პროკურატურა „უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების“ ფაქტს იძიებს

5 hours ago 3

საქართველოს პროკურატურამ 27 მაისს განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება „პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების“ ფაქტზე მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემენ პოლიციელები ორ მამაკაცს გორში მათი დაკავებისას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით და ისჯება ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. პროკურატურის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო და  საპროცესო მოქმედებები.

განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ადგილობრივმა მედიასაშუალება „ქართლის ამბებმა“ გორის კომბინატის დასახლებიდან ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ჩანს როგორ უახლოვდება დაახლოებით ათი პოლიციელი რამდენიმე ადამიანს, ერთ მამაკაცს ძალით მიათრევს დასაკავებლად და რამდენჯერმე ურტყამს ფეხს მიწაზე დაწოლილ მეორე პირს. კადრებში ასევე ჩანს, როგორ ყვირიან მამაკაცები, როდესაც პოლიცია მათ ცემს.

მართალია ერთ-ერთმა პოლიციელმა ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკავებულს ცივი იარაღი ჰქონდა, ერთ-ერთმა პირმა, რომელიც, სავარაუდოდ, პოლიციამ სცემა, ჟურნალისტებთან კომენტარში ეს ფაქტი უარყო.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა