ნინო ხარატიშვილი თეატრალურ უნივერსიტეტზე: “შევიპარე!”

2 months ago 23

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ მწერალი ნინო ხარატიშვილი საქართველოს თეატრალურ უნივერსიტეტში 3 წელი სწავლობდა:

“მე 3 წელი ვსწავლობდი თეატრალურ უნივერსიტეტში. ძალიან მიყვარს ის დროც და ის ადამიანებიც, ვინც მაგ პერიოდმა შემძინა. მიუხედავად იმისა, რომ კინო რეჟისურაზე ვსწავლობდი და კამერაც კი არ არსებობდა, ცოდნაზე და პრაქტიკაზე ხომ ზედმეტია საუბარი. გამორჩეული პედაგოგების სინდისზე იდგა ყოველთვის ეგ ინსტიტუცია, სისტემა კი ოდითგანვე ჩამპალი იყო…

ყველა ცვლილების და ტრანსფორმაციის წყურვილს ჩემი მხრიდან: “ოოო, დაიკიდე რა!” “მაინც ვერაფერს შეცვლი” ხვდებოდა პასუხად და მეც რაღაც მომენტში შევეგუე, რომ მე პირადი ძალებით და რამოდენიმე სინდისიერი და პროფესიონალი პედაგოგის დახმარებით თუ შევიძენდი რაიმე ცოდნას…

(მერე წავედი და გერმანიაში გავაგრძელე სწავლა, თუმცა სიტყვა “გავაგრძელე” ხმამაღალი ნათქვამია. აღმოვაჩინე, რომ არაფერი ვიცი და ნოლიდან დავიწყე…)

12 თუ 13 წლის წინ გოეთე ინსტიტუტმა მიმიწვია თეატრალურ უნივერსიტეტში პატარა ვორქშოფის ჩასატარებლად: დრამის რეჟისორებისა და მსახიობებისთვის. მივწერე უნივერსისტეტს და გავუგზავნე მასალები, რაც უნდა მიეწოდებინათ სტუდენტებისთის, რომ 1 კვირის მანძილზე შეგვძლებოდა ინტენსიური მუშაობა. დასტურიც მოვიდა და მეც სიხარულით ჩავფრინდი თბილისში: ჩემს ყოფილ ალმა მატერში მისასვლელად.
მივედი. მიუხედავად იმისა, რომ წლები იყო გასული, რაც მე იქ აღარ ვსწავლობდი, უცვლელი სიტუაცია დამხვდა: „ყავის მოდუღება,“ გაყინული აუდიტორიები, „პლიტა,“ ჭორაობა და რაღაცნაირი უჰაერობის სუნი. ამავდოურლად აღმოჩნდა, რომ არავინ არაფერი იცის, უფრო, რომ დავაზუსტო: არ სურთ იცოდნენ. ჩემი აღშფოთების მიუხედავად, რომ ამხელა გზაზე ჩამოვედი და თან ჩემი მხატვარიც ჩამოვიყვანე, გამომიცხადეს, რომ ვერაფრით დამეხმარებოდნენ და უნდა წავსულიყავი იმიტომ, რომ სტუდენტებს ლექციები ჰქონდათ და ვორქშოფისთვის ვერ გაანთავისუფლებდნენ. გაოგნებული ვიდექი და ვფიქრობდი რა უნდა მექნა. ამხელა გზა გავიარეთ, შრომა და დრო ჩავდეთ და სრულიად ფუჭად. ამის გაცნობიერებამ ისე გამაბრაზა, რომ დაველოდე, სანამ არ მიიჩნიეს, რომ წავედი, დაველოდე შენსვენებას და მერე ფაქტიურად კონსპირატიულად მივაწოდე სტუდენტებს ამ ვორქშოფზე ინფორმაცია და ვთხოვე გაევრცელებინათ. მერე ფარულად შევიპარე და „დავიკავე“ ცარიელი აუდიტორია და დავიწყე ლოდინი. მეგონა ვერავინ მოვიდოდა იმიტომ, რომ მათ თავად მითხრეს, რომ აეკრძალათ ლექციების გაცდენა. რომ ქალბატონმა, რომელთანაც მე მთელი ეს დრო ვიყავი ხაზზე, მუქარაც კი გამოთქვა თუ ჩემთან მოვიდოდნენ…

დავჯექით მე და ჩემი მხატვარი ამ არალეგალურად „დაკავებულ“ აუდიტორიაში და დავიწყეთ ლოდინი. სულ მალე აუდიტორია შეივსო: მსახიობებით და დრამის რეჟისორებით. გადასარევი ახალგაზრდებით, რომლებსაც გაცნობიერებული ჰქონდათ ის, რაც მე წლების წინ: რომ მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით თუ შეძლებდნენ ინფორმაციის მიღებას და პროფესიულ წინსვლას. რომ ეს სისტემა, რაშიც ისინი ოდესღაც მიილტვოდნენ ყოფნას, სწავლას, განვითარებას, პროფესიის შეძენას – არა თუ არ დაეხმარებოდა მათ საწადელის მიღწევაში, არამედ ყველა ხერხს იხმარდა, რომ ეს არ მომხდარიყო. იმიტომ, რომ ოდნავი პროფესიონალიზმის გამოვლინებაც კი, თანამედროვე მეთოდიკის ნატამალიც კიდე უფრო მეტად გამოიტანდა სააშკარაოზე ამ სისტემის ჩამყაყებულობას, რეგრესიულობას და წარსულის კერპებით ტრფობას.

