გადაცემის პროდიუსერი ქეთი კაპანაძე, რედაქტორი ტუხა კვინიკაძე, თანაწამყვანი სოსო კაციტაძე, ჟურნალისტები თამარ მშვენიერაძე და ომარ წოწორია 13 მაისიდან სწორედ ამ მიზეზით გაათავისუფლეს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან.
რადიო თავისუფლება ცდილობს პირველი არხის პრესსამსახურთან დაკავშირებას. კომენტარის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
პირველი არხის ვებგვერდზე გადაცემა „რეალური სივრცე“ უკვე არქივში გადატანილი გადაცემის ჩამონათვალშია. აღწერიდან ამოღებული ყველა იმ თანამშრომლის ვინაობა, ვინც ამ დროის განმავლობაში გადაცემაზე მუშაობდა. დატოვეს მხოლოდ გურანდა გოგინაშვილი და მერი შიხაშვილი, რომლებიც დეკრეტულ შვებულებაში არიან და მათთვის კონტრაქტები არ შეუწყვეტიათ.
„წარმოუდგენელი შეთავაზებები გაუკეთეს, ტოლფასი რამ ხომ მაინც უნდა შეეთავაზებინათ?!. მიუღებელი იყო ის პირობები, რასაც „რეალური სივრცის“ თანამშრომლებს სთავაზობდნენ“, - უთხრა ნინო ზაუტაშვილმა რადიო თავისუფლებას. ის ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ გადაცემის წამყვანი იყო, თუმცა მასთანაც გაწყვიტა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თანამშრომლობა, ამ მიზეზით კი გადაცემის დახურვა გადაწყვიტა.
მაუწყებლის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის გადაწყვეტილებით, 11 აპრილს ნინო ზაუტაშვილთან ერთად კონტრაქტი შეუწყდა საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ წამყვანს, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს. მაუწყებელი აცხადებს, რომ ჟურნალისტების მხრიდან გამოვლინდა „საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით, ზემოაღნიშნულ თანამშრომელთა ნაწილმა სრულად ამოწურა დამსაქმებელთან საქმიანი და კონსტრუქციული ურთიერთობის რესურსი“.
ყველა ეს თანამშრომელი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს, აკრიტიკებდა პირველი არხის საინფორმაციო პოლიტიკას - მათი თქმით, არხი სრულფასოვნად არ ასახავს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ მიკერძოებაზე საუბარი კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური მას შემდეგ, რაც საქართველოში პროევროპული აქციები დაიწყო ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. არხი ზოგ შემთხვევაში არ აშუქებდა ტელევიზიასთან მიმდინარე პროტესტსაც კი.