ოდესა, დნეპროპეტროვსკი, პოლტავა - რუსეთმა უკრაინაზე დრონებით მორიგი შეტევა მიიტანა

4 months ago 28

რუსეთის ჯარებმა 28 მარტს, შუაღამის შემდეგ უკრაინაზე იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დნეპროპეტროვსკის ოლქში დრონებით შეტევას ნგრევა მოჰყვა აგრარული საწარმოს ტერიტორიაზე. ქალაქ დნეპრის რაიონში დაზიანებულია ინფრასტრუქტურის ობიექტი. კონკრეტულად რომელი, საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია არ ასახელებს.

პოლტავის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დრონებით მასირებული შეტევა იყო სამრეწველო ზონაში მდებარე სამოქალაქო ობიექტებზე. ექვს სხვადასხვა ადგილზე დაზიანებულია საწყობები, ადმინისტრაციული შენობა და ერთ-ერთი საწარმოს ტრანსფორმატორი. 2500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩენილი ხანძარი გამთენიისას ჩააქრეს. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობითვე, არავინ დაშავებულა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად ოდესის ოლქში დაზიანებულია კერძო სახლები. დაშავდა ერთი ადამიანი.

უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ იუწყება რუსეთიც.

თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 28 მარტს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, ღამის განმავლობაში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 78 უპილოტო საფრენი აპარატი. მათ შორის 32 - ვორონეჟის ოლქში, 19 - სარატოვის ოლქში, 17 - კურსკში, 6 - ბელგოროდის ოლქში, 2 - ლიპეცკში, 1 - როსტოვის ოლქში და 1 - ტამბოვში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხმელეთზე შედეგების შესახებ არაფერს ამბობს.

სრულად წაკითხვა