პოლიტიკოსები და საერთაშორისო პარტნიორები აგვისტოს ომის წლისთავს ეხმიანებიან

1 hour ago 1

18 წლის წინ ამ დღეს რუსეთის ფედერაციამ საქართველოზე სრულმასშტაბიანი შეტევა დაიწყო. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველომ 200 სამხედრო და 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა.

ომის შემდგომ პერიოდში რუსეთმა ოფიციალურად აღიარა აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი სამხედრო ყოფნა ორივე ტერიტორიაზე.

ქვემოთ მოცემულია ქართველი პოლიტიკოსებისა და საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით:

ოპოზიციური პარტიების/პოლიტიკოსების განცხადებები

პარტია „საქართველოსთვის“: „18 წლის წინ რუსეთი ღიად შემოიჭრა საქართველოში და მოახდინა საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია. აგრესორისგან სამშობლოს დაცვისას ჩვენ მძიმე ფასი გადავიხადეთ და პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს. სამწუხაროდ, აგრესია დღესაც გრძელდება – საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული რჩება, ხოლო მოსკოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ანექსიის პროცესი დააჩქარა. ამ საგანგაშო მოვლენების ფონზე, „ოცნების“ ხელისუფლებამ, საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზების ნაცვლად, საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება არჩია, ხოლო მიმდინარე ანექსიის პროცესებს დანაშაულებრივი დუმილით პასუხობს.

ცინიკურია, რომ 2008 წლის ომის წლისთავზე, „ოცნების“ წარმომადგენლები ოკუპაციასა და ოკუპაციის მსხვერპლ საკუთარ მოქალაქეებზე მეტად ე.წ. „რუსოფობიის“ გამო სწუხან. მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას, მტკიცედ დაუჭიროს მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და დაგმოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ანექსიის პროცესები. დღეს ეს მხარდაჭერა მით უფრო მნიშვნელოვანია „ოცნების“ კოლაბორაციონისტული პოლიტიკის ფონზე“.

თაზო დათუნაშვილი, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი: „ჩვენ ვცხოვრობთ ღალატის ეპოქაში, როდესაც პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს ემუქრება ციხით დასჯით იმისთვის, რომ მათ საქართველოს მტერი არ უყვარდეთ. საქართველოს მტერი არ უნდა გიყვარდეთ… რუსეთი მტერია. რუსეთი არის ის, რის გამოც აქ ეს მემორიალი დგას, რის გამოც შეწყდა 20 წლის, 25 წლის სამშობლოსთვის თავდადებული საუკეთესო ქართველების სიცოცხლე. ეს არის მეხსიერების, ხსოვნის დღე“.

გიგი წერეთელი, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი: „ეს გმირები ყოველთვის ცოცხლები იქნებიან ჩვენს ისტორიაში, ჩვენს ცნობიერებაში, სხვა ომი გრძელდება დღეს – ეს არის ჰიბრიდული ომი, რომელსაც რუსეთი კვლავ აწარმოებს, რომლისთვისაც მიუღებელია საქართველოს დამოუკიდებელ ქვეყნად ყოფნა და განვითარება“.

პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: „რამდენი ასწლეულიც არ უნდა გავიდეს, მომავალი თაობების ქართველებს ემახსოვრებათ, რომ ღირსება და თავისუფლება დავიცავით, დაუნდობელ იმპერიას ხელი შევუბრუნეთ, მსოფლიო დავარწმუნეთ, რომ ღირსი ვიყავით მხარდაჭერის და საერთაშორისო მასშტაბით უპრეცედენტო რეფორმები განვახორციელეთ, რომ უმძიმესი დარტყმის შემდეგ ისევ დავდექით ფეხზე და გავაგრძელეთ სწრაფი განვითარება და ძალიან წარმატებული საქართველოს პრეცედენტი შევქმენით. აღარ არიან ანწუხელიძე და შინდისის გმირები, აღარ ვიქნები მე და წავლენ დღევანდელი თაობები, მაგრამ დარჩევა და მრავალი სახეცვლილებით მაინც იარსებებს მარადიული საქართველოს იდეა, წარმოუდგენლად მამაცის, ნიჭიერის და მაშინაც კი, როცა აღარავინ არ ელის ამას, ყოველ ჯერზე ფეხზე წამომდგომი და სრულიად უიმედო სიტუაციებიდან გამარჯვებულად გამომსვლელის“.

