„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება არჩევნებზე ორიენტირებული ახალი საგრანტო კონკურსით საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას ცდილობს. დასავლეთის მიმართ გაჟღერებულ ახალ ბრალდებაში, პაპუაშვილმა 6 აპრილს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ინიციატივა „ზუსტად იმავე მიზნებს ემსახურება, რასაც მანამდე ამერიკული დაფინანსება ემსახურებოდა“, რომელიც, მისი თქმით, „სხვა ქვეყნების ასარევად, ხელისუფლების ცვლილებების, დესტაბილიზაციისთვის იხარჯებოდა“.
პაპუაშვილის კომენტარს წინ უძღოდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის განცხადება 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ საქართველოს არაკომერციული ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსის გამოცხადების თაობაზე. პროგრამა ითვალისწინებს 100 000 ფუნტამდე გრანტს პროექტებისთვის, რომლებიც მხარს უჭერს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ამომრჩეველთა განათლების კამპანიების მეშვეობით, არასაკმარისად წარმოდგენილ ჯგუფებს შორის გაზრდილ მონაწილეობას და ადგილობრივ და საერთაშორისო დაკვირვებას არჩევნებზე.
თბილისში ბრიტანეთის საელჩომ, რომლის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა გრანტის შესახებ განცხადება, აღნიშნა, რომ მისი მიზანია მხარი დაუჭიროს საქართველოში ისეთი არჩევნების ჩატარებას, რომელსაც მაღალი სტანდარტი ექნება და რომელშიც საქართველოს მოსახლეობის ყველა ფენა შეძლებს საკუთარი აზრის გამოხატვას.
პაპუაშვილმა განაცხადა, რომ გრანტი იმ უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია, რომლის მიზანიც შეწყვეტილი ამერიკული დაფინანსებით გამოწვევული სიცარიელის შევსებაა. მისი თქმით, უცხოელი დონორები ევროპულ მხარდაჭერას საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად იყენებენ.
„ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა ეს მავნე პრაქტიკა და ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, შეწყვიტა ეს დაფინანსება“, – განაცხადა პაპუაშვილმა. „მაგრამ როდესაც სიცარიელე იქმნება, სხვა ძალები ყოველთვის ცდილობენ ამის შევსებას. და ეხლა არის მცდელობა, რომ შეავსონ გარკვეული ვაკუუმი, ჩაანაცვლონ ამერიკული ფონდები და რასაც ადრე აკეთებდნენ ამერიკული ფონდების მარჯვენა ხელით, ეხლა მარცხენა ხელით გააკეთონ ბრიტანული ან სხვა ევროპული ფონდებით“.
პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ეს არის კორუფციული გრანტი“ და დასძინა, რომ თანხები წინასწარაა გათვლილი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
„მე მაქვს დიდი ეჭვი, რომ ეს არის კორუფციული გრანტი,” – განაცხადა პაპუაშვილმა. „ყველა ძალიან კარგად ვხვდებით საბოლოო ჯამში ვის მისცემენ ამ ფულს. მე მაქვს ეჭვი, რომ ეს წინასწარ უკვე ცნობილია, რომ ეს თანხები უნდა მისცენ ISFED-ს და მსგავს მილიონერ ორგანიზაციებს“.
„ასე რომ, ესეც არის თვალთმაქცობა და კორუფცია, როდესაც წინასწარ ცნობილია შედეგი და თითქოს ღია კონკურენტული კონკურსი ცხადდება. ასე უნდათ, რომ მოატყუონ ქართული საზოგადოება, მათ შორის ბრიტანელი საზოგადოება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ გრანტისთვის წინააღმდეგობის გასაწევად კიდევ ერთი მიზეზი აქვს. „ეს ხომ არ არის არჩევნებზე გრანტის საკითხი“, – განაცხადა აქუბარდიამ „პალიტრა ნიუსთან“ საუბრისას. „ეს უკავშირდება ივანიშვილის რეჟიმის შიშს ბრიტანულ სანქციებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ დიდმა ბრიტანეთმა წამყვანი როლი იკისრა ქართველი ოფიციალური პირების დასანქცირებაში.
„გახსოვთ, რომ სანქციები წამოვიდა ბრიტანეთიდან და შემდეგ ამას მოყვა ამერიკული სანქციები. მათ ამ სანქციების უფრო მეტად ეშინიათ, ვიდრე ამერიკული სანქციების“, – განაცხადა აქუბარდიამ.
პაპუაშვილის ბრალდებებს წინ უძღოდა გაერთიანებული სამეფოს მიერ ორი მაღალი რანგის ქართველი მოსამართლის – მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის დასანქცირება. დიდმა ბრიტანეთმა ამის მიზეზად სერიოზულ კორუფციაში მათი მონაწილეობა დაასახელა, რაც სასამართლო დანიშვნებზე ზეგავლენის მოხდენას და მმართველი პარტიის სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღებას ისახავდა მიზნად.
ასევე წაიკითხეთ:
- 07/04/2025 – პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეას ესწრება
- 06/03/2025 – ირაკლი კობახიძე: ISFED-ი მოქმედებდა ისეთი ძალების დაკვეთით, რომლებსაც არ ჰქონდათ კეთილი ზრახვები საქართველოს მიმართ
- 19/12/2024 – გაერთიანებული სამეფო ქართველ მაღალჩინოსნებს, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრს სანქციებს უწესებს
This post is also available in: English (ინგლისური)