არსებული სისტემის მთავარი იდეა არის მხოლოდ და მხოლოდ შენარჩუნება და არავითარ შემხვევაში განვითარება!

მხოლოდ ამ ახალგაზრების ინტერესმა და სიმამაცემ შეგვაძლებინა ძალიან საინტერესო, ინტენსიური დღეების ერთად გატარება, აზრთა გაცვლა- გამოცვლა და ნაწყვეტების დადგმაც კი. მე, კი, რომ „კანონი არ დამერღვია“ და არ შევპარულიყავი იმ აუდიტორიაში ვერ შედგებოდა ეს შეხვედრა. „კანონის დარღვევა“ კი მაიძულა თავად არსებულმა სისტემამ.

ის კანონი, რომელიც „ირღვევა“ იმისთვის, რომ განათლება მიიღო, კუთვნილი ცოდნა მოგეცეს, აზრის გამოთქმის უფლება გქონდეს და პროფესიულად განვითარდე: ვერ არის მთლად კანონიერი და უ ნ დ ა შეიცვალოს!!!!!

ეს იგივე „კანონია“, რაც ამ სტუდენტებს 80 დღის მანძილზე ფოეში ცხოვრებას აიძულებდა, ის „კანონი,“ რომლის გამოც ისინი დააჯარიმეს, ის „კანონი,“ რომელიც მათ უღობავთ ყველანაირი განვითარების გზას, რომელიც არ უტოვებთ არჩევანს! ეს იგივე „კანონია“ რომელიც მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ სისტემა დარჩეს უცვლელი, რომ იმ უჰაერობაში და იმ რეგრესში დარჩეს ყველა, ვისაც ალალად სურს მისთვის საყვარელი პროფესია შეისწავლოს და მერე საკუთარი საქმით ემსახუროს მის ქვეყანას.

სტუდენტებზე დიდი ძალა არავის არ აქვს! იმიტომ, რომ ისინი არიან ამ ქვეყნის მომავალი. და ლექტორებო, პედაგოგებო, რექტორებო, რომლებიც ახლა არ უდგახართ გვერდში თქვენს სტუდენტებს: იცოდეთ, ბოლოს მარტო დარჩებით თქვენს ნესტიან აუდიტორიებში, აღარ მოვა არავინ და ვეღარავის გაუზიარებთ თქვენს ცოდნასაა თუ გამოცდილებას. დარჩებით თქვენი კოლეგების და „პლიტების“ ამარა და მოგიწევთ მეტი ძალისხმევის გამოყენება იმ ილუზიის შესაქმნელად, რომ დრო გაჩერდა…. მაგრამ დრო არ გაჩერებულა. დრო არ ჩერდება. დრო: მარად ტრანფორმაციას, ცვლილებას, განვითარებას ნიშნავს!

ჩემი სტუდენტობის დროს, თუ ბევრი თანასტუდენტი „ოოო, დაიკიდე“-ს მეუბნებოდა, წლების მერე ლექციებიდან მუქარის მიუხედავად გამოიპარნენ და მოვიდნენ ახალი გამოცდილების წყურვილით, ახლა კი ან ქუჩაში დგანან, ან ფოიეში წვანან და იბრძვიან იმ უფლებებისთვის, რომელთა არსებობა არ უნდა მიიჩნეოდეს „არალეგალურად.“
სანამ ამ ქვეყანაში განათლების მიღების წყურვილი „არალეგალურია,“ სანამ თვითგამოხატვის უფლება „არალეგალურია,“ სანამ პროგრესისკენ სწრაფვა „არალეგალურია,“ სანამ პროფესიონალიზმი „არალეგალურია,“ სანამ დროისთვის ფეხის აყოლა „არალეგალურია,“ სანამ სოლიდარობა, თანადგომა, მოქალაქეობრივი პრინციპულობა, სანამ კანონი და კანონის წინაშე ყველას თანასწორობა „არალეგალურია,“ სანამ კანონის დარღვევის მხილება „არალეგალურია,“ სანამ ძალადობის დაუსჯელობა „არალეგალურია,“ სანამ სოციალური უსამართლობის, უდანაშაულო ადამიანების ციხეში ჯდომის, სანამ აღვირახსნილი სოციალური ჩაგვრის გაპროტესტება „არალეგალურია,“ სანამ ადამიანობაა „არალეგალური,“ იქამდე „დავიკავებთ“ აუდიტორიებსაა თუ ფოეს, ქუჩებსაა თუ შენობებს და ვიქნებით „არალეგალურები!“

სოლიდარობა თეატრალური უნივერსიტეტის და ყველა პროტესტში მყოფ სტუდენტს!”

სრულად წაკითხვა