საელჩოები/საერთაშორისო გამოხმაურებები

აშშ-ის საელჩო თბილისში: „დღეს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის სამხედრო აგრესიიდან თვრამეტი წელი გავიდა. შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობას. სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხაზს ვუსვამთ, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საჭიროებას“.

საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და  დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება: „7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა. 2008 წლის ამ დღეს, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები წამოიწყო, რითაც კიდევ უფრო შელახა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მოახდინა საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია.

რუსული აგრესიიდან 18 წლის შემდეგ, კვლავ ვადასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მივესალმებით ნაოეროს რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, გაიწვიოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. მოვუწოდებთ იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც ამ ერთეულებთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, მიყვნენ ამ მაგალითს…

შეშფოთებულნი ვართ სამხრეთ ოსეთში ბოლოდროინდელი მოვლენებით. 2026 წლის 9 მაისს მოსკოვსა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის ხელმოწერილი „ალიანსისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმება“ კიდევ უფრო არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევას. ეს დოკუმენტი, ისევე როგორც რეგიონის სათავეში რუსეთის მოქალაქის დანიშვნა, აძლიერებს შეშფოთებას რეგიონის შესაძლო სრულმასშტაბიანი ანექსიის თაობაზე, რაც უპასუხოდ არ დარჩება…

ანდრიი სიბიჰა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: „თვრამეტი წლის წინ, რუსული ძალები სასტიკად შეიჭრნენ სუვერენულ საქართველოში, დაარღვიეს საერთაშორისო სამართალი, მოსკოვის იმპერიული პოლიტიკის ფარგლებში, რომლის მიზანიც სხვა ერებისა და ხალხების დამორჩილებაა. 2008 წლის აგრესიამ და ქართული მიწების ოკუპაციამ, ასევე დაუნდობელმა მცოცავმა ანექსიამ, პირდაპირ გაუხსნა გზა რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.

უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ არასდროს შევეგუებით რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის მიწების უკანონო ოკუპაციას და არც „რუსულ სამყაროს“, რომელსაც მხოლოდ ნგრევა, სიღარიბე და ადამიანის უფლებების დარღვევა მოაქვს ყველგან, სადაც კი მიდის. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გააძლიეროს ზეწოლა მოსკოვზე, დააწესოს მკაცრი სანქციები და უზრუნველყოს სრული პასუხისმგებლობა რუსული დანაშაულებისთვის. ხანგრძლივი ევროპული მშვიდობა მოითხოვს რუსული ჯარების სრულ გაყვანას და საერთაშორისო სამართლის სრულ აღდგენას“.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის მე-18 წლისთავზე, ლატვია კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მკაცრად გმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას. ლატვია გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ ბრძოლაში“.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „18 წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო, ოკუპირებული იქნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები. ლიეტუვა გმობს ამ რეგიონების მიმდინარე უკანონო ოკუპაციას და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.“

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „დღეს, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყებიდან 18 წლის შემდეგ, შვედეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაცია საერთაშორისო სამართალს არღვევს“.

პოლონეთის საელჩო თბილისში: „საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-18 წლისთავზე, სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვგმობთ სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის ანექსიას“.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარები შეიჭრნენ საქართველოში. 18 წლის შემდეგაც კი, ოკუპაცია გრძელდება. საქართველოში, ისევე როგორც უკრაინაში, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და პატივი სცეს მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა