„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ეჭვქვეშ დააყენა ევროკავშირში წევრობის სარგებელი, თუ ბლოკი გააუქმებს გადაწყვეტილების კონსენსუსით მიღების წესს, და აღნიშნა, რომ თუკი ეს ინიციატივა განხორციელდება, ევროკავშირი თანასწორ წევრთა გაერთიანებიდან დიდი სახელმწიფოების მიერ მართულ კავშირად გადაიქცევა, რაც პატარა ქვეყნებისთვის „კატასტროფული“ ცვლილება იქნება.
27 ივლისს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „სულ უფრო მყარდება შთაბეჭდილება“, რომ ევროპის დიდი ქვეყნები ევროკავშირის „მიტაცებას“ გეგმავენ, რაც „ფუნდამენტურ საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ ევროპის პოლიტიკურ წონასწორობას და გაფართოების პროცესს, არამედ იმ ღირებულებებსაც, რომლებზეც ევროკავშირი შეიქმნა და დღემდე მოვიდა“.
„გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესის გაუქმების გერმანულ ინიციატივას უკვე თორმეტი ქვეყანა შეუერთდა. თუკი ეს ინიციატივა განხორციელდა, ევროკავშირი, თითქმის გარანტირებულად, თანასწორ წევრთა გაერთიანებიდან დიდი სახელმწიფოების მიერ მართულ კავშირად გადაიქცევა“, – წერს პაპუაშვილი.
„ევროკავშირში წევრობა თვითმიზანი არ არის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა. „წევრობა არის საშუალება, რომ ქვეყანამ უფრო საიმედოდ დაიცვას საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები“.
პაპუაშვილის თქმით, პატარა სახელმწიფოებისთვის ამ შესაძლებლობის უმთავრესი გარანტია კონსენსუსის პრინციპია. „სწორედ კონსენსუსის წესი უზრუნველყოფს, რომ მცირე ქვეყნის ხმა არ დაიკარგოს დიდი სახელმწიფოების ინტერესებსა და უმრავლესობის არითმეტიკაში. ის პატარა სახელმწიფოს აძლევს უფლებას, დაბლოკოს მისთვის საზიანო გადაწყვეტილება და მოითხოვოს საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინება“.
„თუ კონსენსუსის პრინციპი გაუქმდება და გადაწყვეტილებების მიღება მთლიანად დიდი სახელმწიფოებისა თუ მყარი უმრავლესობების ნებაზე გახდება დამოკიდებული, პატარა ქვეყნები ამ ფუნდამენტურ ბერკეტს დაკარგავენ. ისინი ვეღარ შეძლებენ საკუთარი სასიცოცხლო ინტერესების დაცვას“, – წერს პაპუაშვილი.
„ასეთ შემთხვევაში ევროკავშირში გაწევრიანებით სუვერენიტეტის ნაწილის გაზიარებაზე კი აღარ იქნება საუბარი, რაც დღეს უფრო ფართო ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების მიზნების მისაღწევად ნებაყოფლობითი და დაბალანსებული არჩევანია. საუბარი იქნება რეალური სუვერენიტეტის თითქმის სრულ დაკარგვაზე“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ „ის დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულიდან გადაიქცევა გაცილებით დიდი პოლიტიკური სისტემის მცირე რეგიონად ან გუბერნიად“.
მართალია ასეთი ნაბიჯი მსხვილი სახელმწიფოებისთვის სასარგებლო იქნებოდა, პაპუაშვილის მტკიცებით, პატარა ქვეყნებისთვის ეს „კატასტროფული“ ცვლილება იქნება. მისი თქმით, სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: „რა აზრი აქვს წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ?“
პაპუაშვილის თქმით, თუ ქვეყანას ართმევენ შესაძლებლობას, მხარი დაუჭიროს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს და შეაჩეროს მისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღება, მაშინ „ევროკავშირსაც ართმევენ მის მნიშვნელობას, როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის საშუალებას“. „შესაბამისად, ქრება წევრობის პოლიტიკური ხიბლი და ფუნდამენტური მოტივაციაც“, – დასძინა მან.
„უფრო მეტიც, ასეთ პირობებში ევროკავშირის გარეთ დარჩენა შესაძლოა პატარა სახელმწიფოსთვის უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს, რადგან მას, სულ მცირე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება შეუნარჩუნდება“, – წერს პაპუაშვილი.
მისი თქმითთ, ამ დისკუსიის ერთ-ერთი ირიბი მიზანი სწორედ გაფართოების შეჩერებაა. „უკვე სულ უფრო ცხადი ხდება, რომ აღარავინ განიხილავს ახალი წევრების მიღებას იმ ევროკავშირში, რომელიც დღეს არსებობს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
„ამიტომ მთავარი კითხვა მხოლოდ ის კი არ არის, როდის მიგვიღებენ ევროკავშირში. მთავარი კითხვაა: რომელ ევროკავშირში გვთავაზობენ გაწევრიანებას, რა უფლებებით და რამდენად თანასწორი წევრის სტატუსით?“, – განაცხადა მან. „რადგან წევრობა, რომელიც ქვეყანას სახელმწიფოებრივ უფლებებს ართმევს და მათი დაცვის მექანიზმებს არ აძლევს, ინტეგრაცია კი არა, სუვერენიტეტის გაუქმებაა“.
This post is also available in:

1 week ago
20







English (US) ·
Georgian (GE) ·