ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტმა, რუსეთის ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურთან (FSB) და რეგიონის ე.წ. საგარეო დაზვერვის სამსახურთან კოორდინაციით, ადგილობრივი მამაკაცი დააკავა, რომელიც ქართული სპეცსამსახურებისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაშია ეჭვმიტანილი, იტყობინება ადგილობრივი საინფორმაციო საშუალება „რესი“.
უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ოკუპირებული ჯავის რაიონის 51 წლის მკვიდრი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, 21 აპრილს დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით აღიძრა, რაც სახელმწიფო ღალატს გულისხმობს. დანაშაული ათიდან ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უშიშროების კომიტეტის თქმით, მამაკაცს, რომელიც „სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომელია“, „მყარი კონტაქტები“ ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან (სუსს) და, სავარაუდოდ, მას გადასცემდა ინფორმაციას ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განლაგებული რუსული სამხედრო კონტინგენტების, სპეციალური სამხედრო ოპერაციის [უკრაინა] ზონაში მათი გადაადგილების და რეგიონის „შიდა პოლიტიკური სიტუაციის“ შესახებ.
„ბრალდებულმა აღიარა დანაშაული უკანონო ქმედებებში და აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან“, – განაცხადა კომიტეტის პრესსამსახურმა. მისი თქმით, მიმდინარე საგამოძიებო ოპერაციის დროს იდენტიფიცირებულია ოკუპირებული რეგიონის კიდევ ხუთი მკვიდრი, რომლებიც კონტაქტში იყვნენ სუს-თან და, სავარაუდოდ, გადასცემდნენ ინფორმაციას, თუმცა არასაიდუმლოს, რეგიონში სოციალურ-პოლიტიკური ვითარების შესახებ. სისხლისსამართლებრივი დევნისთვის საჭირო საკმარისი მასალების არარსებობის გამო, „ხუთი პირი ოფიციალურად გააფრთხილეს ისეთი ქმედებების წინააღმდეგ, რომლებიც ქმნის პირობებს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით (სახელმწიფო ღალატი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის“.
მსგავსი ტიპის ბოლო, საჯაროდ გახმაურებული ინციდენტი 2008 წლის თებერვალში მოხდა, როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ ჩრდილოეთ ოსეთში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მკვიდრის, მარტინ ძაგოევის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მას ბრალად ედებოდა ქართული სპეცსამსახურების მიერ გადაბირება სეპარატისტულ რეგიონში ტერორისტული აქტების განსახორციელებლად. ძაგოევმა, სავარაუდოდ, აღიარა, რომ თანამშრომლობდა ქართულ დაზვერვასთან.
ასევე წაიკითხეთ: