიებს, ანუ ჩინეთის კომუნისტური პარტიის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიებს გადაეცა.
ეს ბლოკავს ამერიკის „შუა დერეფნიდან“ და უწყვეტს კრიტიკულად მნიშვნელოვან მინერალებზე წვდომას ცენტრალურ აზიაში, რომლის შემადგენელ ქვეყნებსაც ასევე სურთ იყვნენ ამერიკისა და დასავლური ცივილიზაციის მეგობრები. რეჟიმი ყოველდღიურ ანტიამერიკულ პროპაგანდას ეწევა და აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსნებს, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპს, ასევე, სენატის საგარეო საქმეთა თავმჯდომარეს, პატივცემულ ჯიმ რიშს, ადანაშაულებს კორუფციაში და „დიპ სტეიტის დაქვემდებარებაში“. სულ რაღაც გასულ კვირას მთავრობის წარმომადგენელმა განცხადება გააკეთა, რომ დონალდ ტრამპი ღრმა სახელმწიფოს იარაღი იყო...
ეს კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს „ქართული ოცნების“ ავაზაკებისათვის, მათი უკანონო ქმედებების გამო. იგი ასევე ითვალისწინებს ორმხრივი კავშირების გაძლიერებას მას შემდეგ, რაც საქართველო დაუბრუნდება თავის კონსტიტუციის ვალდებულებებს“.
ინფორმაცია განახლდება