ოპოზიციური კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპული ინტეგრაციის გენერალური დირექტორატის გაუქმებასა და რეორგანიზების მოტივით, 250-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. გეგელიას თქმით, სამინისტროს იმ თანამშრომლების გათავისუფლება იგეგმება, რომლებმაც გასული წლის ბოლოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების თაობაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გააკრიტიკეს.
„ამ მოქმედებით, ბოროტმოქმედმა რეჟიმმა უკვე ფორმალურად, დეკლარირებულად განაცხადა, რომ ევროპული ინტეგრაცია აღარ წარმოადგენს ამ საგარეო სამინისტროს პრიორიტეტს, და შესაბამისად, აღარ იმსახურებს დირექტორატის დონის სტრუქტურულ ერთეულს სამინისტროში“, – განცხადა გეგელიამ. მან ეს გადაწყვეტილება „ქართული დიპლომატიის კიდევ ერთი დიდი კრახად“ შეაფასა.
გეგელიამ ასევე აღნიშნა, რომ სამინისტრომ 250 თანამშრომელს უპირებენ გათავისუფლებას, რაც თანამშრომლების 30-40%-ია. მან ეს გადაწყვეტილება „ერთ დროს უმნიშვნელოვანესი სამინისტროს მოსპობის მცდელობად“ შეაფასა.
ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ყოფილმა მდივანმა, გიორგი კობახიძემ, „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ იგი ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერ პეტიციაზე ხელმოწერის გამო გაათავისუფლეს.
ქართულმა მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს შიდა წერილი, რომელიც, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, სამინისტროს თანამშრომლებს გაუგზავნა. წერილის თანახმად, ამ რეფორმის პირველი ფაზა გულისხმობს სამინისტროს რეორგანიზაციას, რაც მოიცავს მისი ცენტრალური ოფისისა და საზღვარგარეთ დიპლომატიური მისიების სტრუქტურის ცვლილებებს. წერილის თანახმად, გაიხსნება ახალი დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო სამსახურები; შეიქმნება 4 პოლიტიკური დირექტორატი, რომელიც გააერთიანებს 10 დეპარტამენტს და 25 სამმართველოს. საგარეო საქმეთა მინისტრის ახალი სტრუქტურა ძალაში წელს 1 ივლისიდან შევა.
„სამოქალაქო საქართველომ“ საგარეო საქმეთა სამინისტროს რეორგანიზაციის შესახებ კომენტარი სთხოვა. საპასუხოდ, სამინისტრიმ განაცხადა: „გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამინისტროში უქმდება ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი არ შეესაბამება სიმართლეს. რეფორმის შედეგად, შეიქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, იგი გააერთიანებს ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს. თავის მხრივ ევროინტეგრაციის დეპარტამენტში შეიქმნება 4 სამმართველო, რომელიც მოემსახურება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგს. დირექტორატის შექმნა დამატებით შეუწყობს ხელს ხსენებული ამოცანების შესასრულებლად ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების ეფექტიან კოორდინაციას“.
29 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნეს, რომ გაფართოების ფანჯარა, რომელიც ახლა ღიაა, შესაძლოა აღარასდროს გაიხსნას და თუ საქართველო ამ გზაზე გაჩერდება, მას იზოლაციის საფრთხე ემუქრება.
წერილში კიდევ ერთხელ დადასტურდა თანამშრომლების ერთგულება საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და კონსტიტუციის მიმართ. მასში ხაზგასმულია, რომ ქართველი დიპლომატები დიდი ხანია მუშაობდნენ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ქართველი ხალხის ნებისა და ისტორიული არჩევანის შესაბამისად. მათი თქმით, გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილება „არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს“.
აპრილში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2024 წლის დეკემბრიდან, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან პოლიტიკური ნიშნით 700 საჯარო მოხელე გაათავისუფლეს, რომელთაგან ბევრმა საჯაროდ გააპროტესტა „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილება. თავდაცვის სამინისტროში გათავისუფლებების შესახებ ინფორმაციამ ასევე გააჩინა შეშფოთება ფართომასშტაბიანი პოლიტიკური წმენდის შესახებ.
ასევე წაიკითხეთ:
- 02/12/2024 – კობახიძე საკადრო წმენდაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საჯარო სამსახური „თვითწმენდის რეჟიმზეა გადასული“
- 01/12/2024 – საქართველოს საჯარო მოხელეების განცხადება
- 29/11/2024 – განათლების სამინისტროს თანამშრომლები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას გაემიჯნენ
- 29/11/2024 – თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნებიან
This post is also available in: English