საარჩევნო ადმინისტრაციის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემებით, კაროლ ნავროცკიმ ხმების 50,89%-ით გაიმარჯვა. მას არჩევნებში მხარს უჭერდა ოპოზიციური მემარჯვენე-ნაციონალისტური, კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართალი“.
კაროლ ნავროცკიმ, რომელიც 2021 წლიდან ხელმძღვანელობს პოლონეთის „ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტს“, საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა მმართველი პარტიის, ლიბერალურ-კონსერვატიული პოლიტიკური ორიენტაციის ცენტრისტული „სამოქალაქო პლატფორმის“ კანდიდატი, ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი. მას მეორე ტურში ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა 49,11%-მა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 1 ივნისს ჩატარდა. ამომრჩეველთა აქტივობა 71,63% იყო.
ევროკავშირისა და ნატოს წევრი პოლონეთის პრეზიდენტად არჩეული კაროლ ნავროცკი კრიტიკულადაა განწყობილი ევროკავშირისა და უკრაინისადმი. ნავროცკის მოსწონს აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის პოლტიკა.
ანალიტიკოსების შეფასებით, პოლონეთის პრეზიდენტად კაროლ ნავროცკის არჩევა გამოიწვევს არა მხოლოდ ევროკავშირში ურთიერთობების დაძაბვას, არამედ შიდაპოლიტიკურ კრიზისსაც ლიბერალურ მთავრობასა და კონსერვატორ პრეზიდენტს შორის.
პოლონეთის მოქმედ პრეზიდენტს, კონსერვატორ ანჯეი დუდას უფლებამოსილების ვადა აგვისტოში ეწურება.