დინამო არენაზე სომხეთი 6:1 გავანადგურეთ და მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებას აღვნიშნავდეთ, ახლა იმაზე ვღელავთ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უეფასგან მკაცრი სასჯელი ელის.
საქმე ისაა, რომ დღევანდელი მატჩის დასრულების შემდეგ მოედანზე ასობით გულშემატკივარი უკონტროლოდ შეიჭრა. გარდა ამ დარღვევისა, მათ მეტოქე გუნდის მხარდამჭერების მიმართ გარკვეული ნივთებიც ისროლეს, რამაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ მკაცრი პასუხის გარეშე ჩაიაროს.
ყველაფერს ის ართულებს, რომ უეფასგან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გაფრთხილება და პირობითი დისკვალიფიკაცია უკვე ჰქონდა კიდევაც მიღებული. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ სომხეთთან დინამო არენაზე ტრიბუნების გარკვეული ნაწილი დახურული იყო და მათი შევსება დიდი ბანერების გაფენით მოგვიწია.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ პირობითი დისკვალიფიკაცია ალბანეთთან საშინაო შეხვედრისას მომხდარი ინციდენტების გამო მიიღო, როდესაც მაყურებელი მინდორზე შეიჭრა და გამოყენებულ იქნა პიროტექნიკა.
იმ დარღვევისას ფედერაცია გააფრთხილეს, რომ თუ მომავალი 2 წლის განმავლობაში მსგავსი რამ მოხდებოდა, მაშინ სასჯელი გამკაცრდებოდა და ნაკრები მომდევნო შეხვედრას განახევრებული ტრიბუნების თანხლებით ჩაატარებდა.
სამწუხაროდ, ამ უკანასკნელის შანსი ახლა ძალიან დიდია, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქეთთან სექტემბერში გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩის განმავლობაში ეროვნულ ნაკრებს დინამო არენაზე არა 50,000, არამედ 25,000 ადამიანი გაამხნევებს.
გარდა ამისა, მოსალოდნელია ფედერაციის ფულადი დაჯარიმებაც, რაც ალბანეთთან დარღვევების დროს ისედაც მოხდა.