ხანგრძლივი პროტესტის მონაწილე მაღაროელები დღეს საღამოს, 19 მაისს წერდნენ, რომ 21:00 საათისთვის ელოდებოდნენ კომპანიისგან უკუკავშირის მიღებას მათს წამოყენებულ მოთხოვნებზე.
კომპანიამ 20:45 საათზე ფეისბუკზე გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც აცნობა ახალი გადაწყვეტილება „რეორგანიზაციის პროცესის შუალედური შეფასების“ შედეგად. ანალოგიური მოკლე ტექსტური შეტყობინებები დაეგზავნათ კომპანიის თანამშრომლებსაც.
კომპანია აცხადებს, რომ „მათთვის, ვინც რეორგანიზაციის შედეგად ჩვენთან გააგრძელა შრომითი ურთიერთობა, უახლოეს 2-3 კვირაში“ დაიწყებს მარტისა და აპრილის სახელფასო დავალიანების „ეტაპობრივ ანაზღაურებას“.
- სავარაუდოდ, საუბარია თანამშრომელთა იმ ნაწილზე, რომლებმაც ხელი მოაწერეს კომპანიის დარიგებულ ხელშეკრულებებს; მათი რაოდენობა უცნობია;
- კომპანია არ წერს დავალიანების მოცულობას და არც იმას, რამდენ ხანს გაგრძელდება „ეტაპობრივი ანაზღაურება“.
„რაც შეეხება იმ პირებს, რომელთა შემთხვევაში სხვადასხვა მიზეზით ვერ მოხერხდა შრომითი ურთიერთობების გაგრძელება, ისინი განიხილებიან როგორც საბოლოოდ დათხოვილი თანამშრომლები“, - აცხადებს CMC-ი.
კომპანია წერს, რომ მათ აუნაზღაურებს „ერთთვიან კომპენსაციას“ და „2025 წლის 27 აპრილამდე დარიცხულ სახელფასო თანხას“.
„საბოლოო ანგარიშსწორება მოხდება შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ“, - წერია განცხადებაში.
მანამდე რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნებულ ვიდეოში მიხეილ სოცკი ამბობდა: „სამუშაო პროცესი ყველა უბანზე მიმდინარეობს. ვფიქრობ, ამ კვირის ბოლოს ზოგ მაღაროში მოპოვებას დავიწყებთ და თანდათან დანარჩენი მაღაროებიც გადავლენ მოპოვებაზე“.
პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ სამუშაო პროცესის დაწყება მაშინ, როდესაც მათი ოთხი თანამოაზრე დაკავებულია და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ელის, რასაც ისინი უსამართლოდ აფასებენ, დაუშვებელია:
„ახლა უკვე ნათელია ყველაფერი. საკითხი დგას ასე: არ უნდა გაგრძელდეს მუშა პროცესი. უბრალოდ, არც უნდა გამოცხადდნენ სამუშაო ობიექტებზე. არ უნდა დაგვჭირდეს პოლიციის კორიდორით მაღაროში შეძრომა და მსგავსი ქმედებები. ჩვენ თუ დავიწყებთ მუშა პროცესს, ეს უნდა იყოს ღირსეული, სამართლიანი ყველასთვის - როგორც ჩვენთვის, ისე კომპანიისთვის, - მაგრამ აზრი არ აქვს იმ ყველაფერს, თუ ის ოთხი უსამართლოდ დაკავებული იქნება ციხეში. ყოვლად ამორალური იქნება ჩვენი მხრიდან მათზე გადაბიჯება“, - ამბობს საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ფეისბუკ-გვერდ „მაღაროელის“ ლაივ ჩართვაში.
პროტესტის მონაწილეები მოუწოდებენ მაღაროელებს - მათ თანახმად, თანამშრომელთა იმ მცირე ნაწილს, რომლებიც ერთვებიან სამუშაო პროცესში, - აღარ შევიდნენ მაღაროებში.
ოთხ დემონსტრანტს, რომლებიც 29 აპრილს შსს-ის ოპერაციის დროს დააკავეს, 1 მაისს შეუფარდეს პატიმრობა.
- გამოძიება გიორგი ნეფარიძესა და მერაბ სარალიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
- თენგო გველესიანს და აჩიკო ჭუმბურიძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ელით.